ქართული სახელმწიფო - ფელინის რიმეიკი

ქართული სახელმწიფო - ფელინის რიმეიკი

 

        დღეს საქართველოს ეგრეთ წოდებულ «პოლიტიკურ ცხოვრებაში» არსებული ვითარება ძალიან ჰგავს დიდი ფედერიკო ფელინის უბადლო შედევრში «ორკესტრის რეპეტიცია» აღწერილ სიტუაციას. ამ ფილმის ერთგვარი ნიჭიერი «რიმეიკი» შექმნა ელდარ შენგელაიამ «ცისფერი მთები ანუ ტიანშანი», ოღონდ, ქართული სპეციფიკით, თავისთავადი მხატვრული ხერხებითა და ორიგინალური ინტერპრეტაციით. მაგრამ, თუ «ცისფერი მთები» კომუნისტური ეპოქის «დისიდენტური ქართული კინემატოგრაფიის» ნიმუში იყო, ფელინის კინოშედევრის გენიაოლბა მისი «ზედროულობაა».
        დიდი ხელოვანი თითქოს აფრთხილებდა ყველა საზოგადოებას, რომ (უტორირებულად ვიტყვი) საკუთარ წვენში მეტისმეტად ღრმა და ხანგრძლივი ხარშვა, ისევე, როგორც საკუთარ მსოფლმხედველობრივ თუ პოლიტიკურ პრობლემათა აბსოლუტირება, სიკეთეს არ მოიტანს.
        ის მენტალიტეტი, რომელიც შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას, მსოფლმხედველობრივ და ზნეობრივ დისკურსებს ანიჭებს უპირატესობას ზოგად, ფუნდამენტურ პრობლემებთან შედარებით, უეჭველად დაამარცხებს მთელ საზოგადოებას, ქვეყანას მთლიანობაში, ყველა მხარეს - განურჩევლად შეხედულებებისა თუ მრწამსისა.
        ბოლოს კი, ყოველივე მთავრდება იმით, რომ შენობა, სადაც რეპეტიცია მიმდინარეობს და რომელშიც დირიჟორი ამაოდ ცდილობს ჰარმონიის მიღწევას, გარეშე დარტყმებით ხუხულასავით ინგრევა.
        და თუ კარგად გავიხსენებთ, ამაში დირიჟორი (სახელმწიფო) ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე. გაცილებით უფრო ნაკლებად (ყოველ შემთხვევაში), ვიდრე ორკესტრის წევრები, ანუ თვით საზოგადოება და მისი სოციალური სეგმენტები.
        მართლაც რომ საოცარი ანალოგიაა: ილიასეული «ბედნიერი ერი» (მისი დედაქალაქი) გასულ კვირას მძლავრმა მიწისძვრამ შეაზანზარა. სპეციალისტთა აზრით, მიწისძვრის ეპიცენტრი თვით თბილისში იყო. 5-6-ბალიანი მიწისძვრა ქალაქში ხუმრობა არავის ეგონოს. ოდნავ მეტი და ნგრევა (შესაძლოა ტოტალურიც) გარდაუვალი იქნებოდა.
        ჩვენი ქალაქი დაახლოებით, იმავე «მასალითაა ნაგები», რითაც 1988 წლის ლენინაკანი, რომელიც თითქმის პირწმინდად დაანგრია სპიტაკის მიწისძვრამ. მართლაც ხუხულასავით ინგეროდა 8-16 სართულიანი სახლები (ძველ ნაგებობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), რომელთა ანალოგებით განაშენიანდა თბილისი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში.
        უმალვე გაჩნდა ეჭვი: ხომ არ იყო ეს მიწისძვრა რუსული «ტექტონიკური იარაღის» გამოყენების შედეგი («სავიზო რეჟიმის» პარალელურად, საქართველოს დასასჯელად), რაც სრული სისულელეა. «ტექტონიკური იარაღის» შესაქმნელად 70-იან წლებში სამუშაოები მართლაც მიმდინარეობდა როგორც ამერიკაში, ასევე საბჭოთა კავშირში, მაგრამ თუ ლიტერატურას გადავხედავთ, სპეციალისტთა აზრით, ჯერ ერთი, ამ იარაღით შეუძლებელია «წერტილოვანი დარტყმის» განხორციელება, ანუ, მაგალითად, არავის შეუძლია თქვას დანამდვილებით, «მიმართული» მიწისქვეშა ან წყალქვეშა ატომური აფეთქების შედეგად პროვოცირებული მიწისძვრა თბილისს დაანგრევს, ერევანს თუ ვლადიკავკაზს.
