შევარდნაძე გასროლისათვის ემზადება

შევარდნაძე გასროლისათვის ემზადება

        პრეზიდენტის ანტიკორუფციული პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა და აჟიოტაჟმა მწვერვალს მიაღწია. ზოგიერთი კი ხუმრობს კვლავინდებურად: ახლა ჩამოიხრჩობენ თავს საირმის ქუჩის სასახლეშიო, მაგრამ გარკვეული ნიშნები მეტყველებს, რომ ამჯერად შევარდნაძეს «არ ეხუმრება» და იგი საკმაოდ სერიოზულად არის განწყობილი.
        გუშინ, სახელმწიფო კანცელარიაში, დახურულ კარს მიღმა პრეზიდენტი ეთათბირა საგანგებო კომისიას, რომელმაც «ანტიკორუფციული პროგრამის» ძირითადი მიმართულებები შეიმუშავა. თათბირს «შესანიშნავი შვიდეულის» ექვსი წევრი ესწრებოდა – ფილოსოფოს გია ნოდიას გარდა, რომელსაც საპატიო მიზეზი აქვს: ჩიკაგოში იმყოფება აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ მიძღვნილ რომელიღაც სემინარზე.
        იმავდროულად, ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის დასაწყისში თბილისს ეწვევა ჯორჯ სოროსი. ეს არანაკლები სენსაციაა: იგი მოლაპარაკებას გამართავს ედუარდ შევარდნაძესთან «ანტიკორუფციული პროგრამის» დაფინანსების თაობაზე.
        რაც შეეხება თვით ამ პროგრამას, ჯერჯერობით, საუბარია არა თვით პროგრამის, არამედ მის «ძირითად მიმართულებათა» გამოქვეყნებაზე.
        ედუარდ შევარდნაძის თქმით, «ეს არის ანალიტიკური მასალა», რომელიშც აღწერილია შექმნილი ვითარება. თუმცა, მხოლოდ ვითარების «აღსაწერად» ამხელა საქმეს პრეზიდენტი, ალბათ, არ წამოიწყებდა.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, თვით «ძირითად მიმართულებებზე» ბევრად უფრო მნიშვნელოვანია «გადაუდებელ ღონისძიებათა» ჩამონათვალი, რაც მას თან ახლავს და რის საფუძველზეც გამოიცემა პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება.
        აი, ამ «გადაუდებელ ღონისძიებაშია» მთავარი ფეთქებადი პოტენციალი და რეპრესიულ ღონისძიებათა ნუსხა.
        ამრიგად, პროცესი (იმავე წყაროთა ცნობით) შემდეგნაირად წარიმართება: კვირის ბოლოს (ხუთშაბათს ან პარასკევს) «ძირითადი მიმართულებები» გამოქვეყნდა პრესაში. მათ შორის დამოუკიდებელ პრესაშიც (სურვილის მიხედვით), რამდენიმე დღეში მას მოჰყვება «გადაუდებელ ღონისძიებათა» ნუსხა და იმავდროულად, პრეზიდენტის ბრძანებულება სპეციალური «საკოორდინაციო საბჭოს» შექმნის შესახებ.
        ოღონდ ეს არ არის ის საგანგებო «ანტიკორუფციული კომისია,», რომლის თაობაზეც ამდენი საუბარი იყო განვლილი ორი წლის განმავლობაში. საკოორდინაციო საბჭო, უბრალოდ, თვალყურს ადევნებს, რათა «ანტიკორუფციული ღონისძიებანი» და თვით პროგრამა (იგი 1 დეკემბრამდე გამოქვეყნდება) რეალურად განხორციელდეს.
        ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, ედუარდ შევარდნაძე ღელავს. «მხდალიაო» პიიროვნულად მასზე ნამდვილად ვერავინ იტყვის, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, იგი ძალზე ფრთხილი და წინდახედულია:
        ასჯერ გაზომა, ალბათ, ოღონდ რაკი «გაჭრა», მაინც გადაწყვიტა, ესე იგი პრობლემა მართლაც მოუთმენელია. არადა, «გადაუდებელი ღონისძიებები» მართლაც ითვალისწინებს ისეთ ზომებს, რაც, უეჭველად გამოიწვევს არაერთგვაროვან რეაქციას «თხემით ტერფამდე», ანუ ავტოინსპექტორიდან – აკადემიკოსამდე კორუმპირებულ საზოგადოებაში, როგორშიც ვცხვორობთ.
        კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია მტკივნეულად არ შეეხოს ძალიან ფართო სოციალურ სპექტრს და შესაბამისი რეაქციაც არ დააყოვნებს.
        თუმცა, პირველ ეტაპზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მახვილი შეეხება «ბობოლებს» - მათ შორის უძრავ ქონებას, რომელშიც უკანასკნელ წლებში ქართველმა «ნუვორიშებმა» და გაქსუებულმა ჩინოვნიკებმა ათეულობით მილიონი დოლარი «დააბანდეს» მთლიანობაში.
        ქონება, რასაკვირველია, გაფორმებულია «ბებია-ბაბუა-სიდედრ-სიმამრზე», ამიტმო «კონფისკაცია» ზღაპარია. ჩვენი წყაროების ცნობით, «გადაუდებელი ღონისძიებები» ითვალისწინებს არა კონფისკაციას, არამედ უძრავი ქონების (სასახლეების) გამომზეურებას და ნამდვილი პატრონის (ამ მეთოდით კი გაირკვევა ნამდვილი პატრონი) იძულებას, რათა მან გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი იმ თანხიდან, რაც დაუჯდა სასახლის აგება.
        სხვა ზომებს რაც შეეხება, ზოგიერთი ცნობით, შეიძლება არათუ შემცირდეს, არამედ საერთოდ გაუქმდეს (1 წლით ან წელიწადნახევრით) ტექდათვალიერების გადასახადი.
        არის სარისკო წინადადებებიც. მაგალითად, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების გაუქმება, რასაც ამ დაწესებულებებში დასაქმებული ინტელიგენციის გამძვინვარება მოჰყვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        უმტკივნეულოდ და ექსცესების გარეშე ეს პროცესი ვერ ჩაივლის, მაგრამ შევარდნაძეს უკანდასახევი გზა აღარ აქვს – გასროლა უკვე გარდაუვალია.

დილის გაზეთი , 31 ოქტომბერი, 2000 წელი