შევარდნაძე გერმანულმა ფოლადმა გადაარჩინა

შევარდნაძე გერმანულმა ფოლადმა გადაარჩინა


   

    როგორც ჩანს, შევარდნაძე ჯავშანმანქანამ იხსნა. თავდამსხმელები ისროდნენ ნაღმსატყორცნებით, რომელთა ორი ჭურვი შევარდნაძის «მერსედესსაც» მოხვდა. ეს რომ ჩვეულებრივი მანქანა ყოფილიყო, უეჭველად დაუყოვნებლივ აფეთქდებოდა, მაგრამ ფოლადმა ჭურვი აისხლიტა. სწორედ აისხლიტა, ვინაიდან РПГ - 7 ტანკს ხვრეტს და ჯავშნიანი «მერსედესი» მისთვის რა ბედენა იქნებოდა?
    როგორც ჩანს, კონსტრუირებისას ესეც გათვალისწინებულია. სამწუხაროდ, ნატყვიარების შედეგად (არა ჭურვის ნამსხვრევებით, არამედ ტყვიით) დაიღუპა პრეზიდენტის დაცვის ორი თანამშრომელი. ერთ-ერთმა მათგანმა ედუარდ შევარდნაძე ჯერ კიდევ 1995 წლის 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის დროს გადაარჩინა. თვითმხილველთა თქმით, ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, რომელმაც ოც წუთს გასტანა. თავდამსხმელთაგან ერთი კაცი მოკლულია. დანარჩენები «აორთქლდნენ» და ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, გუშინ საღამომდე არავინ უწყოდა.
    უპირველესად სწორედ ეს გარემოება იპყრობს ყურადღებას. თავდასხმა განხორციელდა დედაქალაქის ცენტრში. იქედან მიმალვა თითქოს ძალიან ძნელი უნდა იყოს, მაგრამ იურისდიქცია ბევრ სასაზღვრო მონაკვეთზე არ ვრცელდება, ამრიგად დივერსიულ ჯგუფს შეუძლია დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, თუმცა მანამდე მაინც სჭირდება თავშესაფარი თბილისში.
    უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება პრეზიდენტის მუდმივი მარშრუტის დაწესება მტკვრის სანაპიროზე, უკაცრიელ ადგილას? ორთაჭალის «ტყეში» ჩასაფრება ადვილია. ნებისმიერი, თუნდაც კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი რაზმი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან «მიჭყლეტილია» მტკვარზე და გასაქანი არ აქვს. თანაც ეს მარშრუტი (მტკვრის სანაპიროს გავლით - კრწანისის რეზიდენციისაკენ) წლების განმავლობაში ისე დამკვიდრდა, რომ მის შესახებ ბავშვმაც კი იცის. ტერორისტული აქტის დაგეგმვა ამ პირობებში ისევე ადვილი იყო, როგორც მისი განხორციელება.
    ნაღმსატყორცნებით შეტევა ძალიან სერიოზული დარტყმაა, რომელსაც ტანკების კოლონაც კი გამოჰყავს მწყობრიდან. ისევ შევარდნაძის მძღოლმა ივაჟკაცა და სწრაფი მოძრაობით გაასწრო თავდასხმას ადგილიდან, მაგრამ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს უშიშროების სპეციალური სამსახურის მუშაობა. იგი ვალდებულია დღენიადაგ მოქმედებდეს პროფილაქტიკისთვის.
    ბევრ ქვეყანაში ასეთ ქვედანაყოფებს შემდეგი მეთოდით წვრთნიან: ავალებენ შეიმუშაონ დივერსიული აქტის გეგმა, ანუ გააკეთონ თავად ის, რასაც მოიმოქმედებენ თვითონ რომ ჰქონდათ ჩაფიქრებული თავდასხმა. ასეთ შემთხვევაში იმაზე იდეალურ ადგილს, საიდანაც დივერსია განხორციელდა, ვერ მიაგნებდნენ. როგორ შეიძლებოდა იქ (ყოველ შემთხვევისათვის) მუდმივად სპეცრაზმი არ მდგარიყო? მით უმეტეს კავკასიაში, მით უმეტეს ჩვენს პირობებში?
    პრეზიდენტის პოტენციურად ესოდენ სახიფათო მარშრუტის გაყოლებაზე შესაბამის სამსახურებს ყოველ ოც მეტრში სპეციალური დანიშნულების რაზმები უნდა ჰყოლოდათ ჩასაფრებული, რათა თავდასხმის თეორიული შესაძლებლობაც გამოერიცხათ.
    მომხდარი უდავოდ მეტყველებს, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო და მას ნორმალური სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სისტემა არ გააჩნია.
    არის თუ არა შესაძლებელი ანალოგიური (ხაზს ვუსვამ ანალოგიური და არა ისეთი, როგორიც იცხაკ რაბინის წინააღმდეგ განხორციელდა, როცა მას უკნიდან, ხალხში მიეპარა ტერორისტი) რამ მოხდეს (ვთქვათ) ისრაელში? - ყოვლად შეუძლებელია! წარმოუდგენელია ნორმალურ სახელმწიფოში ტერორისტთა ჯგუფმა პრეზიდენტის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის (და არა ტერორისტული აქტის) განხორციელება შეძლოს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ კოლუმბიაში, სალვადორში ან საქართველოში.
