ყირგიზეთის „მოდელირებული ქრონიკა“

ყირგიზეთის „მოდელირებული ქრონიკა“

      

        13 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული სკანდალური სიუჟეტის გარშემო ვნებები ჯერაც არ დამცხრალა. ექსპერტთა უმრავლესობა აღიარებს, რომ ამგვარი შოკური თერაპია და მოსახლეობის ტვინის . . . . დაუშვებელი იყო, მაგრამ თვითონ სიუჟეტი საქართველოში სავსებით შეიძლება განხორციელდეს, ხოლო მოვლენები ზუსტად ისე განვითარდეს, როგორც იმედის სცენარშია აღწერილი.
        ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა სისხლიანმა მარაზმმა, რომელიც გასულ კვირას ყირგიზეთში დატრიალდა. იმედია, ამას მაინც არავინ მიიჩნევს სააკაშვილისა და მერაბიშვილის «დადგმულ მისტიფიკაციად», რათა ამომრჩეველი დააშინონ 30 მაისის არჩევნების წინ.
        ეს მისტიფიკაცია კი არა, იმის მოდელირება იყო, რა შეიძლება მოხდეს პატარა, სუსტ ქვეყაანში, რომელიც დიდი სახელმწიფოების გავლენის სფეროში იმყოფება. ამავდროულად, სუსტი, კორუმპირებული ხელისუფლება და უპასუხისმგებლო, უზნეო ოპოზიცია ჰყავს.

ველურებით დასახლებული ბნელი ტერიტორია

        თავიდან კი არა ბოლოდან დავიწყოთ; რა მოიგო ყირგიზეთმა იმით, რომ ახალი (თანაც სისხლიანი) რევოლუცია განხორციელდა? ეს ბანდა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მათ მიერვე დღეს ჩამოგდებული პრეზიდენტ ბაკიევის გუნდი იყო, ქვეყანაში დემოკრატიას დაამყარებს? უფრო სამართლიან სახელმწიფოს შექმნის?
        კი მაგრამ, სწორედ მათ, ანუ ბაკიევებმა, უტუმბაევებმა, სხვებმა და სხვებმა არ დაამხეს ერთად პრეზიდენტი ასკარ აკაევი 2005 წელს «ტიულპანების რევოლუციის» შედეგად? ახლა კი პრეზიდენტი ქალბატონი როზა უტუმბაევა ხდება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ (ქალბატონ ნინოს მსგავსად) პრეზიდენტ ბაკიევის პოლიტიკის თანაავტორი იყო, მაგრამ რაც ხელისუფლებიდან გააბუნძულეს, «დემოკრატიული აღმშენებლობისა» და «სამართლიანობის» განცდით აენთო!
        ორიოდე წლის შემდეგ უტუმბაევასაც გამოუყვანენ წირვას მორიგი რევოლუციის შედეგად, ხოლო ყირგიზეთი საბოლოოდ დაიმკვიდრებს მსოფლიოში ბნელი, ველური, სისხლიანი მარაზმითა და ანარქიით მოცული ტერიტორიის იმიჯს.
        2005 წელს, აკაევის «ჩამოგდების» დროს, სისხლი მხოლოდ იმიტომ არ დაიღვარა, რომ იგი ყირგიზეთს 1990 წლიდან (!), ესე იგი 15 წლის განმავლობაში მართავდა. 5 წლიანმა პრეზიდენტმა ბაკიევმა კი, მართალია სახელმწიფოს ჩამოყალიბება მაინც ვერ მოახერხა, ვერც კორუფცია დაძლია, ვერც კლანურობა, მაგრამ მაინც მეტისმეტად მცირე დრო იყო გასული წინა რევოლუციიდან, ამიტომ რევოლუციონერებს ძალის გამოყენება და სისხლისღვრა დასჭირდათ.
        საპროტესტო აქციების პირველ დღეს (7 აპრილს) ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ მოედანზე სპეციალური დანიშნულების ძალები კი გამოიყვანა, მაგრამ არც ცრემლსადენი გაზის გამოყენებამ უშველა საქმეს და არც რეზინის ტყვიებისა – იმიტომ, რომ უბრალოდ არაპროფესიონალები იყვნენ, თორემ ძალის გამოყენებასაც ჭკუა უნდა. ამიტომ, სწრაფად გადავიდნენ «კალაშნიკოვზე»:

ვინ ისროლა პირველმა?

