შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: «ძალოვანთა» იმპიჩმენტი არარეალური ხდება

  

    მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტართა დიდი ნაწილი (მათ შორის, ელენე თევდორაძეც) ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა (შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების, აგრეთვე გენერალური პროკურორის) გადადგომას მოითხოვს სესიაზე, საეჭვოა ეს საკითხი «ძალოვანთა» საწინააღმდეგოდ გადაწყდეს
    ჯერ ერთი, პარლამენტს კონსტიტუციით არ მიენიჭა უშუალოდ მინისტრებისათვის უნდობლობის გამოცხადების უფლება. არსებობს მხოლოდ «იმპიჩმენტის» მექანიზმი, ანუ პარლამენტს შეუძლია განიხილოს მინისტრთა დანაშაულებრივი უგერგილობის საკითხი 9 თებერვლის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით.
    უგერგილობაც დანაშაულია, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა. მაშასადამე, ფორმალური მიზეზი იმპიჩმენტისა მაინც არსებობს, მაგრამ ეს იმდენ სირთულესთანაა დაკავშირებული - საეჭვოა, საკანონმდებლო ორგანომ ასეთი აქცია განახორციელოს; ჯერ ერთი, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უეჭველად არგუმენტად მოიშველიებენ იმ ფაქტს, რომ მათ უმოკლეს ვადაში (ორ-სამ დღეში) გახსნეს დანაშაული და ეჭვმიტანილები დააპატიმრეს. გარდა ამისა, თუ საქმე მაინც მიდგება იმპიჩმენტზე, ისინი აუცილებლად შეეცდებიან გამართონ კამათი დამნაშავე სუბიექტის თაობაზე.
    შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, სამივე სტრუქტურა (პლუს სამთავრობო დაცვა) ერთნაირად იყოს პასუხისმგებელი. შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ სატელევიზიო გამოსვლისას ზოგიერთ კითხვას იმთავითვე გასცა პასუხი. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან (რომელიც ტერაქტის ადგილიდან სულ ახლოს იმყოფება) სპეციალური დანიშნულების რაზმი შემთხვევის ადგილზე არ მივიდა, ვინაიდან იქ 5-6 წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო. პრეზიდენტი უკვე კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, ამდენად, პოლიციის «სპეცნაზი» რეზიდენციის გარშემო განლაგდა. რაც შეეხება პრეზიდენტის ესკორტის მარშრუტზე კონტროლს, თარგამაძემ თავის კოლეგებზე მიანიშნა და განაცხადა: ეს არ იყო პოლიციის საქმე - თუ არ ჩავთვლით საგზაო პოლიციას, რომლის ფუნქცია საავტომობილო გზის გათავისუფლებით ამოიწურება; გარდა ამისა, თარგამაძის პოლიცია არ იყო ვალდებული ქალაქის ცენტრალური ქუჩები მძიმე ტექნიკით გადაეკეტა; მისი აზრით, საკმარისია ქალაქიდან გასასვლელთა ბლოკირება.
    ეს დებულება კი ნამდვილად საკამათოა.
    როგორც აღმოჩნდა, დივერსანტები თბილისშივე დაიმალნენ კონსპირაციულ ბინაში ანუ მათ ქალაქის დატოვება არ უცდიათ - საკმარისი იყო პოლიციას სულ ათამდე საკვანძო მოედანი გადაეკეტა (თბილისის ქუჩათა განლაგება ისეთია, რამდენიმე ასეთი სატრანსპორტო მოედნის გაუვლელად ვერაფრით მოხვდები ერთი რაიონიდან მეორეში) და დივერსანტების დაკავება უმალვე შესაძლებელი გახდებოდა.
    თუმცა, საბოლოოდ ერთ-ერთი ტერორისტი სწორედ სატრანსპორტო პოლიციამ დააკავა; მაშასადამე, მთლიანობაში ტერაქტის შემდეგ პოლიციამ თავისი საქმე, ასე თუ ისე, გააკეთა. რაც შეეხება თვით თავდასხმის თავიდან აცილებას, ანუ პროფილაქტიკას, თარგამაძე თვლის, რომ ეს უფრო სხვა უწყებებს უნდა მოეკითხოთ - კერძოდ, უშიშროების სამინისტროს და სამთავრობო დაცვას.
    თავის მხრივ, ჯემალ გახოკიძე იშველიებს ბოლო დროს უშიშროების სისტემის გარშემო შექმნილ მდგომარეობას: ლუსტრაციის კანონის მოთხოვნით პარლამენტარებმა დააშინეს აგენტები და სპეცსამსახურს უჭირს წინასწარი პროფილაქტიკური მუშაობის წარმოება.
    ეს განცხადება უეჭველად შეეხება გენერალურ პროკურორს, რომელმაც დისკუსიაში სრულიად ახალი ნოტა შემოიტანა - აქაოდა, პრესის თავისუფლება საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაციას იწვევს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმისათვის.
    ამ ლოგიკით ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს «ნოყიერი ნიადაგი» ტერორიზმისათვის.
    ამრიგად, «ძალოვნები» მზად არიან პარლამენტთან საპაექროდ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი იმპიჩმენტის საკითხი («მოვალეობის შეუსრულებლობისათვის») საკანონმდებლო ორგანოში არ დაისმება: ელენე თევდორაძესა და სხვებს იმ არგუმენტით «გააჩუმებენ», რომ მიმდინარეობს გამოძიება, პირველი ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულები არიან, არსებობს სამხილები და გამოძიებას ხელი არ უნდა შეეშალოს, ანუ საკითხი გადაიდოს გამოძიების შედეგთა გაცნობამდე. შედეგები კი იმდენად «ტრიუმფალური» იქნება, ძალოვანთა იმპიჩმენტი ყველას დაავიწყდება.

მერიდიანი, 18 თებერვალი, 1998 წ.