ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მიატოვა თავისი მეგობარი - ჯაბა იოსელიანი

ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მიატოვა თავისი მეგობარი - ჯაბა იოსელიანი

მხედრიონი და პოლიცია.
    

    კვლავაც გრძელდება გამოძიება ე.წ. «მხედრიონის» საქმეზე. მართალია ამ ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა დანაშაულში იმხილებიან, მაგრამ სინამდვილეში, ყველა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც «მხედრიონელთა» წინააღმდეგ არის აღძრული, საერთო საფუძველი აქვს.
    როგორც აღმოჩნდა, პოლიცია არც თუ წარუმატებლად ცდილობს ერთგვარად «საერთო პოლიტიკა» აწარმოოს მთლიანად ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მაინც ძლიერ მოწინააღმდეგედ მიაჩნია.
    ამჟამად უკვე დაკავებულია «მხედრიონის» ხუთასამდე წევრი, რომელთა უმრავლესობა უახლოეს მომავალში წარსდგება სასამართლოს წინაშე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პოლიცია «მხედრიონელებს» ასამართლებს არა მხოლოდ 1994-1995 წლებში ჩადენილი დანაშაულისათვის, არამედ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მათ ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ჩაიდინეს.

    გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ექვსი წლის წინ: 1989 წელს, ვითომდაც «ქართული მოსახლეობის დასაცავად», ჯაბა იოსელიანმა შექმნა პირველი გასამხედროებული შენაერთი, რომელსაც «მხედრიონი» უწოდა. შენაერთი მხოლოდ კრიმინალებს არ აერთიანებდა, მაგრამ იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა ე.წ. «შავებს» ან «ძველბიჭებს», რომლებსაც თავიანთი გამორჩეულობითა და ელიტარულობით მოჰქონდათ თავი და არ სურდათ ეროვნული მოძრაობის «სოფლელებთან» ერთად ემოქმედათ.
    სინამდვილეში, ეს გახლდათ ასოციალური მოძრაობა, რომელიც მხოლოდ გარეგნულად იყო პოლიტიზებული - «მხედრიონის» წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა და, განსაკუთრებით, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სულ სხვა მიზნებს ისახავდა - ეს იყო ათწლეულების განმავლობაში საზოგადოების მიერ «დაჩაგრული» კრიმინალური ფენის აღზევება, - საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.
    სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მოწყობილი რამდენიმე სრულიად უსარგებლო «ლაშქრობის» შემდეგ, «მხედრიონმა» მიიღო ის, რასაც ეძიებდა. ანუ, ფაქტობრივად, ხელშეუხებლობის უფლება. ცხრა აპრილის ტრაგედიის შემდეგ მოსული გუმბარიძის ხელისუფლება აღმოჩნდა აბსოლუტურად უნიათო და ლაყე. მას არც ნებისყოფა გააჩნდა და არც უნარი, ელემენტარული წესრიგი მაინც დაემყარებინა ქვეყანაში და კრიმინალთა თარეში აღეკვეთა.
    სწორედ გუმბარიძის პერიოდში, «მხედრიონის» რაზმები, იარაღითა და ბომბებით შეუზღუდავად დაძრწოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. «საბჭოთა საქართველოს» სოციალურმა სისტემამ უმალვე იგრძნო «სახელისუფლებო მარწუხის» შესუსტება და ახალი ორიენტირის, ძალის ახალი წყაროს ძიებას შეუდგა.
    ქარხნის დირექტორები სხვადასხვა საქმის «გასაიმასქნებლად» უკვე დადიოდნენ არა «ცკ»-ში, არამედ ჭადრაკის სასახლეში, სადაც «მხედრიონის» შტაბ-ბინა იყო განლაგებული. ფაქტობრივად, 1989 წლის 9 აპრილიდან - 1990 წლის ოქტომბრამდე საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც ხელისუფლება არ ჰყავდა, - გუმბარიძის ყოვლად უაზრო და უნიჭო მოქმედებას არ შეეძლო სიტუაციის შეცვლა. პოლიცია კი დემორალიზებული იყო და კრიმინალთათვის რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. სწორედ ამით ისარგებლა «მხედრიონმა», მაგრამ მას სჭირდებოდა ლიდერი, ვინც ერთგვარი ინტელიგენტურობის და ელიტარულობის ნიშნით იქნებოდა აღბეჭდილი.
    სწორედ ამგვარი ლიდერის ფუნქცია შეასრულა ჯაბა იოსელიანმა - ყოფილმა «კანონიერმა ქურდმა», რომელმაც ჯერ კიდევ 1940 წელს, 16 წლისამ მიიღო ეს «წოდება», ხოლო 1954 წელს ლენინგრადში ჩადენილი ძარცვა-ყაჩაღობისათვის სიკვდილი მიუსაჯეს.
    სხვათაშორის, დღემდე იდუმალებით არის მოსილი, თუ რატომ შეუცვალეს შემდგომში ჯაბა იოსელიანს დახვრეტა - 25 წლით თავისუფლების აღკვეთით. ყოველ შემთხვევაში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ჯაბა საქართველოს ე.წ. «ელიტარულ ინტელიგენციაში» უაღრესად მიღებული პიროვნება გახდა. ამ «ელიტარულმა ინტელიგენციამ» ამით საბოლოოდ დაისხა თავსლაფი. თუმცა, ზოგიერთები ჩვენი ცნობილი «რეჟისორების», «მწერლების» ანუ, როგორც მაშინ ამბობდნენ, «გამოსული ხალხის» ქმედებას იმით ხსნიდნენ, რომ ისინი, ამ გზით თურმე პროტესტს აცხადებდნენ არსებული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ ეს მტკნარი სისულელეა! პროტესტის ამ ფორმით გასაცხადებლად მათთვის აუცილებელი არ იყო «კანონიერ ქურდთან» ემეგობრათ. შეეძლოთ დაახლოებოდნენ, ვთქვათ, მერაბ კოსტავას. მაგრამ მას ახლოსაც არ იკარებდნენ. ჯაბა იოსელიანი ჩვენს ელიტარული ინტელიგენციას მაშინაც იმისთვის სჭირდებოდა, რისთვისაც ათეულობით წლების შემდეგ, - ანუ ძალის წყაროდ. თითქმის ყველა «ცნობილი ინტელიგენტი» აკრძალულ ნახევრადკომერციულ საქმიანობას ეწეოდა (ე.წ. «ცეხავიკების» მფარველობა და სხვა), ამდენად, ძლიერი მფარველიც სჭირდებოდათ «შავ სამყაროში».

