ქართული «პოლიტოკრატიის» აღსასრული

ქართული «პოლიტოკრატიის» აღსასრული


   

    საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ფაქტობრივად დაასრულა თავისი მუშაობა. ძირითადად, მოწონებულია კონსტიტუციის პროექტი, რომელიც კომისიას სახელმწიფოს მეთაურმა წარუდგინა.
    კონსენსუსი ედუარდ შევარდნაძესა და ე.წ «საპარლამენტო ოპოზიციას» შორის ჩაიშალა. ამ უკანასკნელის მიერ გამომუშავებული «ჩიკაგოს პროექტი», რომელიც შეუთავსებლის შეთავსებას ისახავდა მიზნად და პოლიტიკური სპეკულაციის თვალნათელი ნიმუში იყო, - ქართულ პოლიტიკურ ელიტას იმავე შევარდნაძემ «თავზე გადაახია». საბოლოო პროექტში, რომელსაც უეჭველად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი ელიტარული ინტელიგენციის (იგივე «შევარდნაძის ელიტის») აბსოლუტური უმრავლესობა, ასახულია ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა ანუ ე.წ. «ფრანგული მოდელი» (გახსოვთ ალბათ ის ბრიყვული დისკუსია, რომელიც ჩვენებურმა «პოლიტოკრატიამ» მოაწყო 1991 წელს). იგი ითვალისწინებს ხელისუფლების უდიდესი ნაწილის ფოკუსირებას პრეზიდენტის ხელში. თავად განსაჯეთ - პრეზიდენტს უფლება ეძლევა დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი - ქალაქისა და რაიონის გამგებელთა ჩათვლით.
    პრეზიდენტს უფლება ეძლევა დაითხოვოს პარლამენტის ქვედა პალატა, დანიშნოს რეფერენდუმი ნებისმიერ საკითხზე და ა.შ. გარდა ამისა, პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს (პარლამენტის დაუკითხავად) სამხარეო ადმინისტრაციათა მეთაურებს - გუბერნატორებს.
    სხვათა შორის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უფლებამოსილება ბევრი თვალსაზრისით უფრო შეზღუდული იყო. მაგრამ მაშინ «ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის» მრავალი დღევანდელი მომხრე ისტერიულად გაჰკიოდა - საქართველოში დიქტატურა მყარდებაო. თუმცა, ზოგიერთი დღესაც იმეორებს იგივეს იმავე მოტივებით, - კრიმინალისათვის ნებისმიერი ხელისუფლება «დიქტატორულია». გარდა, რა თქმა უნდა, იმ ხელისუფლებისა, რომლის დროსაც მას ციხეში კი არ სვამენ, არამედ სამთავრობო სავარძლებში.

    თითქმის უეჭველად შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ თუ სექტემბერში ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს საქართველოში ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას - აქ შევარდნაძისადმი სიმპათია ან ანტიპათია არაფერ შუაშია: ქვეყანა დარწმუნდა, რომ სტაბილური სახელმწიფოს ასაშენებლად ძლიერი და სტაბილური ხელისუფლებაა საჭირო.
    ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ე.წ. «საპარლამენტო რესპუბლიკის» მომხრეთა არგუმენტები. სავსებით ნათელია, რომ ამგვარი «მოდელის» განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყანაშია შესაძლებელი, რომელსაც რეალური სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი და უწყვეტი ტრადიცია გააჩნია. იმ ქვეყანაში კი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ანექსირებული იყო და სხვა სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენდა, - ასეთი «მოდელის» შემოღება აუცილებლად გამოიწვევს პერმანენტულ სამოქალაქო ომს, მუდმივ სოციალურ რყევებსა და მაფიის თარეშს.