        გარდა ამისა, ასეთი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელია შეუმჩნევლად, საიდუმლოდ – ისე, თითქოს, ეს «თავისთავადი და ბუნებრივი» მოვლენა იყო. ხელოვნური მიწისძვრის პროვოცირება იმ ტექტონიკურ სიტუაციაში, რომელიც კავკასიაშია, გამორიცხული ნამდვილად არ არის, მაგრამ შეუძლებელია მაპროვოცირებელი აფეთქების საიდუმლოდ განხორციელება ისე, რომ იგი შეუმჩნევლად დარჩეს მსოფლიოსათვის.
        აქედან გამომდინარე, თავი დავიმშვიდოთ «ალბათობის» მათემატიკური თეორიით: სერიოზული (დამანგრეველი პოტენციის) მქონე მიწისძვრა უახლოესი 1000 წლის წინ, გიორგი II ეპოქაში მოხდა აღმოსავლეთ კავკასიაში. მან ყველა დასახლებული პუნქტი დაანგრია. 3000 წლისათვის კი ეს პრობლემა შესაძლოა, საერთოდ აღარ იყოს აქტუალური.
        სულ სხვა საქმეა «პოლიტიკური მიწისძვრები» ჩვენი ქვეყნის შესაბამის (პოლიტიკურ) ლანდშაფტზე. გასულ კვირას გაგრძელდა მმართველი პარტიის კრისტალიზაცია ლეგენდარული თამუნა ნინოშვილის პარტიიდან გასვლისა და «ახალ ფრაქციასთან» შეერთების შედეგად.
        თუმცა, ამ პროცესების ნეგატიური შედეგი საკუთრივ «ჟვანიას გუნდისთვის» (მით უმეტეს პრეზიდენტისთვის) აშკარად გადაჭარბებულია: ამჟამინდელი (დაწყებული 1995 წლიდან) სახელისუფლებო კონფიგურაცია უნიკალურია და იგი აღარ განმეორდება. შემთხვევითი არ არის საუბრები «საპარლამენტო რესპუბლიკაზე», ხოლო შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე (ანუ 2003 წლამდე) სერიოზული კრიზისი პარლამენტში მოსალოდნელი არ არის.
        ერთადერთი ბერკეტი ამ კრიზისის ორგანიზებისთვის შესაძლოა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ყოფილიყო, მაგრამ გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა ამ ილუზიასაც წერტილი დაუსვა. მმართველი პარტია ყოველთვის შეძლებს პარლამენტში ხმათა საჭირო რაოდენობის შეგროვებას. განსაკუთრებით, მაჟორიტარ დეპუტატთა ან რომელიმე ფრაქციის (ამ შემთხვევაში ფრაქცია «აფხაზეთის») ინტერესთა გათვალისწინებით.
        მაშასადამე, ბიუჯეტის «ჩაგდებით» პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისის პროვოცირება აბსოლუტურად არარეალური ამოცანაა. ამას, როგორც ჩანს, თვით ოპროზიციაც ნათლად აცნობიერებს. მიაქციეთ ყურადღება: რუსეთმა მხოლდ მას შემდეგ გააკეთა განცხადება კრედიტორთა პარიზის კლუბში მისდამი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ქვეყნის ბიუჯეტი და ამით, სავალუტო ფონდისადმი უკანასკნელი ვალდებულებაც შეასრულა.
        მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისას, კასიანოვი, გრეფი, ხრისტენკო და რუსეთის მთავრობის სხვა ხელმძღვანელები ქართველ კოლეგებს აიმედებდნენ, რომ ვალის რესტრუქტურიზაცია პრობლემა არ იქნებოდა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთს არ უნდოდა ეს კოზირი და ზემოქმედების ეს ბერკეტი აშკარად გამოეყენებინა, ვიდრე არ დარწმუნდებოდა: საქართველოს გაუჩნდა შანსი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობათა განახლებისა, რასაც დღევანდელ პირობებში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.
