ღია წერილი საპარლამენტო ოპოზიციას

ღია წერილი საპარლამენტო ოპოზიციას

ბატონებო!
    იმთავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ მე, როგორც ალბათ ყველა ქართველი, ყურადღებით ვადევნებ თვალს ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, - დაკავშირებით გრაჩოვის ვიზიტთან და რუსეთის ბაზების დაკანონებასთან საქართველოში.
    ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საქართველოს ძირეულ, ფუნდამენტურ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხება და ამდენად, სრულიად არ არის გასაკვირი თუ «ბაზების პრობლემა» განიხილება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პროცესთა კონტექსტში.
    მართლაც, თუ ამ ჭრილში განვიხილავთ მომხდარს, მაშინ უეჭველად ვიქნებით იძულებულნი ვაღიაროთ, რომ რუსეთის «საოკუპაციო ჯარის» საქართველოში დაკანონებით არ მომხდარა არაფერი ისეთი, რაც ბოლო წლებში თქვენი მონაწილეობით განვითარებულ პოლიტიკურ პროცესს ეწინააღმდეგება.
    ყურადღებით ვისმენ თქვენს «გულმხურვალე», «მრისხანე», გამოსვლებს პარლამენტში და პირდაპირ უნდა გითხრათ - არ მჯერა თქვენი გულწრფელობისა!
    მე მეჩვენება, რომ თქვენ მთელ ამ აურზაურს უფრო იმისათვის სტეხთ, რათა «ვალი მოიხადოთ»; იმიჯი (თქვენი საყვარელი სიტყვაა - ავტ.) შეინარჩუნოთ; პოზიცია დააფიქსიროთ (ეს სიტყვაც ძალიან გიყვართ) და არა იმისათვის, რათა რეალურად შეებრძოლოთ საქართველოს იურიდიულ-სამართლებრივ დამონებას - რუსეთის ჯარისათვის ოცდახუთი წლით (!) ბაზების გადაცემის ფორმით.
    როგორ უნდა შეებრძოლოთ სხვაგვარად? კი მაგრამ, თქვენ ხომ არასდროს არ სვამდით ამ კითხვას, მაგალითად, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა კატეგორიულად მიუღებლად მიგაჩნდათ? უმალვე გამოდიოდით ქუჩაში, აწყობდით მიტინგებს, დემონსტრაციებს, რუსთაველის პროსპექტზე აგებდით ბარიკადებს, მოითხოვდით ტელევიზიის «გახსნას» და ა.შ.
    დღეს რატომ არ აკეთებთ იგივეს? ალბათ იმიტომ, რომ ჭკვიანი ხალხი ხართ და იცით - ის, რაც «ტირან» ზვიად გამსახურდიასთან გაგდიოდათ, შევარდნაძესთან არ გაგივათ - საკმარისია «ქუჩაში გასვლა» სცადოთ, რომ უმალვე დაგამტვრევენ ცხვირ-პირს და ზოგიერთმა თქვენგანმა, რომელსაც არც თუ მთლად უსაფუძვლოდ ედება ბრალი ფინანსურ მაქინაციებში, შეიძლება ციხეშიც ამოჰყოს თავი! ამიტომ დღეს, «გამსახურდიას დიქტატურის პერიოდისაგან» განსხვავებით, «გარეთ გამოსვლა» ძალიან, ძალიან გაფიქრებთ. . . . .
    ესეც რომ არ იყოს, თქვენ, ბატონებო, ხალხი არ გამოგყვებათ და ალბათ თავადაც გეყოფათ ჭკუა, მას არ მოუწოდოთ - არიქა, ქუჩაში გამოდით და რუსის ჯარს თავი შეახოცეთო. საქმე ის გახლავთ, რომ ერთადერთი კატეგორია, რომელიც მართლაც, მზად იყო ქვეყნისათვის თავი გაეწირა - სწორედ თქვენს მიერ იქნა შერაცხული «გონებადაბნელებულ ბრბოდ», ხოლო როდესაც ეს «ბრბო» თამარ მეფის ხიდზე დახვრიტეს (ისინი შევარდნაძეს არ დაუხვრეტია სხვათაშორის), მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციათა პროტესტის პასუხად, სწორედ თქვენ ამბობდით: «ეგენი ხომ დიქტატურის აღდგენის მომხრენი არიანო» (იხილეთ გაზ. «საქართველო», 1992 წლის თებერვალი).
