ყირგიზეთი მოგენატრებათ!!!

ყირგიზეთი მოგენატრებათ!!!

    

     «ბიშკეკი მოგენატრებათო» - ასეთ საოცრებას რომ საქართველოში ადამიანი იტყვის, იმის პოლიტიკოსობა როგორ შეიძლება? იმ საქართველოში, რომელმაც ერთი სამოქალაქო ომი უკვე გადაიტანა?!
  სინამდვილეში, 30 მაისს ნაციონალურ მოძრაობას ხმა ამომრჩეველთა უმრავლესობამ მათ შორის იმიტომ მისცა, რომ ეჭვი ეპარება, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ქევყანას «ბიშკეკი» ააცილოს თავს. იმას კი, რაც ყირგიზეთში ხდება, ქართველებისთვის ყველაფერი სჯობს. ესე იგი, ოღონდ საქართველოში «ბიშკეკი და ყირგიზეთი» არ განმეორდეს და ამომრჩეველი მუდმივად ოპოზიციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. ესე იგი ხმას მისცემს ხელისუფლებას! იძახეთ «ყირგიზეთი მოგენატრებათო» და კიდევ ბევრ არჩევნებს წააგებთ უახლოესი 60 წლის განმავლობაში.
      

                                                ქვეყნის აღსასრული

        რაც შეეხება თვით ყირგიზეთს, იქ რომ საშინელება ტრიალებს, მხოლოდ ერთი ფრაზით ხასიათდება: ყირგიზეთი დამთავრდა!!! დამთავრდა არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო, არამედ (კიდევ უარესი) დამთავრდა, როგორც ცივილიზებული ტერიტორია, რომელზეც მოქმედებენ რაღაც ცივილიზებული კანონები: ადამიანები ერთმანეთს თვალებს არ თხრიან, ბავშვებს არ აუპატიურებენ, ცოცხლად არ წვავენ და არ ატყავებენ.
        არადა, ყველაფერი თითქოს «დემოკრატიისთვის ბრძოლით» დაიწყო: ოპოზიციამ ქუჩაში გამოიყვანა ასეულობით ათასი ადამიანი «დიქტატორ ბაკიევის» გადადგომის მოთხოვნით; ბრბომ ბაკიევი დაამხო; ასეულობით ადამიანი დაიღუპა; პრეზიდენტი გააძევეს; ოპოზიციამ «დროებითი მთავრობა» შექმნა და რიგგარეშე საპრეზიდენტო -საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
       მაგრამ ამას ყირგიზეთის სამხრეთ რაიონების მოსახლეობა არ დაეთანხმა. Dდაიწყო შეტაკებები, რომლებიც სულ მალე (რაც გარდაუვალი იყო) გადაიზარდა ეთნიკურ კონფლიქტში უზბეკებსა და ყირგიზებს შორის. დაიღუპა ათასობით ადამიანი. ათეულობით ათასი ლტოლვილად იქცა. უზბეკთა სახლები გაძარცევს, დაწვეს, გაანადგურეს, მცირეწლოვანი ბავშვები გააუპატიურეს. ოშსა და ჯალალაბადში დანებით და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული ბრბოები დაძრწიან და უბრალოდ გამვლელ-გამომვლელებს ხოცავენ. თანაც, ეს ეხება არა მხოლოდ ყირგიზ-უზბეკთა დაპირისპირებას. დღეს ყირგიზეთში ვინ-ვის ხოცავს, საერთოდ ძნელი დასადგენია. ქვეყანა უბრალოდ სისხლიან ქაოსში ჩაეფლო, როდესაც იწყება ომი «ყველა-ყველას წინააღმდეგ».
        სახლებს დიდი ასოებით აწერია sos – ანუ, გვიშველეთ, გადაგვარჩინეთ. იქნებ გაეროს დამკვირვებლებმა მაინც შენიშნონ ვერტმფრენებიდან. Mმაგრამ ვინ არის მშველელი? დროებითმა მთავრობამ სამხრეთ რეგიონებში ჯარები გააგზავნა, მაგრამ ისინი უაზროდ დგანან ცენტრალურ მოედნებზე და სისხლისღვრაში არ ერევიან. ცენტრალური პროსპექტები ბარიკადებითაა ჩახერგილი.

