შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: ჯიხაშკარული ანეკდოტი

შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: ჯიხაშკარული ანეკდოტი


   

    გაეროს დამკვირვებლების დატყვევებასთან დაკავშირებული ტრაგიკომედია, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, როგორც იტყვიან, «ჰეფი ენდით» დასრულდა.
    ჯემალ გახოკიძის განცხადებით, ტერორისტთა ხელმძღვანელი გოჩა ესებუა და მისი ორი თანამოაზრე «მიიმალნენ».
    არადა, სწორედ ეს სამი პიროვნება (სხვა ათი ჯიხაშკარელი ტერორისტისაგან განსხვავებით) იმხილება 9 თებერვლის ტერაქტშიც. როგორც ჩანს ხელისუფლებამ ნება დართო ესებუას, «აორთქლებულიყო» იმ მოტივით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს რაიმე არ დაშავებოდათ. სარწმუნო წყაროს ცნობით, ამის თაობაზე გახოკიძემ და ესებუამ ჯერ კიდევ ორშაბათს მოილაპარაკეს.
    დანარჩენმა ტერორისტებმა კი ხელისუფლების ლმობიერების გარანტია მიიღეს; რა თქმა უნდა იმ პირობით, თუ მათ მართლაც არა აქვთ პირდაპირი კავშირი შევარდნაძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან.
    არ არის გამორიცხული, ესებუას მიეცა «ორი დღე გასაქცევად», ანუ მორატორიუმი მის სასტიკ დასჯაზე დროში შეუზღუდავია. ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში ის ტერორისტები აღმოჩნდნენ, ვინც ესებუასთან ერთად არ «აორთქლდნენ» სამშაბათს და ერთადერთ მძევალს, ჩეხ კულიშეკს დარაჯობდნენ. დანარჩენი სამი ტერორისტი ესებუამ ნელ-ნელა ჩააბარა უშიშროების მინისტრს. ამ უკანასკნელმა, უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ ოსტატურად წარმართა მოლაპარაკება და პრეზიდენტის მთავარი მითითება შეასრულა: ჯიხაშკარში (სამეგრელოში) სისხლი არ დაიღვარა, მძევლები გადარჩნენ, თუმცა საყურადღებოა გახოკიძის სიტყვები:. ძალის გამოყენებას შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მოჰყოლოდაო. მაშასადამე, მაინც იყო საშიშროება, რომ სისხლისღვრას გარკვეული ექსცესები გამოეწვია სამეგრელოს სხვა რეგიონებშიც.
    ჩეხი კულიშეკი კი «პროფესიონალ ტერორისტებს» ადვილად გაექცა და იმდენი ირბინა, შუაღამემდე ვეღარ პოულობდნენ. საოცარია, მაგრამ მას საკუთარი რაციაც აღმოაჩნდა, რომლითაც ზუგდიდის ოფისს ტყიდან დაუკავშირდა - ნუ გეშინიათ, საღ-სალამათი ვარ, ტყეში დავიკარგე და მალე მოგაგნებთო;
    ტრაგიკომედია მართლაც ის იქნებოდა, «ნაგიჟარ ზვიადისტებსა» და უშიშროების «სპეცნაზს» გადარჩენილი, დათვს რომ შეეჭამა ჯიხაშკარის ტყეებში! საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ამრიგად, 9 თებერვალს დაწყებული დრამა დასრულდა ყველაზე უკეთესი შედეგით, რაც კი შეიძლებოდა კაცს წარმოედგინა - ტერორისტთა უმრავლესობა დაპატიმრებულია, მძევლები გაათავისუფლეს, სამეგრელოში სისხლი არ დაღვრილა.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რა ამოძრავებდათ «ესებუისტებს». მათ უმრავლესობას შევარდნაძეზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. მაგრამ რაკი თავდასხმის ორგანიზატორები ძირითადად «ზვიადისტები» აღმოჩნდნენ, თანაც ლოთი ქობალიას შეიარაღებული ფორმირების წევრები, ესებუას რაზმელებს შეეშინდათ, რომ მათაც «მეხუთე იზოლატორში» მოათავსებდნენ;
    შესაძლოა, ესებუა მალავდა ან უარყოფდა საკუთარ როლს 9 თებერვლის მოვლენებში, მაგრამ უშიშროების სამინისტრო დაჟინებით ამტკიცებს, რომ იგი შევარდნაძეზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია. სად იმყოფება ამჟამად ესებუა, არავინ იცის. შესაძლოა იგი წალენჯიხის ტყეებში იმალება ან გროზნოში გაქცევა მოასწრო. ასეა თუ ისე, ისტორია დასრულდა.
    ტერორისტები თვლიან, რომ თავიანთი მისია შეასრულეს - თბილისში დაიწყო მოლაპარაკება ექსპრეზიდენტის მომხრეებსა და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის; ოღონდ უმალვე გაირკვა, რომ ნემო ბურჭულაძე და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სინამდვილეში არავის წარმოადგენენ.
    ისინი ერთდროულად მოღალატეებად გამოაცხადა «ზვიადისტური» მოძრაობის ორივე ფრთამ - როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ასევე პროფესორმა კიკაჩეიშვილმა. საყურადღებოა, რომ ორივენი უზენაესი საბჭოს ნამდვილ თავმჯდომარედ ამჟამად პარიზში მცხოვრებ ბიძინა ჩოლოყაშვილს ასახელებენ.
    აქ ორი სიმბოლური მოტივია: ნემო ბურჭულაძე არ მოსწონთ და მოღალატედ აცხადებენ, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოსკოვში ცხოვრობს. პარიზი კი სხვა შინაარსისა და დატვირთვის შემცველია. პარიზი ყოველთვის ქართული (და არა მხოლოდ ქართული) ემიგრაციის «ნავსაყუდელი» იყო. გარდა ამისა, «ბიძინა ჩოლოყაშვილიც» კარგად ჟღერს; ამიტომ «ზვიადისტებმა» რუსი ბიზნესმენის, ნემო ბურჭულაძის ნაცვლად, რომელსაც საქართველოსთან 1992 წლის შემდეგ მოგონებების გარდა, ალბათ, აღარაფერი აკავშირებს, ბიძინა ჩოლოყაშვილი აირჩიეს, ვისაც დიდებული გვარ-სახელი მაინც აკავშირებს სამშობლოსთან.
    მთელი ამ ისტორიიდან გამარჯვებული უდავოდ ხელისუფლება გამოვიდა, ვინაიდან მძევლებს არაფერი დაუშავდათ, 15 ტერორისტი დაკავებულია და სამეგრელოში არეულობა არ დაიწყო (ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო).
    მოსკოვიც კი, რომელსაც სამეგრელოდან ახალი მართვადი ქაოსის» აგორების იმედი ჰქონდა, იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მერიდიანი, 27 თებერვალი, 1998 წ.