    თუნდაც სომხეთში, მაგალითად, ასეთი რამ ვერ მოხდება - იმიტომ, რომ ის სახელმწიფოა და არა ბუტაფორია.
    ბოლო დროს თითქოს ბევრი გაკეთდა ამგვარი ექსცესების თავიდან ასაცილებლად. მიდის გაუთავებელი ლაპარაკი, რომ კრიმინალური ბანდები ალაგმულია, მათი ლიდერები კი ციხეებში სხედან. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ასე თუ ისე კონტროლს ექვემდებარება, საზღვარზეც დგას შეიარაღებული ხალხი და რაღაცას ამოწმებს, მაგრამ ფაქტიც თვალნათელია. ქვეყანაში შემოაღწია დაახლოებით ათ-ოცკაციანმა (ეს კიდევ დასადგენია) შეიარაღებულმა (კბილებამდე შეიარაღებულმა) დივერსიულმა რაზმმა, რომელმაც განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და მიიმალა.
    წარმოუდგენელია ეს ხდებოდეს იმ ძალთა მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც საქართველოს საზღვრის (მათ შორის საჰაერო საზღვრის) დიდ მონაკვეთს აკონტროლებენ. საქართველოში შემოსასვლელს ცხინვალის მხრიდან რუსული კონტიგენტი აკონტროლებს; ისევე როგორც ფოთისა და ბათუმის პორტებს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა თვითმფრინავები ჯდება ვაზიანის აეროდრომზე, რა ჩამოაქვთ, ვინ ჩამოჰყავთ ან ვინ მიჰყავთ მორიგი «სპეცოპერაციის შესრულების» შემდეგ; ტერორისტებს შეუძლიათ დაიმალონ რუსეთის რომელიმე სამხედრო ბაზაზე, სადაც მათ ვერავინ მიწვდება. სანამ ეს კრაზანათა ბუდეები ჩვენს ქვეყანაში არ მოიშლება, მანამ არ შეწყდება ტერორი და დივერსიები.
    ამჟამად ქვეყნიდან გასასვლელი ყველა გზა თითქოს გადაკეტილია, მაგრამ ჯერ ერთი არაპროფესიონალისათვისაც კი ცხადია, რომ უნდა დამყარდეს მტკიცე კონტროლი ცხინვალისა და აფხაზეთისაკენ, აგრეთვე ზღვის პორტებისაკენ მიმავალ გზაზე. გარდა ამისა, საჭიროა კატეგორიულად მოეთხოვოს რუსეთის საჯარისო ნაწილებს, დაუშვან ქართველი სამხედრო დამკვირვებლები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. დროებით მაინც მოხდეს ამ აეროდრომებზე თვითმფრინავების მიღება ან აფრენა. დამკვირვებლების განლაგება აუცილებელია ახალქალაქისა და ბათუმის რუსულ სამხედრო ბაზებზეც. თუ რუსები ასეთ კონტროლზე უარს იტყვიან, თავისთავად აღიარებენ, რომ გარკვეული კავშირი ნამდვილად აქვთ მომხდარ ინციდენტთან; ასეთ შემთხვევაში, სპეცსამსახურები უნდა განლაგდნენ რუსული სამხედრო ობიექტების ირგვლივ; გადაკეტონ ყველა შემოსასვლელი და უშუალო დაპირისპირებას არ მოერიდონ - დასაკარგი ბევრი არაფერი გვრჩება.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიეცეს უფლება განახორციელოს ჩხრეკები ტრასებზე. თუ კახა თარგამაძემ შეძლო ამ საქმის გახსნა, დივერსანტების დაპატიმრება, პოლიცია საბოლოოდ დაადასტურებს, რომ საქართველოს უშიშროების სისტემას არ სჭირდება. არ სჭირდება და არც ჰყავს. საქართველოს უშიროების სამინისტრო (განურჩევლად იმისი, ვინ იქნება მინისტრი) კვლავინდებურად რჩება «საშიშროების სამინისტროდ». ვერა და ვერ დაადგა საშველი ქმედითი სპეცსამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც არ მისცემდა მტერს საშუალებას, ამგვარი საბრძოლო ოპერაცია ქალაქის ცენტრში განეხორციელებინა.
    კვლავ ვიმეორებ კითხვას: როგორ შეიძლებოდა დაუცველი ყოფილიყო გზის მონაკვეთი, საიდანაც მოხერხებულია დივერსიული აქტის განხორციელება? როგორ შეიძლებოდა იმ ადგილას თუ მუდმივად არა, პრეზიდენტის კორტეჟის მოძრაობის პერიოდში მაინც მძლავრი სპეცდანიშნულების შენაერთი არ ყოფილიყო ჩასაფრებული?
    და საერთოდ, პრეზიდენტი არ შეიძლება ქალაქში მოძრაობდეს მხოლოდ იმ რაზმის იმედით, რომელიც მას უშუალოდ დაჰყვება მოძრაობის განმავლობაში; იგი მთელ ტრასაზე უნდა იყოს დაცული - ასეა მთელს მსოფლიოში.
    ჯემალ გახოკიძე, შესაძლოა კარგი პოლიციელია, კარგი კრიმინალისტია, მაგრამ უშიშროების სისტემა სხვაგვარ, სხვა ხარისხისა და რანგის პროფესიონალიზმს მოითხოვს. ეს მაინც სხვა საქმეა, პოლიცია კი – სხვა.
   

მერიდიანი, 11 თებერვალი, 1998