ქირურგიული ოპერაცია «აფხაზეთი»

ქირურგიული ოპერაცია «აფხაზეთი»

  
   

    კვირას, საინფორმაციო სააგენტო «იტარ-ტასმა» გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტის დელეგაცია, რათა «ადგილზე» გაეცნოს წყალდიდობის შედეგად შექმნილ ვითარებას, დასახოს შესაძლო დახმარების გზები და საშუალებები.
    ინფორმაციაში აგრეთვე ნათქვამია, რომ რუსეთი, უახლოეს მომავალში აფხაზეთს გამოუყოფს ათი მილიარდი რუბლის ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე სათესლე მასალას - საგაზაფხულო სამუშაოების ხელმეორედ ჩასატარებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ადრე გაზაფხულზე, იმავე რუსეთის დახმარებით, სეპარატისტები სათესლე მასალის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდნენ, ოღონდ ნაშრომი წყალში სტიქიამ ჩაუყარა. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ საქართველოს ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში ეხვეწებოდა რუსეთს ოცი მილიარდი რუბლის გამოყოფას, მაგრამ ეს თანხა ვერა და ვერ მიიღო. საქართველოზე გაცილებით პატარა აფხაზეთს კი, რუსეთმა უმალვე გამოუყო ათი მილიარდი რუბლი. ვითომ ამგვარი ქველმოქმედება რუსი პოლიტიკოსების გულკეთილობითა და გულისხმიერებით არის გამოწვეული? რა თქმა უნდა არა - სწორედ ეს პოლიტიკოსები ხოცავენ უმოწყალოდ მშვიდობიან მოსახლეობას ჩეჩნეთში; ბოლო სამი წლის განმავლობაში მათ ერთხელაც არ გამოუმჟღავნებიათ სურვილი, საბრალო ქართველ ლტოლვილებს დახმარებოდნენ და მათთვის ჰუმანიტარული ტვირთები გამოეგზავნათ.
    მაშასადამე, აფხაზეთისათვის გაწეული «ჰუმანიტარული დახმარება» სინამდვილეში სეპარატიზმის მორიგი მხარდაჭერაა და არა «კაცთმოყვარული აქცია». მოსკოვში შესანიშნავად უწყიან, რომ ამგვარ აქციას საქართველოში კატეგორიულად უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვება, მაგრამ ამას აინუშშიც არ აგდებენ. უფრო პირიქით - ელიან კიდეც ამგვარ რეაქციას, რათა შემდგომ ფარისევლური განცვიფრებითა და სინანულით ამცნონ მთელს მსოფლიოს: წარმოგიდგენიათ? - ჩვენ გაჭირვებაში ჩავარდნილ დამშეულ ბავშვებს ვეხმარებით, თბილისში კი ამას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ და პროტესტსაც კი გვიცხადებენო.