    1990 წლის ოქტომბრამდე, ანუ საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე, ჯაბა იოსელიანი და «მხედრიონი» თავს მაინც არ გრძნობდნენ მყარად, ვინაიდან ახალ პირობებში მხოლოდ «ელიტარული ინტელიგენციის» მხარდაჭერა არ კმაროდა, - საჭირო იყო ახლადჩამოყალიბებული პოლიტიკური ელიტის ანუ «პარტიების» მხარდაჭერაც.
    «ეროვნული მოძრაობის» ტალღაზე წარმოშობილი პარტიების წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას იმთავითვე კრიმინალური ფსიქოლოგია ჰქონდა. ამდენად, «მხედრიონთან» ისინი ადვილად გამონახავდნენ საერთო ენას, მაგრამ ნამდვილი «ოქროს ხანა» «მხედრიონისათვის» დადგა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ზვიად გამსახურდიასა და «მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს» გამარჯვების შემდეგ.
    შურითა და სიძულვილით დაბრმავებული პარტიები უმალვე კატეგორიულად დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას (პირველ რეალურ ხელისუფლებას 9 აპრილის შემდეგ), და კიდევ უფრო დაუახლოვდნენ «მხედრიონს», რომელმაც, ფაქტობრივად, «კარტ-ბლანში» მიიღო.
    ოქტომბერში არჩეული უზენაესი საბჭოს პირველივე სხდომის მსვლელობისას (1990 წლის ნოემბერში) კახეთში «მხედრიონმა» განახორციელა თავდასხმები პოლიციის განყოფილებებზე. ამ თავდასხმებს «გარეთ დარჩენილი» პოლიტიკური ელიტა მიესალმა. თავდასხმებმა უდიდესი მაშტაბები შეიძინა და შეწყდა მხოლოდ 1991 წლის იანვარში, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ განაიარაღა «მხედრიონი» და მის წევრთა უმრავლესობა ციხეში გაამწესა.
    მაგრამ 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შედეგად, «მხედრიონი» არათუ ციხიდან გამოვიდა, არამედ ქვეყნის სათავეში მოვიდა. ჯაბა იოსელიანის გარეშე 1992-1994 წლებში საქართველოში ფაქტობრივად, არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ წყდებოდა. პოლიცია დაჩაგრული და დემორალიზებული იყო, - მხედრიონი როცა მოუნდებოდა, «თავში უტყაპუნებდა».
    მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ პოლიციის იმდროინდელი უმოქმედობა მოჩვენებითი იყო. სინამდვილეში, შინაგან საქმეთა ორგანოები სკურპულოზურად აღნუსხავდნენ «მხედრიონელების» მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს, თითოეულ «წილს», აგროვებდნენ მონაცემებს ამა თუ იმ კონკრეტული დანაშაულის მოწმეების შესახებ. მაგრამ მაშინ «მხედრიონის» წევრთა დაპატიმრება შეუძლებელი იყო, რადგან სამხედრო თვალსაზრისით, ეს ორგანიზაცია პოლიციას არ ჩამოუვარდებოდა და, რაც მთავარია, პოლიტიკურად არ ამოეწურა თავისი ფუნქცია.
    ხოლო როდესაც «მხედრიონმა» ეს ფუნქცია ამოწურა და შევარდნაძემ მის განადგურებას მიჰყო ხელი, პოლიციამ უმალვე «ამოალაგა» არქივიდან ძველი საქმეები. დღეს მხედრიონელებს ასამართლებენ არა მხოლოდ 1992 წლის იანვარ-თებერვალში, ან 1993 წლის შემოდგომაზე ჩადენილი ძარცვა-ყაჩაღობისათვის, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, 1990 წელს და 1991 წლის შემოდგომაზე ჩადენილი დანაშაულებებისთვის, როდესაც პოლიცია უძლური იყო და «კბილების ღრჭიალით» ადევნებდა თვალს კრიმინალთა პარპაშს.
    იმ დანაშაულთა უმრავლესობისათვის არ დამდგარა «ხანდაზმულობა». ამდენად, დღეს, როდესაც 5-6 წელია გასული, მხედრიონელებს ასამართლებენ ისევე, როგორც გაასამართლებდნენ 1990-91 წლებში, როცა საქართველოში «დემოკრატიისათვის ბრძოლა» მიმდინარეობდა.
    ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ კი უმალვე დაივიწყა თავისი ძველი მეგობარი და მოკავშირე - «მხედრიონის» დასაცავად დღეს აღარ იმართება «დემოკრატიულ ძალთა» დემონსტრაციები, აღარც ჯაბა იოსელიანს აცხადებენ «სინდისის პატიმრად». არა იმიტომ, რომ პოლიტიკური ელიტა ბედს შეურიგდა და უფრო ზნეობრივი გახდა, არამედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიხვდა: მეორედ ხალხს უკვე ვეღარ მოატყუებს.

«მსგეფსი», 14 მარტი, 1996 წელი.