შეგვეძლო თუ არა თავიდან აგვეცილებინა საზარელი ეროვნული ტრაგედია?

1994 წელი: ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა და გადატანილი სულიერი კატაკლიზმების გამო, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ქაოსი და ანარქია სუფევს. იმსხვრევა პოლიტიკური და იდეოლოგიური სქემები, ხდება ფასეულობათა გადაფასება, საფუძველი ერყევათ ფუნდამენტურ ღირებულებებს და, რაც ყველაზე მთავარია, არაბუნებრივი და ყოვლად აუტანელი გარემო-პირობების ზეწოლის შედეგად, იშლება თვით საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთოეროვნული ეთიკური სისტემა.

შეგვეძლო თუ არა თავიდან აგვეცილებინა საზარელი ეროვნული ტრაგედია?

უკანასკნელი იდეა

    ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა და გადატანილი სულიერი კატაკლიზმების გამო, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ქაოსი და ანარქია სუფევს. იმსხვრევა პოლიტიკური და იდეოლოგიური სქემები, ხდება ფასეულობათა გადაფასება, საფუძველი ერყევათ ფუნდამენტურ ღირებულებებს და, რაც ყველაზე მთავარია, არაბუნებრივი და ყოვლად აუტანელი გარემო-პირობების ზეწოლის შედეგად, იშლება თვით საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთოეროვნული ეთიკური სისტემა.
    ფაქტობრივად, საზოგადოება, როგორც ერთიანი კოლექტიური ცნობიერებისა და საერთო ღირებულებების სუბიექტი, უკვე აღარ არსებობს. იგი დაიშალა რამდენიმე ჩაკეტილ სოციალურ ფენად.
    მიუხედავად ამისა, არსებობს იდეა, რომელიც კვლავ აბრუნებს საზოგადოებრივ ცნობიერებას წარსულში, აიძულებს მას, ხელმეორედ გააანალიზოს მოვლენები და მტყუან-მართლის ძებნით დაიკმაყოფილოს სამართლიანობისადმი ქვეცნობიერი ლტოლვა. ეს არის იდეა ისტორიული პასუხისმგებლობისა. არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწე (თვით ყველაზე ზნედაცემული და სინდისგარეცხილი), რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი არ აღელვებდეს. მრავალთათვის კი (უკვე საბოლოოდ დამარცხებულებს ვგულისხმობ) იგი უკანასკნელი შურისძიება და უკანასკნელი შვებაა.