        რაკი დარწმუნდა (პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი), რუსეთის უშიშროების საბჭოს შესაბამისმა ქვესამსახურმა (რომელიც კონკრეტულად საქართველოს კურირებს და ყურადღებით აკვირდება ჩვენს ქვეყანაში პროცესების განვითარებას), უმალვე მოუმზადა შესაბამისი რეკომენდაცია პრეზიდენტსა და მთავრობას, არამც და არამც არ დათანხმებულიყვნენ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციას.
        მართალია, ამით თვით რუსეთისათვის არასასურველი პრეცედენტი იქმნება («საკრედიტო კომბალი, ისევე, როგორც «საივზო კომბალი» რუსეთის წინააღმდეგაც შეიძლება იქნეს გამოყენებულიო სხვა ქვეყნების მიერ), მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უპრობლემოდ განაახლებდა ურთიერთობას სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან, რაც ვითარების სტაბილიზებას შეუწყობს ხელს.
        მოსკოვში (ანუ შესაბამის უწყებებსა და «ქვეუწყებებში», თორემ ჩვეულებრივი მოსკოველი საქართველოზე სულაც არაფერს ფიქრობს და ბოროტიც არაფერი უდევს გულში) ისიც შესანიშნავად უწყიან, რომ საქართველო წლის ბოლმდე ასე თუ ისე შეძლებს რუსეთის ვალის მომსახურებისათვის აუცილებელი 22,5 მილიონი ლარის მოძიებას და დაიტოვებს შანსს, მოელაპარაკოს სსფ-ს.
        მაგრამ ესოდენ მოკლე პერიოდში, ფაქტობრივად, ერთდროულად, მოსკოვში ასეთი თანხის გადარიცხვა უეჭველად დაძაბავს მიმდინარე წლის ბიუჯეტს, ხოლო პარლამენტში ახალიო ძალით იფეთქებს მთავრობისადმი (კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრისადმი) უნდობლობის მოთხოვნა, რაც გააუარესებს (საქართველოსათვის) პოლიტიკურ ფონს «ბაზების თაობაზე» მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდის წინ – უახლოეს დღეებში.
        თვით 2001 წლის ბიუჯეტი კი აგრძელებს დამკვიდრებულ ტრადიციას, რომელიც გულისხმობს სუსტ სახელმწიფოსა და პიროვნული ინიციატივის სრულ შეუზღუდველობას – დაწყებული გადასახადების დაცვიდან, დამთავრებული დაუსჯელი კონტრაბანდით. მაგრამ დღემდე არავის უთქვამს ღიად, რომ ამ ტრადიციას დადებითი მხარეც აქვს: დაინტერესებულ მკითხველს ეცოდინება, რაოდენ ბობოქარი დისკუსია მიმდინარეობს თუნდაც იმავე რუსეთში: რა უფრო მნიშვნელოვანი და პირველადია – სახელმწიფო იყოს ძლიერი მოქალაქეთა თავისუფლების (ანუ კეთილდღეობის) შეზღუდვის ხარჯზე, თუ პირიქით, კმაყოფილმა და ბედნიერმა მოქალაქეებმა უზრუნველყონ სახელმწიფოს სტაბილურობა?
        მიუხედავად საკითხის ერთგვარი სოფისტურობისა, საქართველოს პირობებში, ვგონებ, მეორე სჯობდეს, ვინაიდან ქართული სახელმწიფო, როგორც უნდა მოძლიერდეს, გარეშე (განუზომლად უფრო ძლიერ) ძალთა წინააღმდეგობის პირობებში მაინც ვერ შეძლებს სტრატეგიულ პრობლემათა მარტო გადაწყვეტას, თუ სხვა (მოკავშირე) ძლიერი გარეშე ფაქტორები არ «მოირთო».
        ხოლო უმთავრესი პრობლემის (სტაბილურობის შენარჩუნების) გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ «კმაყოფილი მოქალაქის» ფაქტორით – თუნდაც, იგი სახელმწიფოს ხარჯზე იყოს კმაყოფილი.
