შატილი კიდევ ერთხელ ბარბაროსულად დაიბომბა

შატილი კიდევ ერთხელ ბარბაროსულად დაიბომბა

      

        ოთხშაბათს საღამოს, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე მორიგი ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის «საფრონტო ავიაციამ», ანუ მოიერიშე ვერტმფრენებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია «ნურსის» ტიპის რაკეტებითა და შეყოვნებული მოქმედების ნაღმებით,
        მაგრამ გუშინ გაირკვა, რომ საქმე გაცილებით უარესადაა: სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურის ცნობის თანახმად, ამჯერად საქართველოს ტერიტორიას რუსეთის მხრიდან რამდენიმე ჭურვი ესროლეს მძიმე კალიბრის ნაღმსატყორცნებიდან.
        შედეგად, 4 ქართველი მოსაზღვრე დაიჭრა.
        ისინი უკვე ევაკუირებულნი არიან შემთხვევის ადგილიდან. სამხედრო ხპეციალისტებს იოტისოდენა ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ინციდენტი დაკავშირებულია გასულ კვირას არღუნის ხეობის სათავეში რუსული დესანტის გადმოსხმასთან.
        როგორც ცნობილია, რუს მედესანტეთა ბატალიონმა (დაახლოებით 350 მებრძოლი) არღუნის ხეობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაგრე დაიკავა და მთლიანად აკონტროლებს რუსეთ-ჩეჩნეთის დამაკავშირებელ გზას.
        რუსეთის არმიამ ჰაერიდან დაბომბა მიმდებარე ტერიტორია, ხოლო დესანტის ყოველმხრივი უზრუნველყოფა ასევე ჰაერიდან ხდება.
        ბუნებრივია, რუსული დესანტი გამუდმებით უშენს ცეცხლს თვით ხეობას და მეზობელ სიმაღლეებს, რათა ალყაში მოქცევა არ დაუშვას.
        საამისოდ კი (მთის პირობებში) ნაღმსატყორცნი იდეალური იარაღია.
        გამორიცხული არ არის, რუსებს რამდენიმე ჭურვი საქართველოს (შატილის) მიმართულებითაც გაესროლათ «ყოველი შემთხვევისათვის».
        ეს გასაკვირი არ უნდა იყოს (ჭკუა და სინდისი არ დაუშლიდათ), მით უმეტეს, იმ ატმოსფეროს გათვალისწინებით, რაც რუსეთის არმიაში სუფევს ანტიქართული ისტერიის შედეგად.
        რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები დარწმუნებულნი არიან, რომ «საქართველო ჩეჩენ სეპარატისტებს» ეხმარება. ეს რწმენა გამომდინარეობს საქართველოს «ნეიტრალური» პოზიციიდან, ანუ თუ საქართველო რუსეთს მხარს არ უჭერს ჩეჩენი ხალხის განადგურებაში - ეს უკვე იმთავითვე ნიშნავს, რომ იგი ეხმარება «სეპარატისტებს».
        იმის შესახებ ხომ საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, თუ როგორ იქცეოდნენ თვით რუსი სამხედროები აფხაზეთის ომის დროს და როგორ ეხმარებოდნენ არძინბას ბანდას ქართველი ხალხის განადგურებასა და დამცირებაში.
        მეორე ვერსიის თანახმად, შატილი ჩეჩნებმა დაბომბეს ნაღმსატყორცნით (შემთხვევით), როდესაც რუსული დესანტის პოზიციებს ბომბავდნენ, ან შეგნებულად - რათა კიდევ უფრო გაემწვავებინათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
        მაგრამ ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია.
        საქმე ის გახლავთ, რომ არღუნის ხეობაში დესანტის გადმოსხმამდე რუსული ავიაცია უმოწყალოდ ბომბავდა მიმდებარე ტერიტორიას. ამჟამად, არათუ მცირე მონაკვეთზე (არღუნის ხეობიდან - შატილამდე), არამედ მიმდებარე სიმაღლეებსა და თვით ხეობაშიც «ჩეჩნური ფორმირებები» არ იმყოფებიან.
