ღია წერილი ჰეიდარ ალიევს

ღია წერილი ჰეიდარ ალიევს

       

        რამდენიმე დღის წინათ, ამერიკულმა რუსულენოვანმა რადიოსადგურმა «სვობოდამ» გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების ღიაწერილის შესახებ.
        ეს ღია წერილი აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ოპოზიციურმა გაზეთმაც დაბეჭდა.
        წერილში ლტოლვილები სთხოვენ ჰეიდარ ალიევს, ადამიანურად მოეპყრას ჩეჩენ ლტოლვილებს და «არ დაარღვიოს სტუმარ-მასპინძლობის კავკასიური ადათ-წესი».
        წერილში აგრეთვე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის პოლიცია და უშიშროების ორგანოები ხშირიად არბევენ ლტოლვილებს, აძევებენ ქვეყნიდან ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, რომელთაც წასასვლელი არსაით აქვთ, აპატიმრებენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს და რუსეთს აძლევენ საწამებლად მოგონილი ბრალდებებით, ვითომ ისინი «ტერორისტები» არიან. არადა, რუსეთისთვის ყველა, ვინც იბრძვის რუსეთისგან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის - ტერორისტია. მცირე ხნის წინ აზერბაიჯანმა რუსეთს ჩააბარა რამდენიმე ჩეჩენი, ანალოგიური ბრალდებით.
        ჩეჩენი ლტოვილები ჰეიდარ ალიევს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსეთის დახმარება ჩეჩენი ხალხის გენოციდში.
        წერილმა დიდ რეზონანსი გამოიწვია აზერბაიჯანში. უეჭველია, რომ თუ ალიევი უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს, სანაცვლოდ რაიმე ხელშესახები მიიღოს რუსეთისაგან ყარაბაღის საკითხში (არადა, ვერ მიიღებს, ცხადია - რუსეთი სომხეთს არ აწყენინებს), ოპოზიციონერები «ჩეჩნურ წერილს» აქტიურად გამოიყენებენ მის წინააღმდეგ.
        რუსულ პრესაშიც გამოჩნდა ცნობები, თუ რა «ლოიალურად» იქცევა აზერბაიჯანი და, მისგან განსხვავებით, «არალოიალურ» საქართველოს როგორ არ სურს, რუსეთს გადასცეს ჩეჩნები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
        ერთი სიტყვით, თუ ვითარებას «გადმოვთარგმნით», საქართველო უფრო იცავს კავკასიურ ადათ-წესებს, ვიდრე აზერბაიჯანი. ჩეჩენი ხალხი ამას არადსროს დაივიწყებს - რუსები ვერ შეძლებენ მათ განადგურებას, შეიძლება, დროებით დაამარცხონ, ფიზიკურად დაიმონონ, მაგრამ სამუდაომდ ვერ დაიმორჩილებენ.
        ჩეჩნებს არასდროს დაავიწყდებათ, სამარადჟამოდ შემორჩება ეთნომეხსიერებას, თაობიდანთაობას გადაეცემა, ვინ როგორ იქცეოდა მათი საზარელი ეროვნული ტრაგედიის დროს: როგორი პოზიცია ეკავა აზერბაიჯანს, საქართველოს, იმავე აფსუებს ე.წ. «ჩრდილოეთ კავკასიელებს» და ასე შემდეგ.
        საქართველოს დღევანდელი პოზიცია ამ საკითხში არის ერთადერთი შესაძლო. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება წამგებიანი იქნება: 1994-1996 წლებში, საქართველომ რუსეთის მიმართ «პოზიტიური» ნეიტრალიტეტის პოლიტიკა განახორციელა ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით, არც ლტოლვილები მიგვიღია, რუს სამხედროებსაც დავუთმეთ ჩვენი ტერიტორიიდან საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის კონტროლი, მაგრამ რა მივიღეთ სანაცვლოდ? - 1998 წლის გალის მაისის მოვლენები!
        ეტყობა, აზერბაიჯანელები იმავე ილუზიათა ტყვეობაში იმყოფებიან, რაც ჩვენ რამდენიმე წლის წინათ «მოვიხადეთ», მაგრამ პლანეტაზე დღეს არსებული (ახალი) ძალთა განლაგების პირობებში ალიევის «ცდა» არათუ ფუჭი, არამედ საშიშიც ჩანს.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: უახლოეს მომავალში ჩეჩნები ჩეჩნეთში და რუსეთის სხვა რეგიონებშიც შეტევაზე გადავლენ. ამის ნიშნები უკვე არის. ისინი ომს მხოლოდ ახლა იწყებენ.

დილის გაზეთი, 17 აპრილი, 2001 წ.