შევარდნაძეზე თავდასხმის საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუცნობია

შევარდნაძეზე თავდასხმის საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუცნობია

 

    ერთი წლის წინ, 1995 წლის 29 აგვისტოს, თბილისში მოხდა თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურზე. ეს ტერორისტული აქტი უეჭველად შევა საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ჯერჯერობით მოქმედებს არა ისტორიული, არამედ ლოკალური კონიუნქტურა, რომლის თანახმად, ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი, სულისჩამდგმელი და იდეოლოგი უშიშროების მაშინდელი შეფი, იგორ გიორგაძე იყო.
    29 აგვისტოს, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ემზადებოდა საზეიმოდ აღენიშნა კონსტიტუციის მიღება მოსწავლეთა სასახლეში; მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც იგი სასახლეში იკრიბებოდა, აფეთქდა პარლამენტის თანამშრომელთა მიერ დამონტაჟებული «ჯოჯოხეთის მანქანა». საქმე ის გახლავთ, რომ მოსწავლეთა სასახლეში შეკრებილ პოლიტოკრატიას მნიშვნელოვანი ფენა აკლდა: «მხედრიონელები» ამ ზეიმში არ მონაწილეობდნენ. რაკი 1995 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა მათი დევნა შევიწროება (რასაკვირველია, სავსებით გამართლებული) სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
    «მხედრიონის» ბევრი ლიდერი აგვისტოსათვის უკვე ციხეში იჯდა; ასევე ციხე ემუქრებოდათ გარეთ დარჩენილ ლიდერებსაც, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ თავად დაპატიმრებულთა მიმართ; ბევრ «ოპერაციას» ისინი ერთობლივად ახორციელებდნენ და ადრე თუ გვიან მათი გვარებიც უეჭველად «ამოტივტივდებოდა» ძიების პროცესში.
    თავდაპირველად «მხედრიონმა» სცადა დაკავშირებოდა თავის ძველ მეგობრებს პოლიტოკრატიაში, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი შორს დაიჭირეს, - «მხედრიონს» იმ დროს უკვე იმდენად ჰქონდა სახელი გატეხილი, რომ მასთან თანამშრომლობა პოლიტიკურ სიკვდილს უდრიდა.
    ამდენად, «მხედრიონს» გაუცრუვდა პოლიტიკური ელიტის მიმხრობის იმედი და მან გადაწყვიტა, მოესპო ეს ელიტა მისი შემოქმედის - ედუარდ შევარდნაძის განადგურებით. ოფიციოზის მტკიცებით, «მხედრიონს» გააჩნია მტკიცედ გათვლილი გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა შევარდნაძის ლიკვიდაციის შემდეგ, - ვინ უნდა დაენიშნა «მოვალეობის შემსრულებლად», როგორ უნდა ჩამოეყალიბებინათ «ეროვნული ხსნის კომიტეტი» და ა.შ. სინამდვილეში «მხედრიონს» არანაირი გეგმა არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა ელემენტარულად ინტელექტუალური პრიმიტივიზმის გამო. მათი მიზანი იყო ერთადერთი: მოეკლათ შევარდნაძე, გამოეწვიათ ქვეყანაში ქაოსი, ესარგებლათ ამ ქაოსით და ციხეებიდან გამოეყვანათ თავიანთი ძმაკაცები, რითაც თვითონაც აიცილებდნენ თავიდან პასუხისმგებლობას.
    რაც შეეხება იგორ გიორგაძეს, ამ შეთქმულებაში იგი მხოლოდ სტატისტის როლს ასრულებდა. ტერაქტების ორგანიზატორიც, სულისჩამდგმელიც და იდეოლოგიც იყო «მხედრიონი»! იგორ გიორგაძე შეთქმულებაში, შეიძლება, მონაწილეობდა, მაგრამ მთავარი ფიგურა იგი არ ყოფილა; მთავარი ფიგურა არც ჯაბა იოსელიანი იქნებოდა. «მხედრიონი» ამ შემთხვევაში მოქმედებდა კრიმინალური სამყაროს ულმობელი წესებით, რომელშიც «ობშიაკის» დაცვისას ავტორიტეტებს აღარ სცნობენ და ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას სწორედ «კანონიერ ქურდებს» აკისრებენ.
    უშიშროების ელიტარულ სპეცჯგუფთა ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეობდა, ყოფილი «მხედრიონელი» იყო. ისინი 1992 წელს ხაჩიშვილმა აიყვანა უშიშროებაში «მხედრიონიდან». რაც შეეხება იგორ გიორგაძეს, ეს იყო რუსეთის ჩვეულებრივი აგენტი რომელსაც იმავე რუსეთის სპეცსამსახურთა მიერ გამოძერწილი მახინჯი ანტისახელმწიფოებრივი ფენომენის, - «მხედრიონის» მეთვალყურეობა ევალებოდა.
    იგორ გიორგაძე მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა «მთავარ მოქმედ პირად», რომ პოლიტიკურ ელიტას სჭირდებოდა «განტევების ვაცი». ეს ელიტა ხომ, ასევე თითქმის მთლიანად, ყოფილი «მხედრიონელებისაგან» და მათი გულშემატკივრებისაგან შედგებოდა.

«მერიდიანი», 30 აგვისტო, 1996 წელი.