        სოციალური პრობლემების გადაწყვეტა (პენსიათა გაუცემლობის პირობებში), როგორც ჩანს, იმავე კონტრაბანდის მეშვეობით ხდება, ეს არის ერთგვარი კომპენსაცია. რა თქმა უნდა, ამგვარი «სოციალური თეორია» მკითხველს არანორმალურად მოეჩვენება, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ეს მეთოდი უფრო ქმედითი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე რეპრესიული ზომებით სახელმწიფოს გაძლიერება და, სამაგიეროდ, ქვეყანაში, რეალური სოციალური უკმაყოფილების ზრდა.
        ყოველ შემთხვევაში, სტაბილურობის ამგვარ თეორიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. თუნდაც «გარდამავალ ეტაპზე», როდესაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, გეოპოლიტიკური პლაცდარმისა და ჩრდილოეთ კავკასიისთვის «მტკიცე ზურგის» შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად საქართველოში არეულობის, დესტაბილიზაციის, ან ახალი სამოქალაქო ომის პროვოცირება აძლევს ხელს.
        თუმცა, მეორე მხრივ, ხარჯების შემცირება სახელმწიფო დოტაციებს მიჩვეული «ელიტის» უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ მისი შესაძლებლობები და გავლენა (მით უმეტეს 10 წლის წინანდელ მოვლენათა შემდეგ) თანდათან იწურება.
        რაც შეეხება რუსეთის ზემოქმედებას – იგი გრძელდება, კვლავაც გაგრძელდება და სულ უფრო აშკარა, უხეშ ხასიათს იძენს. ესეც ძალზე სიმპტომურია – მაშასადამე, «მართვადი ქაოსის» სისტემათა ამოქმედება საქართველოში ჯერჯერობით ვერ შეძლეს, თორემ დესტაბილიზაციის საწყის ეტაპზე ისეთივე «მოჩვენებითად გულგრილნი» იქნებოდნენ, როგორც 8-10 წლსი წინანდელი სამოქალაქო «შიდა ქართული დაპირისპირებისას». მაგრამ რაკი აშკარა ნაბიჯებს დგამენ, ღია დემარშებს აკეთებენ, მაშასადამე, ის ხრიკები საქართველოში «ვეღარ უჭრით».
        მაგალითად, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ფედერალურმა სასაზღვრო სამსახურმა «ფსოუსა» და «როკის» საგუშაგოებს დაუგზავნეს ცირკულარი, რომლის შესაბამისად, რუსი მესაზღვრეები, აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» სასაზღვრო მონაკვეთებზე ატარებენ საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე იყვნენ ჩაწერილი საბჭოთა პერიოდში.
        ვთქვათ, როკას გვირაბთან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე («სამხრეთ ოსეთისგან» განსხვავებით, აფხაზეთში ეს საერთოდ არ არის აქტუალური) თავისუფლად გადადიოდნენ (სავიზო რეჟიმის შემოღებამდე) გორსა და კასპში მცხოვრები ქართველები. ამიერიდან კი «უვიზოდ» ატარებენ მხოლოდ მათ, ვინც წარმოადგენს «საბოჭთა პასპრორტს» ყოფილ «სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ, საბჭოთა სოციალისტურ ოლქში» ჩაწერით.
        ეს ფაქტი კიდევ ერთხელ თვალნათლივ ადასტურებს, რამდენად თვალთმაქცური და ცრუპენტელური იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის განცხადება, რომ «შეღავათიანი რეჟიმი წესდება რუსეთ-საქართვლოს საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე და არა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის». სინამდვილეში, კრემლი სწორედ სეპარატისტებს ახალისებს და ესოდენ აშკარა ვერაგობა, ესოდენ ურცხვი ორმაგი სტანდარტი, მას უეჭველად ბუმერანგად დაუბრუნდება სხვა ქვეყნების მხრიდან.
        თუმცა, «სავიზო რეჟიმს» დადებითი მხარეებიც აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით: უეჭველად შემცირდება კონტრაბანდა, ხოლო რუსეთის ნებისმიერი ოფიციალური პირის, ან თუნდაც ჟურნალისტის შემოსვლა «სამხრეთ ოსეთსა» და აფხაზეთში (ცენტრალური ხელისუფლების თანხმობისა და ნებართვის გარეშე) შექმნის პირობებს საპროტესტო დიპლომატიური დემარშებისთვის.