        მომიტინგეთა დახვრეტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა, თუმცა ზუსტად არავინ იცის, ვინ ისროლა პირველმა. არსებობს ინფორმაცია, რომ პირველად მომიტინგეებს ახლომდებარე შენობებიდან ვიღაც უცნობებმა ესროლეს(!), რომლებიც შემდეგ უკვალოდ გაქრენ. დემონსტრანტთა შორისაც ბევრი იყო ავტომატით შეიარაღებული ახალგაზრდა. თანაც სლავური გარეგნობისა.
        გამძვინვარებული ბრბო, რომელსაც უკვე ვეღარაფერი შეაკავებდა, ჯერ პარლამენტში შეიჭრა, გაძარცვა და დაანგრია, შემდეგ პროკურატურა «აოტვნა», დაწვა, ბოლოს პრეზიდენტის სასახლე და რეზიდენცია. ყველა შემთხვევაში, ძვირფასი ნივთები, აგრეთვე ავეჯი გამოჰქონდათ და მხოლოდ ამის შემდეგ წვავდნენ შენობებს.
        საბოლოოდ, «ეროვნული ხსნის კომიტეტმა» დროებითი მთავრობა შექმნა და განაცხადა, რომ «ხალხის ძალით პრეზიდენტი ბაკიევი დამხობილია». რამდენიმე ღამის განმავლობაში, ბიშკეკსა და სხვა ქალაქებში ძარცვა – გლეჯა გრძელდებოდა.
        მომიტინგეთათვის რომ გეკითხათ, «სოციალურმა გაჭირვებამ გამოიყვანათ ქუჩაში». მართლაც, ყირგიზეთი ცენტრალური აზიის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. არც ნავთობი გააჩნია და არც გაზი. ერთადერთი ხსნა უცხოური ინვესტიციები, ანუ დასავლეთის დაინტერესება იქნებოდა, მაგრამ ამ საშინელი მარაზმის შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა, რომელი ბიზნესმენი ჩადებს ასეთ ქვეყანაში თუნდაც ას დოლარს?
        ერთადერთი ვინც, ყირგიზული გადატრიალება-რევოლუციით მოიგო, არის რუსეთი და პუტინის რეჟიმი. პრეს-კონფერენციაზე პუტინმა რამდენჯერმე თქვა: «რუსეთი ყირგიზულ მოვლენებში არაფერ შუაშიაო». იმდენჯერ გაიმეორა ხაზგასმით, რომ საპირისპირო ეჭვი გაჩნდა.
        პუტინს ბაკიევი თავიდანვე არ ეხატებოდა გულზე უკვე იმიტომ, რომ 2005 წლის რევოლუცია (ისევე, როგორც 2003 წლის რევოლუცია საქართველოში) მან ამერიკულ პროექტად და რუსეთის ინტერესების შელახვად აღიქვა. რა არ სცადა ამ აზრის გასაბათილებლად ბაკიევმა – მოსკოვშიც ლამის ყოველ თვე დარბოდა, პუტინს ერთგულებას ეფიცებოდა, რუსული სამხედრო ბაზა დააკანონა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადა, დსთ-ს თითქმის ყველა საინტეგრაციო პროექტში მონაწილეობდა, მეტი რა უნდა ეღონა?
        მაგრამ ყოფილი «გბ» - შნიკის ბოღმა მაინც სხვა არის - მას ვერ მოთაფლავ და გულს ვერ მოუგებ!

პუტინის კონტრრევოლუცია

        გარდა ამისა, კრემლს ისიც აღიზიანებდა, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან ყირგიზეთმა კეთილი ურთიერთობა დაამყარა ამერიკასთან. მანასის ბაზაზე დღემდე იმყოფება ამერიკული სამხედრო კონტინგენტი. მართალია რუსული სამხედრო ბაზაც არის ყირგიზეთში (კანტი), მაგრამ რუსებს ესეც შეურაცხყოფად მიაჩნიათ. ისინი თვლიან, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს არათუ «დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის» უფლება არა აქვთ (როგორსაც აკაევი, შევარდნაძე, კუჩმა თუ ბაკიევი ატარებდნენ), არამედ ვალდებულნი არიან, თავიდან ფეხებამდე რუსეთში იყონ – ამერიკისა და დასავლეთისკენ არც კი გაიხედონ.
        შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის აღებისთანავე, გაჩნდა ინფორმაცია ბაკიევის ამერიკულ ბაზაზე თავშეფარების შესახებ. არავის უთქვამს, «რუსულ ბაზაზე იმალებაო» – არადა, ეს ორი ბაზა არც ისე შორსაა ერთმანეთისგან.
        სწორედ ამერიკული მანასის ბაზიდან (და არა რუსული «კანტ»-იდან) გაფრინდა აკაევი ქალაქ ოშში, შემდეგ იქედან ჯალალ-აბადში, სადაც თავი შეაფარა.
        ყველაფრით ჩანს, რომ ბიშკეკის დაპყრობით და ბაკიევის დამხობით ყირგიზეთში არაფერი დასრულებულა. Uუბედურება იქ მხოლოდ ახლა იწყება, თუმცა საცოდავ ყირგიზებს (ძალიან შრომისმოყვარე, კეთილი და საყვარელი ხალხია) ეს ჯერ კიდევ არ ესმით.
        კრემლი მორიგ გეოპოლიტიკურ გამარჯვებას ზეიმობს: ცენტრალური აზიის საკვანძო ქევყანაში, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება ყაზახეთს. ტაჯიკეთსა და უზბეკეთს, ესე იგი სატრანსპორტო კომუნიკაციების კვეთაზე იმყოფება, მოსკოვმა ქაოსი და ანარქია დაამკვიდრა! იგი შეიძლება ათწლეულებიც გაგრძელდეს. ამით კრემლი ცენტრალური აზიის დღეს მშვიდ სახელმწიფოთა სტაბილურობასაც ძირს გამოუთხრის და რეგიონის ულევი ენერგეტიკული სიმდიდრის ევროპაში ტრანსპორტირების გეგმებსაც ჩაშლის.
        მით უმეტეს, თუ პუტინმა მოახერხა «მართვადი ქაოსის» გადატანა უზბეკეთის და ყაზახეთის ტერიტორიაზე. ამ შემთხევვაში, მისი მთავარი ოცნების აღსრულება (იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენა) ბევრად უფრო რეალური გახდება.

2010