შეაჩერებენ თუ არა «ჩეჩენი ბოევიკები» თბილისს მომავალ აბაშიძეს

შეაჩერებენ თუ არა «ჩეჩენი ბოევიკები» თბილისს მომავალ აბაშიძეს

        «აღორძინება» არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში ჩაატარებს გრანდიოზულ ყრილობას, რომელსაც თვით «აჭარის ლომი» დაესწრება.
        მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლის შემდეგ ეს მისი პირველი «ვიზიტი» იქნება დედაქალაქში – საეჭვოა, ასლან აბაშიძის თბილისში ჩამოსვლა ირანში აიათოლა ჰომეინის დაბრუნებას დაემსგავსოს და მორიგი «რევოლუციის» საწყისად იქცეს. თუმცა, ისიც საკითხავია, ნამდვილად ჩამოვა თუ არა – არ არის გამორიცხული, ბოლო წუთს აღმოჩნდეს, რომ «ჩეჩენი ტერორისტები» თბილისში მის წინააღმდეგ რაღაც-რაღაცეებს ამზადებენ. აკი ითქვა კიდეც ასეთი შესაძლებლობის შესახებ.
        ჩეჩნები იქნებიან შემსრულებლები თუ სხვები – მნიშვნელობა არა აქვს, - რაც მთავარია, აჭარაში (და არა თბილისში) რუსეთის სპეცსამსახურებმა ნამდვილად შეიძლება განახორციელონ პროვოკაცია ასლან აბაშიძის წინააღმდეგ და რაკი აჭარის მოსახლეობის ცნობიერებაში მტკიცედ ჩაიბეჭდა, რომ პროვოკაციის ავტორი შეიძლება მხოლოდ თბილისი იყოს, იგი უეჭველად გამოიწვევს მკვეთრ და შეურიგებელ დაპირისპირებას ცენტრსა და რეგიონს შორის. შედეგად, შესაძლოა, აღარც «ცენტრი» იყოს, აღარც «რეგიონი» - მკითხველი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ.
        ასლან აბაშიძის მეორე სენსაციური განცხადების შესაბამისად, იგი მოითხოვს და აიღებს კუთვნილ ხელფასს საქართველოს პარლამენტში. აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, იმავდროულად საქართველოს პარლამენტის წევრია (პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა), ამიტომ 4 წლის განმავლობაში გვარიანი ხელფასიც დაუგროვდებოდა, მაგრამ თუ ეს ფული სჭირდებოდა (აბა-აბა!), თანხის აღება რა პრობლემა იყო! ამის გაკეთება სულ ადვილად შეიძლებოდა მინდობილობითაც, მაშასადამე, ეს განცხადება სხვა მიზანს ისახავდა.
        თუმცა, როდესაც წინასაარჩევნო განცხადებებთან გვაქვს საქმე, მეტისმეტი «ანალიზი», მცდარი შედეგის მომტანიც აღმოჩნდება ხოლმე, ვინაიდან, შესაძლოა, არანაირი აზრი არ იდოს (სინამდვილეში), იქ, რაც დიდი და ღრმა აზრის ქარაგმა გვგონია.
        ერთი რამ ცხადია - «აღორძინება» გაფაციცებით ემზადება ამ არჩევნებისთვის. მისი «მოკავშირე» (სატელიტი) პარტიები 31 ოქტომბრის მოახლოებისთანავე სულ უფრო ნაკლებ აქტივობას გამოამჟღავნებენ და შეეცდებიან შეიყუჟონ «აღორძინების» ფრთებქვეშ, რათა ამომრჩეველი არ გააღიზიანონ.
        თავად «აღორძინების» აქტივობა კი, საფიქრებელია, ზრდის კიდეც დღევანდელი მმართველი პარტიის შანსებს.
        როდესაც ქართველ ამომრჩეველს დააყენებ ასეთი არჩევანის (თვისებრივი, კარდინალური) წინაშე, იგი უეჭველად არსებულ რეალობას აირჩევს, ვინაიდან «მკვეთრი» ცვლილებების შეეშინდება. ამიტომ, გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა ოპოზიციის ასეთი წინასაარჩევნო პროპაგანდა: «მათ ზოგიერთი რამ შეძლეს, მაგრამ ახლა ჩვენც ვცადოთ».

მერიდიანი, 8 სექტემბერი, 1999 წელი