        ეს კი, თუ დღეს მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათა დაძაბვას გავითვალისწინებთ, სრულიად უწყინარი რამ (რუსეთისთვის) სულაც აღარ არის. მით უმეტეს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე.
        თავისთავად, ესეც ძალიან ნიშანდობლივი მოვლენაა. იგი მიუთითებს, რომ რუსულმა საზოგადოებამ, მათ შორის ისტებლიშმენტმა «არაფერი დაივიწყა და ვერაფერი ისწავლა». საბჭოთა ჰიმნის აღიარება რუსეთის ჰიმნად გაცილებით უფრო მრავლისმეტყველი დემარშია, ვიდრე 4 წლის წინათ ბელოვეჟის ხელშეკრულებათა დენონსაცია. ამით რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მისი მიზანია «მიწების კვლავ შეკრება და «დერჟავას» აღდგენა, თუნდაც ფრაგმენტული იმპერიალიზმის ფორმით, ანუ სეპარატისტული ტერიტორიების მიერთებით.
        ერთადერთი, რაც ამ «ტრიუმფს» ხელს უშლის, ისევ და ისევ ჩეჩნეთის ომია, რომელიც რუსეთმა ვერა და ვერ დაასრულა. ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილება პანკისის ხეობის ჩაკეტვის (უფრო ზუსტად, «ბლოკირების») შესახებ შინაგანი ჯარებით. კიდევ კარგი, ეს ქვედანაყოფები პანკისის სიღრმეში არ შევიდნენ, ვინაიდან იქ პროვოკაციის მოწყობა გარდაუვალი იქნებოდა – სათანადო პოლიტიკური შედეგებით.
        გარდა ამისა, ზოგადად ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკავშირებით, საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ამ ხალხის მენტალიტეტი. ჩვეულებრივი კატეგორიებით მასზე მსჯელობა შეუძლებელია. რამდენიმე დღის წინ «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოქვეყნდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხოჟ ახმედ ნუხაევის სტატია «დავითი და გოლიათი», რომელიც ჩეჩნეთის ომის «ესქოტოლოგიურ საფუძვლებს» ეძღვნება. ნუხაევი ეგრეთ წოდებული, «კავკასიის საერთო ბაზრის» პრეზიდენტია და ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს. სტატიის დედააზრი შემდეგში მდგომარეობს: «კაცობრიობის სულიერ საწყისებს არღვევს ცივილიზაცია, როგრც ასეთი, რომლის ერთადერთი გამოხატულება ამჟამად ანგლო-საქსური «საზღვაო ცივილიზაციაა». ჩეჩნეთს სურს იცხოვროს ბარბაროსობის (ნუხაევი ანსხვავებს «ბარბაროსობასა» და «ველურობას») პირობებში, ვინაიდან ცივილიზაცია რყვნის ადამიანს, როგორც სულიერ არსებას; რუსეთი ცდილობს, ჩეჩნეთში ძალით დაამკვიდროს ცივილიზაცია, ნაცვლად ბარბაროსობისა და ამას აკეთებს (მიაქციეთ ყურადღება) «საზღვაო ცივილიზაციის» (ანუ ამერიკის შეერთებული შტატების – ავტ.) მითითებით, რომელსაც, თავის მხრივ, სურს აქციოს ევრაზიის სამხრეთი «საკომუნიკაციო დერეფნად».
        მაშასადამე, რა გამოდის? – რუსეთი (ამ თეორიის შესაბამისად) მსხვერპლი ყოფილა. იგი (საბრალო) ვერ ხვდება, რომ ჩეჩნეთის განადგურებით საკუთარ სულიერებას ანგრევს, ვინაიდან, «ქალაქური ცივილიზაცია», როგორც ყოველგვარი ბოროტების წყარო, მისთვისაც ისევე მიუღებელია, როგორც ჩეჩენი ხალხისთვის – ორივეს, სინამდვილეში, პატრიარქალური ველურობის პირობებში ურჩევნია ცხოვრება.
        წარმოგიდგენიათ? ესე იგი, რუსეთი კი არ ყოფილა დამნაშავე დღეს ჩეჩენი ხალხის გენოციდში, არამედ... ისევ და ისევ, «საზღვაო ცივილიზაცია», ანუ ამერიკის შეერთებული შტატები!!!
