ქვეყანა ახალ საარჩევნო ციკლში შედის

ქვეყანა ახალ საარჩევნო ციკლში შედის


               აქტიური საუბრები «ადგილობრივი თვითმმართველობისა» და (პარალელურად) «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის» შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა ახალი, «დიდი საარჩევნო ციკლის» პერიოდში შედის. უკვე აფორიზმად იქცა ფრაზა: «1990 წლიდან გაუთავებლად რომ ტარდება არჩევნები, იმიტომ არის ამ ქვეყნის საქმე კარგად». მართლაც, «ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი რეფორმა» და «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა» ჩვენს პოლიტიკოსებს, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის სჭირდებათ, რომ ახალ საარჩევნო კანონზე მუშაობა დაიწყონ და მისი მიღება უზრუნველყონ.
        ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ 7 პროცენტიანი ბარიერი, ისევე, როგორც «ძველი» (უკვე მოძველებული) საარჩევნო კანონი, დიდხანს ვეღარ გაატანს და, უეჭველად გაუქმდება 2003 წლამდე. ამისათვის შესანიშნავი საშუალებაა «ადმინისტრაციული რეფორმის» შემდგომი განვითარება. თუმცა, ამ შემთხვევაში, ინტერესთა თანხვედრა სულაც არ ნიშნავ,ს რომ ეს რეფორმა ობიექტურად გასატარებელი არ არის. ვითარება საამისოდ ყოველმხრივ მომწიფდა: 2001 წლის შემოდგომაზე (ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში) უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩევნები, მაგრამ ჯერჯერობით დანამდვილებით ცნობილი არ არის, აირჩევს თუ არა მოსახლეობა გამგებლებს და დიდი ქალაქის მერებს.
        ცალკე საკითხია თბილისის მერის არჩევა - რაზედაც შეთანხმება მმართველ ელიტაში ჯერ საერთოდ მიღწეული არ არის. როგორც ცნობილია, 1999 წლის შემოდგომაზე ჩატარდა მხოლოდ საკრებულოთა, სოფლებისა და პატარა ქალაქების (დაბების) თავკაცთა არჩევნები.
        მაგრამ უკვე მაშინ იგრძნობოდა პოლიტიკური ტენდენცია (ნაწილობრივ იგი ფორმატიზებულია კიდეც), რომ შემდეგი არჩევნები «სრულფასოვანი» უნდა ყოფილიყო, ანუ მოსახლეობას უნდა აერჩია არა მხოლოდ რაიონთა საკრებულოები, არამედ გამგებლებიც. უფრო ზუსტად, მაშინ მიღწეული კომპრომისის შესაბამისად, გამგებელს აირჩევდა თვით საკრებულო, რომელიც, თავის მხრივ, აირჩეოდა პარტიულ-პროპორციული გზით. იმთავითვე ძალიან ბევრი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება პარტიული სიებით (როდესაც სოფლების უმრავლესობას აღარ ეყოლება წარმომადგენელი რაიონულ ორგანოში), ელემენტარული იდიოტიზმია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. მაგრამ ეს მაინც წვრილმანი ჩანს იმ პრობლემებთან შედარებით, რაც უეჭველად წარმოიშობა.
        რაიონთა საკრებულოების «პარტიული არჩევნები» პოლიტიკურმა ელიტამ იმისთვის დააწესა (სხვათა შორის, იმდროინდელი ოპოზიციის წინადადება იყო), რათა შეემცირებინა სახელმწიფოებრივად ნეგატიური შედეგი იმ რაიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს ძირითადად არაქართული მოსახლეობა. ბუნებრივია, გამგებლის პირდაპირი არჩევის შემთხვევაში, მინიმუმ 6-7 რაიონში მოსახლეობა საკუთარი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს აირჩევს. მაგრამ «პარტიული არჩევნებიც» არ არის პანაცეა. გარდა ამისა, ეს პრობლემა კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიქმნება, თუ პარლამენტმა სერიოზულად დაიწყო ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხის განხილვა.
        ამჟამად საკითხის დასმას მხარს უჭერს ტრადიციონალისტთა კავშირი (აკაკი ასათიანის თქმით, ამ პროცესში ადგილობრივი არჩევნები შეიძლება გადაიდოს კიდდეც), რაც უეჭველად მისცემს საშუალებას მმართველ პარტიას, პრობლემა მართლაც აქციოს საპარლამენტო დისკუსიის საგნად.
        საქართველში არსბეული ტრადიციისამებრ, თუ ერთი ოპოზიციური პარტია მაინც გამოდის რაიმე საკითხის ინიცირებით, სხვა პარტიებს რჩებათ მხოლოდ ასეთი ალტერნატივა: ან მდუმარედ ადევნონ თვალი მოვლენათა განვითარებას, ან ხსენებული პარტია «კოლაბორაციონისტად» გამოაცხადონ.
        მეორე ვარიანტი ამ შემთხვევაში გამორიცხულია (ან, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებსავარაუდოა), ვინაიდან ეს «აღორძინების» ბლოკში აშკარა განხეთქილების დასაწყისი იქნებოდა.
