შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: კვირაიამ სულზე გაასწრო

შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: კვირაიამ სულზე გაასწრო

 

    მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების სამინისტროს სპეციზოლატორს კიდევ 6 ტერორისტი დაემატა, საეჭვოა, ამ უკანასკნელთა სასამართლო პროცესმა ისეთივე ჟღერადობა შეიძინოს, როგორც «მხედრიონელთა» სასამართლომ.
    ჯაბა იოსელიანის სამსჯავრო მაინც დარჩება «საუკუნის პროცესად». ამრიგად, მხედრიონელთა გამოსვლები ნამდვილად უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ზვიადისტთა განცხადებები. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ მხედრიონელები უმთავრეს სამიზნედ შოთა კვირაიას ირჩევენ. ეს ტენდენცია გაძლიერდება 9 თებერვლის შემდეგ. შესაძლოა, ტერორისტებთან უშიშროების ყოფილი მინისტრის კავშირზე მხედრიონელებმა არაფერი თქვან (ეს მეტისმეტი იქნებოდა), მაგრამ ყურადღების აქცენტირებას ამ ფიგურაზე სულ უფრო მკვეთრად გააკეთებენ.
    მით უმეტეს, თვალნათელია, რომ შოთა კვირაიამ «დროზე გაასწრო». დღეს რომ იგი უშიშროების მინისტრი ყოფილიყო, მხედრიონელთა არგუმენტაციას, მათ მიერ გამომზეურებულ ფაქტებს (ზუგდიდში მარადიორების დახვრეტა, უკანონო დაპატიმრებები და სხვა) უფრო მეტი ძალაც მიეცემოდა. ამავე დროს, შოთა კვირაია სულაც არ წასულა პოლიტიკური სცენიდან _ იგი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილ «უშიშროების საბჭოში». ამ ორგანოს კი პრეზიდენტი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ აფხაზეთიდან რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე გადამწყვეტი სიტყვა სწორედ უშიშროების საბჭომ თქვა და ამ ორგანოს განცხადების შემდეგ სამშვიდობო ჯართა გაძევება ენგურის აუზიდან დღის წესრიგში საერთოდ აღარ იდგა. კვირაიას საბოლოოდ მოშორება პრეზიდენტს არ სურდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, კვირაიას მის წინააღმდეგ დანაშაული არ ჩაუდენია (ჩვენში ტრადიციულად განმსაზღვრელი კრიტერიუმია კონკრეტული პიროვნების შეფასებისა). გარდა ამისა, შოთა კვირაიას «რაუნდებმა» მნიშვნელოვანწილად განამტკიცეს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება და აღკვეთეს «უკონტროლო ბანდების თარეში».
    ამდენად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის საერთოდ გაძევებას შეიძლებოდა სხვა ელფერი და ახსნა მისცემოდა. კიდევ ერთი მიზეზი იყო ოპოზიციის მეტისმეტად გაძლიერების შესაძლებლობა, რაც, რასაკვირველია, ედუარდ შევარდნაძეს სულაც არ ეპიტნავება. შოთა კვირაია ოპოზიციის (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის) მოთხოვნითა და პარლამენტში იმპიჩმენტის გამოცხადების მუქარით იქნა მოხსნილი. პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ შეეძლო ოპოზიციის მოთხოვნა არ შეესრულებინა იმ მოტივით, რომ შოთა კვირაიას უშუალოდ არც მიუძღვის ბრალი «სატელეფონო მოსმენებში». დღეს ნათელია, რომ შევარდნაძემ მაშინაც ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილება მიიღო. თვით შოთა კვირაიაც მისი მადლიერი უნდა იყოს, თორემ პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ირინა სარიშვილმა უკვე განაცხადა: «მხედრიონელებთან ერთად კვირაიაც უნდა იჯდესო». სხვა შემთხვევაში მინისტრის წინააღმდეგ ასეთივე განცხადება სულ სხვა ჟღერადობას შეიძენდა.

მერიდიანი, 20 თებერვალი, 1998 წ.