    საინტერესოა, ის უბედური ხალხი, მაშინ რომ თბილისში მიტინგებს აწყობდა, რა პრივილეგიებს ელოდა ზვიად გამსახურდიასგან? რის მიცემა შეეძლო მათთვის დამხობილ პრეზიდენტს - თანამდებობის, პერსონალური ავტომანქანების თუ სხვა რაიმე სიკეთის?

    ისიც გაუგებარია, ბოლოს და ბოლოს რას მოითხოვთ ედუარდ შევარდნაძისაგან? რომ იგი საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის» იბრძოდეს? - ნამდვილად გაგიჟებულხართ, თორემ როგორ შეიძლება ეს მოეთხოვოს ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არა თუ არ უოცნებია, არამედ არც კი უფიქრია ამაზე? ამ კაცს ხომ არასდროს დაუმალავს, რომ მისთვის მზე სწორედ «ჩრდილოეთიდან ამოდის», რომ საქართველო რუსეთის გარეშე დაიღუპება და ა.შ. მერედა, განა თქვენ არ ჩამოიყვანეთ იგი საქართველოში?
    ბატონო თედო! დღეს გამოდიხართ და ამბობთ: «შევარდნაძე უნიათო პოლიტიკას ატარებსო». გაგახსენებთ: 1991 წლის დასასრულს, უზენაესი საბჭოს სხდომაზე, პრეზიდენტმა გკითხათ: «რას დაძვრები მოსკოვში შევარდნაძესთანო?». . . გახსოვთ, რა უპასუხეთ? - ამაყად მოიღერეთ კისერი და მაშინდელ უზენაეს საბჭოში წარმოდგენილი ელიტარული ინტელიგენციის მქუხარე ოვაციის თანხლებით მიუგეთ: «ედუარდ შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსია და მისგან კონსულტაციის მიღება ყველას უნდა ეამაყებოდესო».
    კი ბატონო, შეიძლება მართლაც მოსწრებული პასუხი გამოგივიდათ (აკი ტაშიც დაგიკრეს), მაგრამ დღეს რა სინდისით ამბობთ: «შევარდნაძე «უნიათო პოლიტიკოსიაო» - როგორ შეიძლება «დიდი პოლიტიკოსი», რომლისგანაც «კონსულტაციის მიღება» კიდეც «გეამაყებოდათ», ორიოდე წელიწადში «უნიათოდ» იქცეს? ეს ყოვლად წარმოუდგენელია! - მაშ ვინ ყოფილა სინამდვილეში «უნიათო»?!
    ბატონო ნოდარ! განა თქვენ არ იყავით რომ გაიძახოდით, «შევარდნაძეს ალტერნატივა არ ჰყავსო?» ჰოდა რა გინდათ ახლა, - თუ არ ჰყავდა ამ კაცს ალტერნატივა, იმასაც უნდა შეურიგდეთ, რომ იგი ქვეყანას მართავს თავისი მრწამსის მიხედვით და საქართველოც მიჰყავს იქით, საითკენაც ეს მრწამსი კარნახობს.
    აკაკი ასათიანს საყვედურობთ - პრეზიდენტის დამხობის შემდეგ «კურდღელივით დაიმალა და უმაღლესი საბჭო აღარ შეკრიბაო» - დალოცვილო, მართლა «დაიმალა» თუ არა აკაკი ასათიანი სხვა საკითხია, მაგრამ თქვენ ხომ სწორედ იმ მხარეს იდექით, საიდანაც ის დაუვიწყარი ქვემეხი ჰქუხდა, თქვენ ხომ იმათ გვერდით იყავით, ვინც იმ «უზენაეს საბჭოს» ამხობდა - ახლა როგორღა საყვედურობთ ასათიანს: «ჩვენ რომ ზარბაზანს ვესროდით, იმ უზენაეს საბჭოში რატომ არ იყავიო?».
    ბატონო ოპოზიციონერებო, დღეს ბევრი თქვენგანი გაიძახის - «შევარდნაძემ მოგვატყუა, ჩვენ გვეგონა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოლებდა, მან კი საქართველო რუსეთში დააბრუნაო» - 1991 წლის შემოდგომაზე, ან 1992 წლის მარტში, ყველაზე უკანასკნელი, ყველაზე გაუნათლებელი «ზვიადისტისთვისაც» რომ გეკითხათ, თვით იმ უბედური ქალებისთვისაც კი, 22 დეკემბრამდე უზენაესი საბჭოს შესასვლელთან რომ ისხდნენ და უმოწყალოდ დაარბიეს - ისინიც კი გეტყოდნენ: «დემოკრატიული რევოლუცია» საქართველოში რუსეთის სპეც-სამსახურებმა მოაწყვეს, რათა შემდეგ საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამობრძანდეს და ქვეყანა რუსეთში დააბრუნოსო».
