შევარდნაძე «ქართული ფენომენის» განუყოფელი ნაწილია

შევარდნაძე «ქართული ფენომენის» განუყოფელი ნაწილია

 

ედუარდ შევარდნაძის ფენომენი XX საუკუნის «ქართული მისტერიის» განუყოფელი ნაწილია. შევარდნაძეზე ყველაფერი შეიძლება ითქვას, მას ყველაფერი შეიძლება დაბრალდეს, გარდა იმისა, რომ იგი ორდინალური პიროვნებაა და «ქართველი» არ არის, - სინამდვილეში, შევარდნაძე, რასაკვირველია «ქართველია»: მთელი თავისი შინაგანი ბუნებით, ფსიქოლოგიური მოტივაციით, ლაჩრობითა და სიმამაცით იგი «ქართული ფენომენის» განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამ ფენომენზე მსჯელობისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ შევარდნაძე, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ფენომენია, - იგი პოლიტიკოსია (მიუხედავად ზოგიერთის მტკიცებისა, - «შევარდნაძე პოლიტიკოსი საერთოდ არ არისო»), ხოლო პოლიტიკოსის შეფასება ზნეობრივი კრიტერიუმებით ძალზე ძნელია,  რადგან პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს პოლიტიკურ მოღვაწეობაში «მართალი კაცის» პრინციპებით იხელმძღვანელოს, უეჭველად დამარცხდება. თანაც, დამარცხდება არა სასახელოდ, არამედ სამარცხვინოდ და ქვეყანასაც დაღუპავს.

მაჰათმა განდიმდე ჯერ არავის უცდია პოლიტიკაში «ზნეობრივი კრიტერიუმების» დამკვიდრება. რასაკვირველია, საქმით, და არა სიტყვით.

 მაგრამ დიდი ინდოელის მცდელობაც საბოლოოდ კრახით დასრულდა, ვინაიდან პოლიტიკას თავისი კანონები აქვს და ამ კანონების დარღვევა არავის ეპატიება.

 

პოლიტიკაში «ზნეობრიობის მომხრეებმა» ისღა მოახერხეს, რომ ზნეობა პოლიტიკოსთა სპეკულაციის საგნად აქციეს, - მას შემდეგ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი, ყველა, ვისაც კი პოლიტიკასთან რაიმე შეხება აქვს, ლაპარაკობს «ზნეობრივ პოლიტიკაზე». თუმცა, რეალურად პოლიტიკა ისეთივე სიბინძურედ რჩება, როგორიც იყო ყოველთვის და როგორადაც დარჩება კაცობრიობის გადაშენებამდე.

სწორედ ამიტომ, ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის შეფასების მცდელობა, ზნეობრივი კრიტერიუმებიდან გამომდინარე ფუჭია. ისევე, როგორც ზნეობრივი კრიტერიუმებით შეფასება გლადიატორისა, რომელიც არენაზე მოწინააღმდეგეს კლავს, - რათა თავად გადარჩეს ცოცხალი...

მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოება კვლავ ცდილობს, ეს ფენომენი დღესვე შეაფასოს, დღესვე განუსაზღვროს მას ადგილი, დღესვე დაუსვას «ნიშანი» (უარყოფითი ან დადებითი). . . . არადა, პოლიტიკოსის შეფასება მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როდესაც იგი თავის მოღვაწეობას დაასრულებს. თუმცა, ამ შეფასებაში გარკვეული მნიშვნელობა იმ სტერეოტიპულ სქემებსაც ენიჭებათ, რომლებიც პოლიტიკოსის სიცოცხლეშივე იქმნება.

შევარდნაძის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილის აზრით, ედუარდ შევარდნაძის აღზევება საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმას მიუთითებდა, რომ იგი «იმპერიული ელიტის» თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და, ამრიგად, კრემლს სჭირდებოდა საქართველოს საბოლოოდ გასანადგურებლად.

მაგრამ ამის შესახებ არსებობს მეორე მოსაზრებაც: საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო, რომლის მიხედვით, მიხეილ გორბაჩოვმა უკვე მაშინ, 1985 წელს, კარგად უწყოდა, რომ უეჭველად მოუწევდა სერიოზულ დათმობებზე წასვლა დასავლეთისადმი - ავღანეთიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გამოყვანისა და განიარაღების საკითხში. ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სჭირდებოდა პიროვნება, რომელიც შოვინისტური რუსული საზოგადოების თვალში «განტევების ვაცად» იქცეოდა და თავის თავზე მიიღებდა დარტყმას, - შეასრულებდა ერთგვარი «მეხამრიდის» ფუნქციას.

