ყაჩაღურ ბანდას – დივერსიული ჯგუფის სტატუსი:         ნორმა არანორმალურ ქვეყანაში

ყაჩაღურ ბანდას – დივერსიული ჯგუფის სტატუსი:         ნორმა არანორმალურ ქვეყანაში

        ასლან აბაშიძის მორიგმა «სენსაციურმა» განცხადებამ აჭარაში ცენტრის მიერ დივერსიული ჯგუფების შეგზავნის შესახებ თბილისში დიდი აურზაური გამოიწვია. თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა სპეციალური განცხადებაც კი გააკეთეს, რომ არავის თბილისიდან არანაირი «დივერსიული ჯგუფი» აჭარაში არ შეუგზავნია და არც გაუცია ბრძანება რომელიმე სამხედრო ქვედანაყოფისათვის გადაადგილების თაობაზე ბათუმის ან აჭარის რომელიმე სხვა დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
        თვით აჭარის პოლიცია ინციდენტის თაობაზე თითქმის არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს; ოფიციალურ პირთა თქმით, «გააუვნებლეს დივერსიული ჯგუფი». ასლან აბაშიძემ დაამატა, რომ ეს ჯგუფი «შემოაგზავნეს», მაგრამ ნათელი მაინც არაფერია: ღიად რჩება მთავარი კითხვები: ვინ? რა? სად? როდის?
        გაჟონა ინფორმაციამ: «დივერსანტები» იარაღით მიადგნენ მწყემსებს და სცადეს, მათთვის ფულის გამოძალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონლის დახოცვით დაემუქრნენ.
        კი მაგრამ, რა შუაშია აქ დივერსიული აქტი? დავუშვათ ჰქონდათ ავტომატური იარაღი, ეცვათ სამხედრო ფორმა ან მართლაც არიან რომელიმე სამხედრო სტრუქტურის «გამოქცეული» წარმომადგენლები - მაინც ეს ყოველივე ჩვეულებრივი ყაჩაღობაა (თუნდაც, დამამძიმებელ გარემოებებში) და არა დივერსიული აქტი;
        რამდენიმე დღის წინ კახეთის მთიანეთშიც მოხდა ანალოგიური ფაქტი, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, იგი «დივერსიულ აქტად» გამოეცხადებინა; რაც ყველაზე ნიშანდობლივია, «დივერსანტები» უკვე რამდენიმე დღეა დაკავებულები არიან, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მხოლოდ ტელევიზიით შეიტყო ამის შესახებ.
        კახა თარგამაძე აშკარად გაგულისებულია: «ორი ქალი ბათუმში ერთმანეთს რომ წაეჩხუბა, ესეც კი რეგისტრირებული უნდა იყოს და უმალვე მატყობინებენ - ასეთი მნიშვნელობის ფაქტი კი, რატომღაც არ შემატყობინესო».
        ეს განცხადება უეჭველად ნიშნავს: კახა თარგამაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვეულებრივ ყაჩაღობასთან აქვს საქმე და არა რაღაც «დივერსიულ აქტთან», მაგრამ მისთვის ნიშანდობლივია ის, თუ როგორ მოიქცა ფორმალურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული ქვედანაყოფი;
        გამოდის «დაქვემდებარება» მართლაც ფორმალური ყოფილა – აბა, შინაგან საქმეთა მინისტრი ტელევიზიით უნდა იგებდეს ასეთი მაშტაბის მოვლენის შესახებ? კახა თარგამაძის განცხადება «შესაბამისი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ» სწორედ ამ გაგულისების მაჩვენებელია. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება იმ თანამდებობის პირის მიმართ, ვინ ვალდებული იყო და «თბილისს» დროულად არ შეატყობინეს ფაქტი. ოღონდ ამ უკანასკნელს ეს «საქმე» შეიძლება სასაცილოდაც არ ეყოს.
        რა თქმა უნდა, მომხდარს პოლიტიკური სარჩული და მოტივაცია აქვს. განცხადება «დივერსანტების» შესახებ კიდევ ერთი «ფეთქებადსაშიში ნაპერწკალია» დაპირისპირებაში თბილისსა და ბათუმს შორის; მაგრამ ძალიან ცდება, ვინც თვლის, თითქოს ეს დაპირისპირება მხოლოდ საარჩევნო ბატალიებს უკავშირდება. ნეტავ ასე იყოს! მაგრამ ასე ნამდვილად არ არის - არსებობს უფრო ღრმა საფუძველი კონფრონტაცისათვის. ეს საფუძველია უფლებამოსილების «გაყოფა» ცენტრსა და რეგიონს შორის. ყველაფერი დანარჩენი - ე.წ. კოალიციის ჩათვლით მხოლოდ შედეგია და არა მიზეზი.
        ტელევიზიით გამოსვლისას ცნობილმა პოლიტოლოგმა, ჯანრი კაშიამ განაცხადა, რომ აჭარა არის სახელმწიფო - სახელმწიფოში. თანაც, სრულებითაც არ უთქვამს ეს ნეგატიური აზრით. მანვე ისაუბრა «ფედერაციის საკითხებზე», მაგრამ, ალბათ, თვით ბატონ კაშიასაც გაუჭირდება დაასახელოს (თუნდაც) ფედერაციული სახელმწიფო, სადაც სასაზღვრო და საბაჟო პრობლემატიკა, მათ შორის, საზღვაო აკვატორიის კონტროლი «ცენტრის» უდავო პრეროგატივა არ არის.
        ერთი სიტყვით, აქ საქმე გვაქვს ისეთ საკითხებში გაურკვევლობასთან, რომელიც სინამდვილეში აბსოლუტურად ცხადი და გარკვეულია: თუ ვართ ერთიანი სახელმწიფო (ნებისმიერი ფორმისა - უნიტარული, ფედერაციული და ა.შ.) და არა ორი სხვადასხვა სახელმწიფო (კონფედერაცია, უნია თუ სხვა), მაშინ რეგიონს (კუთხე იქნება, მხარე, ავტონომიური რესპუბლიკა თუ ფედერაციის სუბიექტი) არავინ ეკითხება სასაზღვრო და საბაჟო საქმეებს.
        ვგულისხმობ, ნორმალურ ქვეყანაში, თორემ საქართველო რომ მართლაც არანორმალური ქვეყანა და საზოგადოებაა, კარგა ხანია ცნობილია. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, თუნდაც თეორიულ დონეზე, - არანორმალურობა ნორმად მივიჩნიოთ, თანაც ვაქოთ და ვადიდოთ.

მერიდიანი, 4 აგვისტო, 1999 წელი