        საერთოდ, ამ ადგილებიდან ჩეჩენთა სამხედრო ბაზამდე (სამხრეთ ჩეჩნეთის მთიან რაიონებში) ათეულობით კილომეტრია და აქვე უნდა ითქვას: საქართველოსთან დამაკავშირებელ გზას (სინამდვილეში, დიდწილად საცალფეხო ბილიკს) ნამდვილად რომ ჰქონდა ჩეჩნებისათვის სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა, - მას ასე იოლად არ დათმობდნენ.
        სინამდვილეში, ამ გზას მნიშვნელობა (და სასიცოცხლო მნიშვნელობაც) ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ, უბედური ლტოლვილებისათვის, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში გადაერჩინათ თავი და გასცლოდნენ ჭეშმარიტად ბარბაროსულ დაბომბვებს.
        დესანტის გადმოსხმის შედეგად კი გზა საბოლოოდ გადაიკეტა.
        რაც შეეხება ამ ინციდენტის პოლიტიკურ ასპექტს - საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტი კოზირი უვარდება ხელთ, რათა მიიღოს დასავლეთის მხარდაჭერა.
        მიზანშეწონილი არ არის რაიმე საპასუხო სამხედრო აქციის განხორციელება, - ვთქვათ, საპასუხო დარტყმა ნაღმსატყორცნებიდან რუსული დესანტის პოზიციაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში რუსული ავიაცია მთლიანად გაანადგურებს შატილს და პირიქითა ხევსურეთის უზარმაზარი ტერიტორია სამუდამოდ დაიცლება ქართული მოსახლეობისაგან.
        რუსეთის საფრონტო ან სტრატეგიულ ავიაციას სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებთ. მაგრამ 1დიპლომატიური კანონადა» კი ნამდივლად აუცილებელია.
        საქართველომ მკვეთრი და მკაფიო პროტესტი უნდა განაცხადოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ყველა დონეზე - ყველაზე მწვავე ფორმულირებით.
        ჩვენი შანსი ის არის, რომ მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამიტომ საქართველოს ფაქტორი უნდა ვაქციოთ არგუმენტად დასავლეთისათვის, - რუსეთის მოქმედების წინააღმდეგ.
        მაგალითად, დასავლეთის პრეტენზიები ჩეჩნეთის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთმა შეიძლება უარყოს იმ მოტივით, რომ 1ეს რუსეთის საშინაო «საქმეა», ხოლო დასავლეთის ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ვინაიდან იგი (დასავლეთი) რუსეთის საშინაო საქმეში ერევა.
        მაგრამ როდესაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედება იქცევა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობათა ფაქტორად, რუსეთი თავს «საშინაო საქმეებით» ვეღარ იმართლებს, ვინაიდან საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება სწორედაც 1საერთაშორისო სამართლის დარღვევაა».
        დასავლეთი ამ არგუმენტს უკვე აქტიურად იყენებს; სწორედ ამან განაპირობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაცოფებული რეაქცია და უკანასკნელი ისტერიული განცხადება - სრულიად დაუსაბუთებელი და აშკარად შეთითხნილი ბრალდებით.
        ჩეჩნეთთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიციას კიდევ ერთი ასპექტი გააჩნია: პირველად, 1988 წლიდან, საქართველომ მორალურად დაამარცხა ე.წ. «კავკასიელი მთიელები» ვინაიდან საქართველოს დღევანდელი პოზიციის ფონზე ნათელია, რამდენად უსინდისონი არიან ე.წ. «ამაყი აფსუები», «ამაყი ჩერქეზები», რომლებიც ასეთი «ვაჟკაცები იყვნენ» საქართველოს წინააღმდეგ ომში, ახლა კი სოროებში შეძვრნენ და ცხვირის გამოყოფას ვერ ბედავენ.
        ამჟამინდელმა მოვლენებმა მორალურად გაანადგურა ე.წ. «კავკასიური სოლიდარობა», ჩეჩენი ხალხი კი არც ერთ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ ხელს აღარ აღმართავს.

მერიდიანი, 24 დეკემბერი, 1999 წელი