გუშინდელი საქართველო

        ახალმა ხელისუფლებამ უკანასკნელ ხერხს მიმართა: როზა ოტუნბაევამ ოფიციალურად სთხოვა რუსეთს, შეიყვანოს ყირგიზეთში ჯარები და დაამყაროს წესრიგი. მაშასადამე, ხელისუფლებას და ყირგიზულ საზოგადოებას რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია ნაკლებ უბედურებად მიაჩნია ვიდრე ის, რაც ამჟამად ხდება. Dდა რაკი საქმე აქამდე მივიდა, - არც გაემტყუნება.
        ეს ძალიან ჰგავს საქართველოში 1994 წელს განვითარებულ მოვლენებს. იმ დროს ყირგიზეთი სტაბილური, მშვიდი სახელმწიფო ჩანდა. ყირგიზები ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ 16 წლის შემდეგ ისეთ დღეში აღმოჩნდებოდნენ, როგორშიც მაშინ საქართველო იყო.
        სისხლიანი ქაოსიდან თავის დასაღწევად, ედუარდ შევარდნაძემ რუსეთს მიმართა თხოვნით, ქვეყანაში ჯარი შემოეყვანა «რკინიგზის დასაცავად» და ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელებად მოსკოვის მიერ «რეკომენდირებული» ფიგურები დანიშნა. Gგარდა ამისა, სერიოზულად განიხილებოდა «რუბლის ზონაში» საქართველოს შესვლის საკითხი.
        ნამდვილი ტრაგიკომედია კი უტუნბაევას მუდარის შემდეგ დაიწყო: რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა სასტიკი უარი განაცხადა - «ჩვენ ხომ იმპერიული ამბიციები არა გვაქვს, ყირგიზეთში ჯარი შევიყვანოთო». თუმცა, ორიოდე დღით ადრე რუსულ სამხედრო ბაზა «კანტზე», სწორედ მედვედევის ბრძანებით, საათში ერთხელ ჯდებოდნენ რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებსაც მედესანტეები ჩაჰყავდათ «ოფიცერთა ოჯახის წევრების დასაცავად». ესე იგი, კრემლი ყირგიზეთში ჯარს კი აგზავნის, მაგრამ არა იმისთვის, რათა ამ ქვეყანას დაეხმაროს სისხლიანი ქაოსის შეწყვეტაში.
        დასავლური პრესაც აივსო გაკვირვებული სათაურებით; «ასეთი შანსი აქვს თურმე რუსეთს ჯარი გააგზავნოს, დასავლეთის თანხმობით ყირგიზეთზე სრული კონტროლი დაამყაროს და ამ შანსს რატომ არ იყენებსო». არადა, ამ «შანსის გამოყენება» ხომ იმას ნიშნავს, რომ ყირგიზეთში სისხლისღვრა შეწყდეს და სტაბილურობა დამყარდეს? რუსეთს კი სწორედ ის უნდა, ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სისხლი დაიღვაროს, გაუთავებელი ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს, რათა ყირგიზეთი გამოდგეს პლაცდარმად ასეთივე ქაოსის პროვოცირებისთვის მეზობელ ქვეყნებში: პირველ რიგში ყაზახეთსა და უზბეკეთში, სადაც ნურსულტან ნაზარბაევი და ისლამ კარიმოივი ავტორიტარული მეთოდებით ძლივს ინარჩუნებენ სახელმწიფოებრიობას.

                                                                                                                                            ახალი სომალი

        ბოლოს და ბოლოს რუსულმა სპეცსამსახურებმა იმისთვის ხომ არ მოაწყვეს ყირგიზეთში სიხლიანი ქაოსი, რათა ახლა თვითონ დაამშვიდონ და დააწყნარონ? რაში სჭირდება კრემლს ეს მშიერი ქვეყანა? აბსოლუტურად არაფერში! მას სჭირდება მხოლოდ ქაოსითა და ძალადობით მოცული, აფრიკული სომალისავით ყველას მიერ მივიწყებული ტერიტორია, საიდანაც ამერიკელი სამხედროები სულ მალე წავლენ (მათ ხომ ავღანეთში ტრანზიტისთვის სჭირდებოდათ «მანასის ბაზა» და თუ ავღანეთზე საშიში გახდა ყირგიზეთი, მაშინ რა უნდა იქ ამერიკულ კონტინგენტს?) და მხოლოდ რუსი მედესანტეები იშლიგინებენ როგორც უნდათ და საითაც უნდათ.
        ყირგიზეთ-ყაზახეთის საზღვრიდან კი სულ ახლოა ქალაქი ალმა-ატა. Eესე იგი, ყაზახეთის გული. მართალია ნურსულტან ნაზარბაევმა დედაქალაქი ასტანაში გადაიტანა («რუსეთთან ახლოს»), მაგრამ ნამდვილ დედაქალაქად და ქვეყნის ცენტრად მაინც ალმა-ატა რჩება. Aასევე ხელმისაწვდომი აღმოჩნდება რუსებისთვის უზბეკეთის და თურქმენეთის ცენტრალური რაიონები. ტაჯიკეთში კი რუსული ჯარი ისედაც იმყოფება ჯერ კიდევ 90იანი წლების სამოქალაქო ომის პერიოდიდან.
        არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ქალაქ ოშში დაწყებული ყირგიზ-უზბეკთა შეტაკებები სპეცსამსახურთა პროვოცირებულია. არყითა და პლანით გამოთაყვანებული ბრბოს პროვოცირებას რა უნდა?!
        ახლა კი უყვებიან საცოდავი ყირგზიები (და უზბეკები) უცხოელ ჟურნალისტებს, რომ «ვიღაცეებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს და სწრაფად მიიმალენ», «სახურავებიდან ვიღაც უცნობი სნაიპერები ისროდნენ და ვეღარ ვიპოვეთ», «ალბათ უზბეკები (ყირგიზები) იქნებოდნენ, აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო – ჩვენც წავედით და მათი სახლები გადავწვითო».
        რა თქმა უნდა ვერ იპოვიან და ვერც ახალი ხელისუფლება ამოიღებს ხმას მოსკოვის წინააღდმეგ. რომც ამოიღოს, ვინ დაუჯერებს? აბა რუსეთს რაღას მიმართავ დახმარებისთვის?
        ერთი სიტყვით, ამ ქვეყნის ამბავი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასავლეთში «აზიურ დემოკრატიად» მიიჩნეოდა, დამთავრებულია! იგი უკვე აღარავის დააინტერესებს რუსეთის გარდა. ხოლო თავად ყირგიზებს «ბიშკეკი არ მოენატრებათ» - ისინი ისედაც «ბიშკეკში» ცხოვრობენ.
        მათი მომავალი სიბნელე, შიმშილი, ქაოსი და გაუთავებელი სისხლისღვრაა. 

2010