    თუკი ისინი, - თქვენზე გაცილებით ნაკლებად განვითარებულნი და განსწავლულნი - მიხვდნენ ამას, თქვენ როგორღა ვერ მიხვდით? ან იქნებ არც მიმხვდარან ისინი? იქნებ უბრალოდ იმ კაცის სიტყვებს იმეორებდნენ, რომელიც თქვენზე ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი გამოდგა?
    კიდევ უარესი: იქნებ თქვენც ხვდებოდით, ძალიან კარგად ხვდებოდით ყველაფერს, მაგრამ მომავალი პარლამენტის ბრწყინვალებამ მოგჭრათ თვალი? მაშ დღეს რა სინდისით, რა ნამუსით აწყობთ დებოშს, მოუწოდებთ ხალხს დაუმორჩილებლობისა და თავგანწირვისაკენ?
    როდესაც რუსის ჯარი ფოთში გადმოსხდა - მაშინ სად ბრძანდებოდით? სად დასაკარგავში იყავით შემძვრალნი? დღეს ისე გაიკვირვეთ: «რუსეთს 25 წლით ბაზები უკანონდებაო», თითქოს ნამდვილად არ იცოდით, რომ ადმირალი ბალტინი ვიღაცის «ლამაზი თვალებისათვის» ან ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის «პატივისცემის» ფასად არ გადაარჩენდა საქართველოში ამჟამად არსებულ ხელისუფლებას.
    აბა როგორ გგონიათ - ვალს გადახდა უნდა! დივიდენდს - დაბრუნება!
    ზოგიერთი თქვენგანის გამოსვლაში გაისმა: «რეფერენდუმი ჩავატაროთ ბაზების საკითხზეო». საეჭვო მოთხოვნაა! განა სულ ცოტა ხნის წინ, ზვიად გამსახურდიას მმართველობისას, თავად არ იყავით რეფერენდუმების მოწინააღმდეგე - «მშიერ, დეპრესიაში ჩავარდნილ მოსახლეობას არ შეუძლია თავისუფალი არჩევანი გააკეთოსო», დღეს რატომ მოითხოვთ რეფერენდუმს? იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ, როდესაც ხელისუფლება მისთვის სასურველ შედეგს მიიღებს, თქვენ პასუხისმგებლობა მოიხსნათ და იძახოთ (როგორც არაერთგზის გითქვამთ) - მშიშარა და უსულგულო ყოფილა ქართველი ხალხი, მონობა სდომებია და აბა ჩვენ რა ვქნათო?!
    ანუ, იმიტომ ხომ არ მოითხოვთ რეფერენდუმს, რათა თქვენს მიერ ჩადენილი ისტორიული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა მშობელ ერს გადააკისროთ? - ამაზე დიდი უზნეობა წარმოუდგენელია!
    პარლამენტის ბოლო სხდომაზე ერთ-ერთმა თქვენგანმა, რომელიც დეკემბერ-იანვარში იარაღით ხელში «მუზეუმებს იცავდა», ასეთი რამ თქვა: «წინ გავიხედოთ, რას ჩავდივართ, შთამომავლობა ხომ უეჭველად იტყვის, - ქართველმა ხალხმა ეროვნული ხელისუფლება აირჩია, ის მოღალატეებმა დაამხეს და საქართველო რუსეთში დააბრუნესო. იმ ბოლშევიკებს ვემსგავსებით, რომლებსაც 1921 წელს რუსის ჯარით დაამხეს ხელისუფლება და შემდეგ კიდეც დააკანონეს საქართველოს ოკუპაცია».
    ამაზე მეტს და ამაზე უკეთესად მე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. ერთს დავძენ მხოლოდ: ედუარდ შევარდნაძე პოლიტიკური გვამი არ არის, პოლიტიკური გვამები სწორედ თქვენა ხართ და რაც უფრო მალე მივხვდებით ამას - მით მალე მოისვენებთ თქვენც და თქვენს მიერ გვემული საქართველოც!

«მსგეფსი», 1995 წლის მარტი.