        თითქოს ამერიკა ბომბავდა ჩეჩნეთის ქალაქებსა და სოფლებს, ამერიკა ხოცავდა მათ ქალებსა და აბვშვებს, ამერიკამ მოაწყო ჩერნოკოზოვოში საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც რუსის სალდათები ჩეჩენ მამაკაცებს აუპატიურებდნენ (ქალებზე ხომ საერთოდ აღარ გვაქვს საუბარი), ამერიკა ასხამდა ჩეჩნეთის ტყვეებს ბიოლოგიურ იარაღს – ვირთხებსა და გველებს, ხვლიკებსა და სხვა ქვეწარმავლებს, რომელსაც ინფექცია გადაჰქონდათ...
        და ამას წერს არა მოსკოვში მცხოვრები ჩეჩენი, არამედ ასლან მასხადოვის მარჯვენა ხელი, მისი «წარმომადგენელი პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში», ხოჟ აჰმედ ნუხაევი – იჩქერიის დაზვერვის ყოფილი შეფი.
        თუმცა, იგი გამონაკლისი არ არის: 2 წლის წინათ თვით ასლან მასხადოვომაც ძალზე საეჭვო განცხადება გააკეთა: «ამერიკა გაცილებით ურფო საშიშია ჩეჩნეთისთვის, ვიდრე რუსეთი». არადა, თუ ასეა, მაშინ რუსეთს რაღას ეომეთ 400 წლის განმალვობაში? ანუ ასეთი მენტალიტეტის მქონე ლიდერებთან ურთიერთობისას, საქართველოს მართლაც განსაკუთრებულოი სიფრთხილე მართებს – პანკისის ხეობაში ნებისმიერი «მკვეთრი მოძრაობა» შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოეყენებინა იმავე რუსეთს.
        სულაც არ არის გამორიცხული, მოსკოვმა ისევ საქართველოსკენ შემოატრიალოს «საზღვაო ცივილიზაციისა» და «ანტიბარბაროსული საკომუნიკაციო დერეფნის» მოძულე ჩეჩნების აგრესია. ამდენად, ის პოზიცია, რაც ამჟამად დაიკავა საქართველომ (პანკისის ხეობის ყელთან შინაგანი ჯარის ჩაყენება იძულებითი ნაბიჯი იყო) სწორი და მიზანშეწონილია: ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ არანაირად არ ვმონაწილეობთ ჩეჩენი ერის გენოციდში, პირიქით, ვეხმარებით ამ ხალხს მისი გენოფონდის შენარჩუნებაში და ამიტომაც ვუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. საქართველო ამას აკეთებს იმ მიზნით, რათა ნუხაევისმაგვარმა გარეწრებმა, რუსეთის სპეცსამსახურებთან «ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე», მერე ყველაფერი ჩვენ არ დაგვაბრალონ და ერთობლივი პროვოკაციები არ წამოიწყონ.
        კვლავინდებურად არ მეპარება იოტისოდენი ეჭვი, რომ 1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტი თბილისში რუსეთისა და იჩქერიის სპეცსამსახურთა ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, «საზღვაო ცივილიზაციის» კავკასიური ფორპოსტის წინააღდმეგ განხორცრიელებული ერთობლივი პროვოკაცია იყო - «ზვიადისტების» გამოყენებით.
        ასეთი «თანხვედრის» საფუძველი არ უნდა შევქმნათ – მას შექმნიდა (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს) რუსეთისადმი ჩვენი მხარდაჭერა, ან, თუნდაც, მისდამი კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი ჩეჩნეთის ომის დროს.
        სულ ერთია, სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთი ამ ომს მაინც წააგებს. ვინაიდან, პარტიზანული ომი, განსაკუთრებით ასეთ რელიეფზე, ასეთ ბუნებრივ პირობებში ჯერ არასდროს არავის მოუგია.
        სამწუხაროდ, რუსეთმა მაინც მიაღწია ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს: სერიოზულად შეარყია საქართველოს სტაბილურობის ხატი საერთაშორისო ასპარეზზე. რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში მოგზაურობისგან.