    ამრიგად, საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება უკვე გადაწყვეტილია. ძნელი არ არის ისიც ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იქნება. სხვათა შორის, ძალზე საინტერესოა თუ რა დიდოსტატურად შეამზადა შევარდნაძემ ნიადაგი საკუთარი პერსონის საბოლოო ლეგიტიმაციისათვის.
    ჯერ კიდევ 1994 წლის ოქტომბერში, საინფორმაციო საშუალებებში ატყდა გნიასი «მოახლოებულ» არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი წელი იყო დარჩენილი.
    მაშინ შევარდნაძე განუწყვეტლივ იმეორებდა: ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჯერ დიდი დროა. . . და ა.შ. გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის მხრიდან არავითარი განსაკუთრებული აქტივობა ამ მიმართულებით არ იგრძნობოდა - ზოგიერთმა პოლიტოლოგმა (და პოლიტიკოსმაც) გამოთქვა ეჭვი არჩევნების შესაძლო გადატანის თაობაზე, რაც იმთავითვე არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
    სინამდვილეში, სახელმწიფოს მეთაურსა და მის გუნდს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი 1995 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არცევნების ჩატარება, მაგრამ მათ სურდათ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები «ცაიტნოტში ჩაეგდოთ» - არ დაეტოვებინათ მათთვის დრო მომზადებისა და სიტუაციაში გარკვევისათვის.
    რასაკვირველია, შევარდნაძემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თუ იგი დროზე ადრე განაცხადებდა ამის თაობაზე, ან თუ კონსტიტუციის «საპრეზიდენტო» პროექტი რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდებოდა, მაშინ მისი მოწინააღმდეგე «პრეზიდენტობის კანდიდატები» (ასეთებს რა დალევს საქართველოში?!) მიიღებდნენ საშუალებას, მომზადებულიყვნენ, სოციალური და პოლიტიკური ალიანსები შეეკრათ გავლენიან ჯგუფებთან, ფინანსური რეზერვები დაეგროვებინათ და ა.შ.
    დღევანდელ პირობებში კი, როდესაც საპრეზიდენტო კამპანიისათვის სულ რაღაც ორიოდე თვე იქნება გამოყოფილი, - საეჭვოა რომელიმე სოციალურმა დაჯგუფებამ, მით უმეტეს, «ოპოზიციამ», ალტერნატიული ლიდერის გამოკვეთა შეძლოს - იმდენად დიდია დაპირისპირება თვით ოპოზიციის შიგნით და იმდენად მძლავრად მოქმედებს კონსტანტინე გამსახურდიასეული «ნაბიჭვრის» სინდრომი.
    ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძეს, რომელსაც ამავე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად საჭირო ყველა პირობა ჰქონდა, გამარჯვება გარანტირებული აქვს, მაგრამ ქართველი პოლიტოკრატია, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამას საქართველოში პოლიტიკური პროცესის შინაარსისა და შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.
    ჩვენებური «ოპოზიციონერები» დაახლოებით ასე მსჯელობენ: «შევარდნაძეს ალტერნატივა არა ჰყავს, მაგრამ იგი მარად ხომ ვერ იცოცხლებს? - შემდეგ ჩვენი დროც მოვა».
    აი, სწორედ აქ ცდებიან ყველაზე მეტად! ეს შეცდომა თვალნათლივ გამომჟღავნდა, როდესაც ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა განაცხადა: ამჟამად შევარდნაძეს ვერავინ გაუწევს კონკურენციას, მაგრამ არენიდან მისი წასვლის შემდეგ ქვეყანა ხომ დადგება იმის აუცილებლობის წინაშე, რომ ალტერნატივა ეძებოსო - ამგვარი მსჯელობა დღევანდელი ოპოზიციის სრულ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, - ისინი კვლავ «პარტიული» დემოკრატიის ცნებებით მსჯელობენ მაშინ, როდესაც შევარდნაძის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტის მიღება უეჭველად ნიშნავს იმას, რომ «პარტიული დემოკრატიის» ეპოქა საქართველოში მთავრდება.
    რაკი ხელისუფლება კონცენტრირდება პრეზიდენტის ხელში, ეს იმას ნიშნავს, რომ იწყება ე.წ. «ელიტარული დემოკრატიის» ეპოქა. «ეროვნული მოძრაობის» პერიოდში ჩამოყალიბებულმა პარტიებმა ვერ მოასწრეს ახალ საზოგადოებრივ ელიტად ჩამოყალიბება. ერთადერთი ელიტა დღეს ისევ და ისევ შევარდნაძის ელიტაა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შევარდნაძე ამ ელიტას მოიყვანს ქვეყნის სათავეში (უფრო სწორად, საბოლოოდ დაამკვიდრებს მას საქართველოს სახელისუფლებო დონეზე), ხოლო შევარდნაძის ასპარეზიდან წასვლის შემდეგ, მესამე პრეზიდენტი უეჭველად იმავე ელიტიდან იქნება.
    ანუ, დღევანდელი ოპოზიცია უკვე ვეღარასოდეს შეძლებს ალტერნატივის წამოყენებას და მის გაყვანას - ტყუილად ფიქრობს ზოგიერთი  «შევარდნაძე რომ აღარ იქნება, ჩემს მეტს აბა ვიღას აირჩევენო» - თუ შევარდნაძის ელიტამ საპრეზიდენტო ინსტიტუტში ფოკუსირებული ხელისუფლება ხელთ იგდო, შემდეგ მას აღარ გაუჭირდება ალტერნატივის მოძებნა საკუთარი რიგებიდან, რომელიც უფრო მისაღები იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ვიდრე რომელიმე ოპოზიციონერი.
    ამრიგად, საპრეზიდენტო ინსტიტუტის შემოღება საქართველოში და ამ არჩევნებში შევარდნაძის გამარჯვება უეჭველად ნიშნავს 1988-92 წლებში ჩამოყალიბებული ქართული «პოლიტოკრატიის» საბოლოო დასამარებას.

«მსგეფსი», 29 ივნისი, 1995 წელი.