    ისტორია, როგორც მრავალგზის უთქვამთ, არ ცნობს ალბათობას - მისთვის არსებობს მხოლოდ ფაქტი და შედეგი. თანაც, მეორე ძალიან ხშირად, რადიკალურად ცვლის პირველის შეფერილობას.
    მრავალ ჩვენგანს, სავსებით ბუნებრივია, აწუხებს კითხვა: შეიძლებოდა თუ არა საქართველოს თავიდან აეცილებინა ის უბედურება, რომელიც ერს თავს დაატყდა ბოლო წლების განმავლობაში? ეს რომ სწორედ უბედურება, ნგრევა და განადგურება იყო, ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარება:
    დღევანდელი რეალობით, საქართველომ დაკარგა აფხაზეთი, დაკარგა სამაჩაბლო, მიმდინარეობს სამოქალაქო ომი სამეგრელოში, დაიხოცა ათასობით ადამიანი, გვყავს ასეულობით ათასი ლტოლვილი, განადგურებულია ეკონომიკა, ქვეყანაში გამეფდა კრიმინალური ანარქია და ა.შ.
    ამაზე მეტად შემზარავი სურათის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მრავალი იმათგანი, ვინც ასეთ საკითხებზე მსჯელობს, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოველივე ამის თავიდან აცილება შეეძლო. ოღონდ ეგ არის - «ჭკვიანურად ვერ მოვიქეცით», «არასწორი არჩევანი გავაკეთეთ», «ემოციებს ავყევით,» «პოლიტიკოსებს არ დავუჯერეთ». . . არგუმენტების რიგი უსასრულოა.
    ერთი შეხედვით, ამგვარ მიდგომას საფუძველი აქვს. მართლაც, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მრავალი მოვლენა შემთხვევითობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე შემთხვევითად, ავი ბედისწერის მიერ მოვლენილად გვეჩვენება ზოგიერთი ლიდერიც. ხშირად გაიგონებ: ამა და ამ არჩევნების წინ ესა და ეს ლიდერი ტელევიზიით რომ არ გამოსულიყო, მეორე დღეს ხალხი სხვა არჩევანს გააკეთებდაო და აი, მაშინ. . . . . .
    დღეს საქართველოში ორი ძირითადი მსოფლმხედველობრივი დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს. პირველი დარწმუნებულია, რომ საქართველო დაღუპა მოსახლეობის მიერ 1990 წლის 28 ოქტომბერს გაკეთებულმა არჩევანმა. მათი აზრით ეს არჩევანი რომ არა, ქვეყანა დღევანდელ ნგრევამდე არ მივიდოდა. მეორენი თვლიან: უბედურების თავი და თავი დეკემბერ-იანვრის მოვლენებია. ისინი რომ არა, არც აფხაზეთი დაიკარგებოდა, არც სამოქალაქო ომი გაგრძელდებოდა და არც კრიმინალური სამყარო აღზევდებოდა.
    ორივე ეს შეხედულება, რა თქმა უნდა, მცდარია. მაგრამ მათ ერთი საერთო პოსტულატი, ერთი ამოსავალი დებულება აქვთ: მოვლენები საქართველოში, 1988-1993 წლებში, შეიძლებოდა განვითარებულიყო სხვაგვარად, რომ არა სუბიექტური ფაქტორი და გარკვეული ძალების განუწყვეტელი და ხელოვნური ზემოქმედება.
    სწორედ ესაა ჩვენი უმთავრესი შეცდომა. ეს დებულება გვაბრმავებს და არ გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ, შევიცნოთ ჩვენი უბედურების ჭეშმარიტი მიზეზი. გავაცნობიეროთ, რამ გამოიწვია საქართველოს ესოდენ კატასტროფული მარცხი.
    სინამდვილეში, პოლიტიკური პროცესი საქართველოში 1988-1993 წლებში, როგორც ჩანს თეორიულადაც კი (არათუ პრაქტიკულად), შეიძლებოდა განვითარებულიყო მხოლოდ ისე, როგორც განვითარდა რეალურად.
    საქმე ის არის, რომ იმ დიდმა სახელმწიფომ, რომლის განუყოფელი, სისხლხორცეული ნაწილი ვიყავით ასწლეულების განმავლობაში, უდიდესი ძალისხმევისა და ყოველდღიური, მოუღალავი შრომის შედეგად, საქართველოში შექმნა ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და, რაც მთავარია, ცნობიერი სისტემები, რომლებიც უბრალოდ არ მისცემდნენ პოლიტიკურ პროცესს სხვაგვარად, სხვა მიმართულებით განვითარების საშუალებას. რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დამოუკიდებლობას მოინდომებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სისტემები არ ამოქმედდებოდნენ და კვლავაც განაგრძობდნენ არსებობას «დაკონსერვებულ», «მიძინებულ» მდგომარეობაში.
    მაგრამ თუ საქართველო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას წამოიწყებდა, ისინი უმალვე გამოცოცხლდებოდნენ და მომაკვდინებელი ძალით ამოქმედდებოდნენ. თანაც, აღსანიშნავია ერთი გარემოება: კრემლსა და მის სპეცსამსახურებს როდი სჭირდებათ პოლიტიკურ პროცესში ყოველდღიური ჩარევა - მისი მიმართულების კორექტირების მიზნით. პროცესი მიმდინარეობდა იმპერიის მიერ მისთვის წინასწარ გაჭრილ «კალაპოტში». ამიტომ დამატებითი, ზედმეტი ძალისხმევა სრულიადაც არ იყო საჭირო. ჩვენს შემთხვევაში, კრემლს მხოლოდ ორჯერ დასჭირდა უშუალოდ, ძალისმიერად ჩარეულიყო ამ პროცესში: პირველად - 1989 წლის აპრილში, ხოლო მეორედ, იმავე წლის შემოდგომაზე.
    რაც შეეხება თავად სისტემებს, ზოგიერთი მათგანის ამოცნობა და დახასიათება ძნელი არ არის. პოლიტიკურ სფეროში იგი გულისხმობდა საქართველოში ეთნოკონფლიქტური ნაღმების არსებობას, თბილისსა და არაქართულ რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებას, საოკუპაციო ჯარით მმართველი ელიტის მუდმივ შანტაჟირებას და ა.შ.
    ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო (და მთლიანად კავკასია), ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, სიამის ტყუპივით «შეეზარდა» რუსეთის ეკონომიკას. ფაქტობრივად, მეურნეობის ფუნქციონირება შეუძლებელია რუსეთიდან მოწოდებულ ნახევარფაბრიკატებისა და ნედლეულის გარეშე.
    ეს, და ზოგიერთი სხვა გარემოება, ქმნიდა საქართველოში მძლავრ სოციალურ დაჯგუფებებს, რომლებიც სისხლხორცეულად იყვნენ და არიან დაინტერესებულნი ჩრდილოელ მეზობელთან კავშირით. ეს ფენა, ფაქტობრივად, არსებობისათვის იბრძვის, - თვითგადარჩენის ინსტიქტი უბიძგებს გამოიყენოს ყველა საშუალება მიზნის მისაღწევად.
    მაგრამ ყველაზე საინტერესო და, იმავე დროს, ძნელად ამოსაცნობია ის სისტემები, რომლებიც იმპერიამ ქართველი ხალხის ეროვნულ ცნობიერებაში შექმნა. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ მიზეზი ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური უკულტურობის, უკომპრომისობის (რაც, გადაჭარბების შემთხვევაში უკვე თავისთავად კომპრომისია) მითოლოგიზებული აზროვნების, კერპისადმი ლტოლვის, შეუწყნარებლობის.
    ჩვენში ხელოვნურად აღზარდეს გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, რათა შემდგომ ქართველი ხალხის ემოციურ ბუნებაზე დაყრდნობით, უფრო ადვილი სამართავი ვყოფილიყავით კრემლის «საინფორმაციო იარაღისათვის».
    საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ვერასოდეს მიაღწევს გამარჯვებას მანამ, სანამ იგი შედეგებს ებრძვის და არა მიზეზებს. თუ გვსურს, მოვიპოვოთ ჭეშმარიტი ეროვნული თავისუფლება, ჯერ ის სისტემები უნდა დავამსხვრიოთ, რომლებიც არ გვაძლევენ და ნებით არც არასდროს მოგვცემენ გათავისუფლების საშუალებას.

«ივერია-ექსპრესი», 13 ნოემბერი, 1993 .