    საქართველოს რომ ჭეშმარიტად ძლიერი და მტკიცე ხელისუფლება ჰყავდეს, რუსეთის იმპერიის ამ მორიგ მზაკვრობას იგი უმალვე უპასუხებდა ადეკვატური ნაბიჯით - რატომ არ შეიძლება, მაგალითად, ჩვენც გავუგზავნოთ ჰუმანიტარული დახმარება (მთიანეთის გავლით) ჩეჩნეთის მთიან რაიონებში გამაგრებულ ჩეჩნებს და რუსეთის საპროტესტო რეაქციის პასუხად ჩვენც განვაცხადოთ: მოშიმშილე ჩეჩენ ბავშვებს ვეხმარებითო?
    რა თქმა უნდა შეიძლება. მაგრამ ამის გაკეთებას შნო და გამბედაობა სჭირდება. ხოლო როდესაც შენს მომავალს მთლიანად რუსეთს უკავშირებ და შიშით ცახცახებ «კრემლის» ხსენებაზე, მაშინ ამგვარად ვერ იმოქმედებ და ისღა დაგრჩება, ბოღმა კვლავ გადაყლაპო.
    არ შეიძლება ისიც არ აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მოქმედება ნამდვილად განპირობებულია აგრეთვე საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გაშლით. ვიმეორებ: მოსკოვში შესანიშნავად უწყიან, რომ დღევანდელ პირობებში აფხაზეთისათვის ათმილიარდიანი (ზოგიერთი ინფორმაციით, ოცდახუთმილიარდიანი) კრედიტის გამოყოფა გააძლიერებს ურთიერთდაპირისპირებას თბილისში, კიდევ უფრო მწვავე ხასიათს შეიძენს აფხაზეთიდან ლტოლვილთა საპროტესტო აქცია, რომელიც შესაძლოა შემდგომ ხელისუფლების საწინააღმდეგო უმწვავეს გამოსვლაში გადაიზარდოს.
    რუსეთსაც სწორედ ეს უნდა! ხომ უნდა მივხვდეთ ბოლოს და ბოლოს - ჩვენი «დაუძინებელი მეგობრისათვის» აბსოლუტურად სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს საქართველოში ან ვინ მოვა ქვეყნის სათავეში - მისთვის მთავარია, საქართველოში იყო პერმანენტული დაძაბულობა, მუდმივი არასტაბილურობა, ურთიერთსიძულვილი და დაპირისპირება - რაც შესანიშნავი საფუძველია «მართვადი ქაოსის» სისტემათა ასამოქმედებლად.
    რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ თითქოს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უარყო «СНГ-ს საქმეთა კომიტეტის» თავმჯდომარის, არამზადა ზატულინის წინადადება «აფხაზეთ-რუსეთის» საზღვარზე შეზღუდვების მოხსნის თაობაზე. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სათათბიროს ამის თაობაზე არც უმსჯელია - უბრალოდ, რამდენიმე ასეულმა (!) დეპუტატმა ხელი მოაწერა მოთხოვნას ამ საკითხის განხილვის თაობაზე და ზატულინის მიერ მომზადებული კანონპროექტი უახლოეს მომავალში განიხილება პლენარულ სხდომაზე.
    «СНГ-ს კომიტეტის» მიერ მომზადებულია ორი ძირითად დოკუმენტი. ეს არის «დეკლარაცია აფხაზეთის შესახებ» და «კანონპროექტი მდინარე ფსოუს საზღვრის მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმის თაობაზე». თუ რატომ «კანონპროექტი» და არა უბრალოდ «დადგენილება» - ადვილად ასახსნელია. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის კონსტიტუციით, სახელმწიფო სათათბიროს დადგენილებას აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის იმპერატიული მნიშვნელობა არ გააჩნია, ამიტომ ზატულინის ჯგუფმა გადაწყვიტა სპეციალური კანონი (!) მიიღონ მდინარე ფსოუს სასაზღვრო მონაკვეთზე ტვირთების გატარების შესახებ. თუ ასეთი კანონი მართლაც იქნა მიღებული, მაშინ შეიძლება წინასწარ ვივარაუდოთ, რომ ელცინი და ჩერნომირდინი ხელებს «გაასავსავებენ» და იტყვიან: «რა ვქნათ, ჩვენ კი გვინდა სეპარატისტების მიმართ ემბარგოს რეჟიმი შევინარჩუნოთ, მაგრამ კანონს ვერ დავარღვევთო».
    თანაც დავაკვირდეთ, რა ეშმაკურად არის ფორმულირებული თვით კანონი: «სასაზღვრო რეჟიმი მდინარე ფსოუს საზღვრის მონაკვეთზე შეუსაბამდეს იმ რეჟიმს, რომელიც არსებობს რუსეთსა და СНГ-ს წევრ ქვეყნებს შორის».
    შეგახსენებთ, რომ СНГ-ს წესდებით მოქმედებს ე.წ. «საზღვრის გამჭვირვალობის» პრინციპი, რომლის თანახმად დაუშვებელია «თანამეგობრობის» ტერიტორიაზე ტვირთებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ფორმალურად, ზატულინს ვერც შეედავები, - იგი მოქმედებს СНГ-ს წესდების თანახმად.
    კიდევ უფრო საინტერესოა ზემოთხსენებული «დეკლარაცია», რომელშიც კერძოდ ნათქვამია: «ბოლო დროს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იღებს აფხაზეთის საზოგადოებრიობის მოთხოვნებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. რაკი საქართველოს მთლიანობა უკვე ცნობილია დე-იურედ, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ჯერ-ჯერობით თავს იკავებს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისაგან, მაგრამ მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ დაუშვას აფხაზეთის ძალადობრივი შეყვანა საქართველოს შემადგენლობაში. ბოლო წლების მოვლენებმა დაადასტურეს, რომ აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს უჭირთ რუსეთის გარეშე მშვიდობიანი თანაცხოვრება, - ეს მომენტი შემდგომი განსჯისა და თავისუფალი არჩევანის საგანი უნდა გახდეს».

    ამ რებუსოიდულ ფრაზაში მაინც არ არის ძნელი დავინახოთ ჭეშმარიტი მისწრაფების კვალი - ზატულინი უბრალოდ სთავაზობს საქართველოს: თუ მას სურს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დაბრუნება, დათანხმდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი, ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფოს კვლავ შექმნას და შევიდეს ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში, რათა აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» შეყოვნებული მოქმედების ნაღმები კვლავ დააბრუნოს «თავის ადგილზე». წინააღმდეგ შემთხვევაში, ზატულინი აშკარად იმუქრება, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოშორების ქირურგიულ ოპერაციას. ეს ოპერაცია ამჟამად დიდი წარმატებით მიმდინარეობს - ფაქტობრივად დაფიქსირებულია საზღვარი მდინარე ენგურზე, ქართველი ლტოლვილები შინ ვერ ბრუნდებიან, დაბრუნებულებს კი ან «აფხაზებად» წერენ ან «მეგრელებად» (გალში უკვე გამოვიდა გაზეთი მეგრულ ენაზე). სოხუმელ და გაგრელ ლტოლვილთა უმრავლესობას თანდათანობით ეწურება იმედი, რომ ოდესმე დაბრუნდება მშობლიურ სახლებში, ამიტომ ისინი რუსეთში მიემგზავრებიან მუდმივ საცხოვრებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა კი თანდათანობით ეჩვევა, ურიგდება იმ რეალობას, რომ საქართველო სხვაა და აფხაზეთი - სხვა, რომ ეს უკანასკნელი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არსებობს «დე-ფაქტო», რამაც არ შეიძლება საბოლოო ჯამში იურიდიული შედეგიც არ გამოიღოს.
    ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება მთელ ამ პროცესს მდუმარედ ადევნებს თვალს. ეს დუმილი «მრავალმნიშვნელოვანი» და რაიმეს «მომასწავებელი» ნამდვილად არ არის - უბრალოდ ხელისუფლება აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როდესაც ნებისმიერი ნაბიჯი საშიში და ზიანის მომტანია; «ჩაკეტილი წრის» გარღვევა მტკიცე ნებითა და გადამწყვეტი მოქმედებით არის შესაძლებელი - ეს თვისებები კი საქართველოს დღევანდელ მმართველ ჯგუფს ნამდვილად არ გააჩნია.

«მსგეფსი», 24 სექტემბერი, 1995 წელი.