ეს ვერსია საკმაოდ ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ და გავიხსენებთ, რა გაიძვერა იყო გორბაჩოვი და როგორი სტერეოტიპები არსებობდა რუსულ საზოგადოებაში ქართველისა და საქართველოს შესახებ (სტალინის ფენომენის გათვალისწინებით). გორბაჩოვის გათვლა უაღრესად ზუსტი აღმოჩნდა: ის სისასტიკე, რომლითაც 9 აპრილს რუსეთის ჯარმა ქართველი ერი დასაჯა, უეჭველად იმითაც იყო განპირობებული, რომ რუსულ გენერალიტეტს მათთვის საძულველი საგარეო საქმეთა მინისტრის სამშობლოს დასჯა სურდა.

შევარდნაძის დანიშვნამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უდიდესი აღშფოთება გამოიწვია რუსეთში, რადგან ქართველი, რუსულ საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების მიხედვით, შეიძლებოდა დახლთან მდგარიყო ბაზარში, - მაგრამ დერჟავის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ქართველს ნამდვილად არ ეკუთვნოდა.

იცოდა თუ არა, მიხვდა თუ არა თავად შევარდნაძე, რისთვის სჭირდებოდა გორბაჩოვს? თავდაპირველად ალბათ  ვერ მიხვდა, რადგან გაიძვერა გორბაჩოვი 1988 წლამდე არც ამჟღავნებდა თავის მიზნებს საგარეო სფეროში; ხოლო როცა მიხვდა (1989-1990 წწ), გადადგომისათვის ხელსაყრელი მომენტის ძებნა დაიწყო და ძალიან ზუსტად მიაგნო კიდეც: 1990 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ, სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობიდან განაცხადა, რომ «ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და არ აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას». გორბაჩოვი ბოღმით კინაღამ დაიხრჩო, მაგრამ განცხადება ისე ოსტატურად იყო შედგენილი, - ვერაფერს იტყოდა.

ერთადერთი ადამიანი, ვინც 1985 წელსვე მიხვდა, თუ რისთვის სჭირდებოდა შევარდნაძე გორბაჩოვს, იყო ჯუმბერ პატიაშვილი! გავიხსენოთ: ჯერ კიდევ 1985 წელს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალმა მდივანმა ყველაფერი გააკეთა, რათა შევარდნაძეს გამიჯვნოდა, - 1985 წელსვე დააპატიმრა ედუარდ შევარდნაძის უახლოესი თანამოაზრე, სოლიკო ხაბეიშვილი, თანამდებობიდან გაათავისუფლა მამუკა ასლანიშვილი, ჟიული შარტავა და ა.შ.

როგორც ჩანს, გორბაჩოვს პატიაშვილი შევარდნაძეზე უკეთ იცნობდა და ისიც კარგად იცოდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ედუარდ შევარდნაძე «ბუტაფორიის» როლს უფრო შეასრულებდა. სხვაგვარად როგორ აიხსნება პატიაშვილის ამგვარი სითამამე - მან ხომ თვით პოლიტბიუროს წევრს გამოუცხადა ბრძოლა! შემდგომში, დამარცხებული პატიაშვილი ცდილობდა (დღემდე ცდილობს) შევარდნაძეს დააკისროს პასუხისმგებლობა 9 აპრილის ტრაგედიისათვის...

ყოველივე ზემოთთქმული შევარდნაძის მოტივაციას ეხება. უფრო ზუსტად, - იმ ფსიქოლოგიურ განწყობას, რომლითაც იგი მოვიდა 1991 წლამდე, როცა საქართველოში კრიმინალურმა ბანდამ ხელისუფლების დამხობა მოამზადა.

ბევრი თვლის, რომ ამ მოვლენებს მოსკოვიდან შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მართალი, თუ გავიხსენებთ სიგუა-კიტოვანის განწყობას შევარდნაძის მიმართ.

თენგიზ სიგუას თავად უნდოდა «პირველკაცობა» და სრულიადაც არ ეპიტნავებოდა «პრემიერ-მინისტრობა» სხვა «სახელმწიფოს მეთაურის» ხელისუფლებაში. მაგრამ რაკი შევარდნაძემ მაინც გადაწყვიტა დაბრუნება, სიგუამ და კიტოვანმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მისი დაბრუნება მაქსიმალურად გამოეყენებინათ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამცირებლად დეკემბერ-იანვრის მოვლენებისათვის.

გრძნობდა თუ არა შევარდნაძე, რა ელოდა საქართველოში? აცნობიერებდა თუ არა საშიშროებას? იცოდა თუ არა, რომ, მაგალითად, სოხუმში ორი კვირის განმავლობაში მოუწევდა ყოფნა ჭურვების ქვეშ? და თუ იცოდა, რატომ დათანხმდა დაბრუნებას?

ალბათ, იცოდა, მაგრამ მაინც დაბრუნდა, ვინაიდან ძალაუფლება ფანატიკურად  წყუროდა.

 

«კვირიონი», 16 ივნისი, 1996 წელი.