ყოველი წარუმატებელი ტერაქტი შევარდნაძის ხელისუფლებას განამტკიცებს.

ყოველი წარუმატებელი ტერაქტი შევარდნაძის ხელისუფლებას განამტკიცებს.


   

    ორშაბათს, დაახლოებით 23 საათზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ბრუნდებოდა, ორთაჭალაში, განხორციელდა საბრძოლო ოპერაცია მისი ფიზიკური განადგურებისათვის.
    ეს არ იყო ტერაქტი - ეს იყო მაღალი კვალიფიკაციის სამხედრო სპეციალისტების მიერ განხორციელებული საბრძოლო ოპერაცია. ამით განსხვავდება იგი 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტისაგან, რომლის დამკვეთნი შესაძლოა, «იგივენი» იყვნენ, მაგრამ მაშინ უშუალო შემსრულებლად არაპროფესიონალები შეარჩიეს, რის გამოც მიზანს ვერ მიაღწიეს.
    ამჯერად თავდამსხმელები ზუსტად, პროფესიონალურად, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად მოქმედებდნენ, - ისროდნენ ნაღმტყორცნებიდან, რომელთაც ტანკის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლიათ (არათუ ჯავშნიანი «მერსედესისა»).
    ნამდვილად სასწაულია, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც გადაურჩა თითქმის გარდაუვალ სიკვდილს. როგორ შეძლეს დივერსანტებმა თბილისში შემოღწევა ან სად გაქრნენ (ერთის გამოკლებით - ვინმე ჩეჩენი მალსაგოვისა) დივერსიის შემდეგ, სხვა საკითხია. ბოლოს და ბოლოს, ისინი უბრალო შემსრულებლები არიან. გაცილებით საინტერესოა, ვინ დაუკვეთა ტერაქტი, ვის სჭირდება და რისთვის შევარდნაძის ლიკვიდაცია, რა პროცესების პროვოცირება სურთ ან შეუძლიათ ამით და ა.შ.
    პირველი, რაც უდავოდ იპყრობს ყურადღებას: შევარდნაძეზე თავდასხმა ხორციელდება მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ელცინი მოსკოვში არ იმყოფება - იგი იტალიაში ბრძანდება ოფიციალური ვიზიტით. გავიხსენოთ, რომ 9 აპრილის თავდასხმაც მაშინ განხორციელდა, როდესაც გორბაჩოვი ლონდონში მარგარეტ ტეტჩერს ესაუბრებოდა ჯონ ლოკის ფილოსოფიურ სენტენციებსა და ისტორიის ფილოსოფიაზე.
    ელცინიც, რასაკვირველია, რომიდანვე «აფრენს» შესაბამის ტელეგრამას: «С возмущением узнал . . . « და ა.შ. თუმცა, ერთადერთი, ვისაც შევარდნაძეზე თავდასხმა ნამდვილად გულწრფელად შეაშფოთებდა, იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
    ამდენად, სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ჰეიდარ ალიევმა დაურეკა პირველმა შევარდნაძეს და აღშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო. სომხეთის მმართველი ახალი ტრიუმვირატი კი, ამ თვალსაზრისით, არ ჩქარობს - არც არის გასაკვირი: სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ლევონ ტერ-პეტროსიანის გადადგომა და შევარდნაძეზე თავდასხმა ერთი ჯაჭვის ორი რგოლია.
    კრემლი «არაფარულ» ომს იწყებს «დიდი ნავთობსადენისათვის», რათა ხელიდან არ გაუშვას ესოდენ მნიშვნელოვან კომუნიკაციაზე კონტროლი, არ დაუშვას დასავლური კაპიტალის შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში, რაც, ადრე თუ გვიან, უეჭველად გამოიწვევს რუსეთის გაძევებას რეგიონიდან და ა.შ.
    გავიხსენოთ რუს ნეოიმპერიალისტთა რუპორში, «ნეზავისიმაია გაზეტა»-ში გამოქვეყნებული სტატიები, რომელთა ერთ-ერთი ავტორი ელცინის საპრეზიდენტო საბჭოს წევრი ანდრანიკ მიგრანიანია.
    ამ სტატიებში ხომ პირდაპირ იყო ნათქვამი: «სამხრეთ კავკასიაში უნდა შეიქმნას არასტაბილური სარტყელი; წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ვერ შეინარჩუნებს პოზიციებს რეგიონში».
    მაშინ ზოგს მიაჩნდა, რომ ეს მხოლოდ «გაცოფებული და ჭკუიდან შეშლილი პოლიტოლოგების» კერძო აზრი იყო, რომელიც არაფერს ნიშნავს. რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება შემდეგ გარემოებას: პრეზიდენტმა ელცინმა, სტატიის გამოქვეყნებიდან ორიოდე დღის შემდეგ დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუბლიკაციის ბევრი დებულება.