        მართალია, ეს გაფრთხილება მთელ საქართველოს არ ეხება, მაგრამ იგი მაინც აფრთხობს ინვესტორებს. სხვათა შორის, საქართველოში ინვესტორთა სიმცირე და უცხოური კაპიტალის «სიდინჯე» საინვესტიციო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ძირითადად, სწორედ ამ პოლიტიკური მიზეზით (რეგიონში არსებული დაძაბული მდგომარეობით) არის გამოწვეული.
        კავკასიაში მხოლოდ ყარაბაღის კონფლიქტიც რომ იყოს (დამეთანხმებით, ამ კონფლიქტის წარმოშობა ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის) საქართველო მაინც ჩაითვლებოდა «მაღალი რისკის ზონად» საინვესტიციო თვალსაზრისით, ვინაიდან კავკასიის რეგიონის განუყოფელი ნაწილი ვართ.
        ასეთ ვითარებაში ისიც საკვირველია, როგორ შემოვიდა საქართველოში «აეს»-ის მაგვარი ინვესტორი, რომელმაც უკვე 224 მილიონი დოლარის ინვესტირება განახრციელა.
        უფრო მნიშვნელოვანი აქ «პოლიტიკური რისკის» ფაქტორია და არა «ეკონომიკურის». გაიტაცებენ თუ არა თბილისში ესპანელ ბიზნესმენებს, ან კოდორის ხეობაში გაეროს დამკივრვებლებს, საინვესტიციო კლიმატს ეს ბევრად ვერ გააუარესებს, მაგრამ აი, პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების ქმედითობის თვალსაზრისით კი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
        კვლავინდებურად იდუმალებით არის მოცული ესპანელ ბიზნესმენთა გატაცებასთან დაკავშირებული ისტორია.
        კოდორის ხეობაში დატყვევებულიო სამხედრო დამკვირვებლების ისტორია კი გასულ კვირას ბედნიერად დასრულდა. ზბიგნევ ბლეხაჩი და ვესტასიოს კოკინიდისი მცირე შვებულებით თავიანთ ქვეყნებში გაემგზავრნენ, თუმცა, უკან დაბრუნებას აუცილებლად აპირებენ, რაც «საქართველოს გულმხურვალე სიყვარულთან» ერთად თვეში 7 ათას დოლარიანი ხელფასითაც აიხსნება.
        ნიუ-იორკიდან გაეროს ხელმძღვანელთა მრისხანება აღწევს საქართველომდე: აქაოდა, უკვე მესამე შემთხვევაა, კოდორის ხეობაში და გამტაცებლებს რატომ არ სჯითო. ამ თხემით ტერფამდე პოლიტიკურად კორუფცირებული და ბიუროკრატიულად გახრწნილი ორგანიზაციის ჩინოვნიკებს ხომ ვერაფრით შეაგნებინებ: საკმარისია საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში რაიმე ქმედითი ღონისძიების განხორციელება სცადოს გამტაცებელ ავაზაკთა დასასჯელად, რომ, ჯერ ერთი, შედეგს ვერ მიიღებს (კოდორის ხეობაში მხოლოდ მამაზეციერის იურისდიქცია ხორციელდება) და მეორეც: ასეთი მცდელობის შემდეგ, გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გატაცების მეოთხე შემთხვევა ესოდენ იდილიურად აღარ დასრულდება და გათავისუფლებული მძევლები «სამშობლოებში» ვეღარ გაემგზავრებიან. უფრო მათ მოჭრილ თავებს მიიღებენ გაეროს სოხუმის ოფისში და მერე აცხადონ პროტესტები «დამნაშავეებს რატომ არ სჯითო».
        ასეთ ვითარებაში, მაინც დამაიმედებელ სიმპტომად იქცა «ბრითიშ პეტროლიუმის» ვიცე-პრეზიდენტის, რეფ დიგინგსის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც განაცხადა, რომ «ბი-პი» (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორი) იწყებს საინჟინრო სამუშაოებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. საბოლოოდ დაზუსტდა ნავთობსადენის მარშრუტიც. იგი თურქეთ-საქართველოს საზღვარს გადაჰკვეთს ახალციხესთან და არა იმავე რეგიონის სხვა მონაკვეთზე, სადაც სამომავლოდ დამატებითი პრობლემები არ მოგვაკლდებოდა.

დილის გაზეთი, 18 დეკემბერი, 2000 წელი