        თუ გახსოვთ, დაახლოებით ასეთმა სქემამ იმუშავა 1999 წელს, როდესაც ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა 7-პროცენტიანი ბარიერის საკითხის დასმა.
        ამრიგად, აკაკი ასათიანმა (რასაკვირველია, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე) «მოქალაქეთა კავშირს» პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე შეუქმნა. რითაც მმართველი პარტია, უეჭველად კარგად ისარგებლებს, თუმცა, პროცესი უახლოესი ერთი-ორი თვის განმალვობაში უნდა დაიწყოს, ვინაიდან შემდეგ (კონსტიტუციის შესაბამისად) ავტომატურად ჩაირთვება ადგილობრივი არჩევნების მზადების წამზომი.
        მაშასადამე, მთელი ეს ვითარება ვერანაირად ვერ გაირკვევა კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე. ჯერჯერობით ქვეყნის ძირითად კანონში ორი ცვლილება შევიდა (არცთუ უმნიშვნელო), მაგრამ ამჯერად საუბარი იქნება ფუნდამენტურ ცვლილებებსა და დამატებებზე კონსტიტუციაში,
        შესაძლოა, თვით «ნაკლული თავის» შემუშავებაზეც - ისევ და ისევ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ.
        აქ უამრავი იურიდიული და პოლიტიკური სირთულე იჩენს თავს. ჯერ ერთი, კონსტიტუციის შემუშავებისას დაშვებულ იქნა უმძიმესი შეცდომა: ქვეყნის ძირითად კანონში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. ამ სულელურმა თეზისმა საშუალება მისცა, ერთი მხრივ, აფსუა და ოს სეპარატისტებს ეთქვათ (საერთაშორისო ასპარეზზე არგუმენტის სახით), რომ «თბილისთან» მოლაპარაკება მათი სტატუსის განსაზღვრისათვის არის საქართველოს იურისდიქციის აღდგენის პირობა და ეს მოლაპარაკება უსასრულოდ გაეჭიმათ, ხოლო მეორე მხრივ, არ მისცა საშუალება საქართველოს, თავად განესაზღვრა დათმობათა ზღვარი და წარედგინა საკუთარი პროექტი ყოფილ ავტონომიათა სტატუსისა.
        ამიტომ უცხოელ მეგობართა კითხვაზე: კი მაგრამ, თქვენ რას სთავაზობთ აფხაზეთს, რა გარანტიებს ითვალისწინებს მათთვის თქვენი კანონმდებლობა? პასუხს ვერ ვცემდით.
        თუმცა, აფხაზეთი და «სამხრეთ ოსეთი» არ არის ერთადერთი წინააღმდეგობა. სხვა ხასიათის პრობლემაა, მაგრამ მიანც გასარკვევია, როგორ პოზიციას დაიკავებს აჭარის მმართველი დაჯგუფება (არ აგერიოთ ე.წ. «აღორძინების» საპარლამენტო ბლოკში), დაეთანხმება თუ არა იგი წარმოდგენილ ვარიანტს? ან შემუშავებული სქემა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობისა, რამდენად შეესაბამება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალ კონსტიტუციას?
        ეს დოკუმენტი თბილისში ბევრს არავის უნახავს. თუ არ იქნება შეთანხმებული, მაშინ როგრორ გადაწყდება იურიდიული კოლიზია? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუცია ხომ არ შეიძლება წინააღმდეგობაში იყოს?
        მთლიანობაში კი, თუ ყველა ამ წინააღმდგეობის გადალახვა მოხერხდა, საქართველოს კონსტიტუციის ნაკლული თავის მიღება დადებითი მოვლენა იქნება: ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შეიძლება უსასრულოდ იყოს ეს საკითხი გაურკვეველი? იმავე კონტექსტში უნდა გადაწყდეს აგრეთვე «სამხარეო მოწყობის» პრობლემაც. როგორც ჩანს, ეს სტრუქტურა დაკანონდება. ყოველ შემთხვევთაში, ტრადიციონალისტები ყოველთვის «სამხარეო მოწყობის» აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.
        რაც შეეხება პოლიტიკურ კონსულტაციებს, იგი უკვე მიმდინარეობს საპარლამენტო ძალთა შორის, რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ შეხვედრა პრეზიდენტთან. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ამგვარი შეხვედრა უკვე იგეგმება კიდეც - ფრაქციათა თავმჯდომარეების მონაწილეობით.
        საეჭვოა, ყველა ფრაქცია დაეთანხმოს «ტრადიციონალისტთა» წინადადებას, მაგრამ, მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებას თუ მივადევნებთ თვალს, ლოგიკური იქნება, თუ იგი შეეცდება არ ჩამორჩეს აკაკი ასათიანს.
        ამიტომ კვანძი უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში გაიხსნება. ერთადერთი, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია ამ კონტექსტში, არის აფხაზეთის სტატუსის იმგვარი ვარიანტის მიღება, რომელიც ოდნავ მაინც შექმნის რეალური კომპრომისის წინაპირობას.
        ეს კი აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან ს პოლიტიკურ ძალთა შორის უდიდეს კონფრონტაციას გამოიწვევ.

მერიდიანი, 7 თებერვალი, 2001 წელი