    სომხეთში «ხავერდოვანი გადატრიალება» კრემლის პროვოკატორებმა, როგორც ჩანს, არასაკმარის გარანტად მიიჩნიეს «მართვადი ქაოსის» მექანიზმთა ამოქმედებისათვის. საერთოდ, ამ დამანგრეველი დოქტრინის არსი თავისთავად მოითხოვს სისხლს, - სისხლისღვრა მისი ენერგიაა. შევარდნაძის მოსპობით ჯაჭვი საბოლოოდ შეიკვრება და კავკასია მართლაც იქცეოდა არასტაბილურობის სარტყლად. გავიხსენოთ ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომლებიც მაშინ ზოგს გადაჭარბებულად მოეჩვენა: «ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ბინძური პროვოკაციები იმაზე მიუთითებს, რომ მზადდება ტერაქტი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ზოგიერთებს სურთ, ქვეყნის მეორე პირიც დისკრედიტებული იყოს, რათა შემდგომ ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს ანარქიასა და ქაოსში».
    სავარაუდოა და უფრო მეტიც - თვალნათელია ამგვარი გეგმის არსებობა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოხდებოდა, თუ დივერსანტები ჩაფიქრებულის ბოლომდე მიყვანას შეძლებდნენ და ქვეყნის პრეზიდენტს ფიზიკურად მოსპობდნენ: უმალვე ატყდებოდა რეგვენ რუსეთუმეთა ღნავილი. ისინი ნიანგის ცრემლებს დაღვრიდნენ, «სამშობლოს ბედკრულობაზე», იწუწუნებდნენ, ქვეყანას «სიმშვიდისაკენ» მოუწოდებდნენ, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს მოამზადებდნენ და სწორედ მაშინ გამოაჭენებდნენ არენაზე «რუხ კვიცს».
    მეორეს მხრივ, დღეს მაინც 1998 წელია და არა 1995.
    29 აგვისტოს ტერაქტი უეჭველად კონსტიტუციის მიღებას დაუკავშირდა. ქვეყნის ძირითადი კანონი (არჩევნებამდე) არც იყო ამოქმედებული, ანუ ვითარება იძლეოდა ფართომაშსტაბიანი დესტაბილიზაციის დიდ შესაძლებლობას.
    დღეს მაინც სხვა სიტუაციაა, - კონსტიტუციური მექანიზმები მოქმედებს. პარლამენტი მუშაობს, პოლიტიკურ ძალთა უდიდესი უმრავლესობაც (თვით ზვიადისტებისა და კომუნისტების მნიშვნელოვანი უმეტესობაც) ქუჩაში არ გამოვა და ბრმა იარაღად აღარ იქცევა. მაშასადამე, ერთადერთი შესაძლებლობა რჩება სავარაუდო: შევარდნაძის ლიკვიდაციის შემდეგ დაგეგმილი იყო აშკარა აგრესიის განხორციელება, ანუ ისეთი აქტების ორგანიზება, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის გარეშეც მოახდენდნენ სახელმწიფოს პარალიზებას: სასიცოცხლო ობიექტები აფეთქებას, ეპიდემიების პროვოცირებას, წყლის მოწამვლასა და ა.შ. გამორიცხული არაფერია, როდესაც გაცოფებულ შოვინისტებთან გვაქვს საქმე.
    კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ძალისმიერ სტრუქტურათა სრული უმწეობა. ფაქტობრივად, პრეზიდენტი (სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი) დაუცველია! პირადი დაცვის ვაჟკაცობა და თავგანწირვა არ კმარა. უნდა არსებობდეს მთელი სისტემა, რომელიც ამგვარ დივერსიებს გამორიცხავს. ბოლოს და ბოლოს ასეთი რამ ქვეყნისათვის სამარცხვინოა. თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშიც კი შესაძლებელია მოხდეს თავდასხმა პრეზიდენტზე, ტერორისტული აქტი, მაგრამ მხოლოდ უმწეო, არშემდგარ სახელმწიფოში შეძლებენ დივერსანტები ნამდვილი საბრძოლო ოპერაციის განხორციელებას ქალაქის ცენტრში, შემდეგ კი მიმალვას.
    რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს - უდავოა: ყოველი წარუმატებელი (საბედნიეროდ) ტერორისტული აქტი მხოლოდ განამტკიცებს შევარდნაძის ხელისუფლებას, მისცემს მას ხელში ახალ-ახალ კოზირებს იმ დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მოსაგებად, რომელსაც აწარმოებს.
    ამდენად, მისი გადარჩენა საქართველოს მოწინააღმდეგეთა დამარცხებაა.
    29 აგვისტოს შემდეგ შევარდნაძემ ეს კოზირები ბრწყინვალედ გამოიყენა. დარწმუნებული ვარ, ახალ კოზირებსაც ასევე შესანიშნავად მოიხმარს  პოზიციათა განსამტკიცებლად.

7 დღე, 11 თებერვალი, 1998 წ.