ქართული პოლიტიკის რებუსები და კვირის მთავარი სკანდალი

ქართული პოლიტიკის რებუსები და კვირის მთავარი სკანდალი

 

        ქართველი პოლიტიკოსები ზოგჯერ გამოცანებით საუბრობენ. ეს უფრო ხშირად მაშინ ხდება, როდესაც თავისი ნამდვილი მიზნების გამომჟღავნება არ სურთ, არ უნდათ პოტენციურ მოკავშირეებს პირდაპირ «დაარტყან», ან ხელისუფლებასთან მისასვლელი გზები საბოლოოდ მოიჭრან.
        ისინი ლაპარაკობენ პრინციპით «გამგები - გაიგებს» და ამ «გამგებში» ყოველთვის არ მოიაზრებენ ხალხს, ვისაც, მათივე მტკიცებით, პირნათლად ემსახურებიან.

       
                        კონსტანტინე გამსახურდია: «ჩვენ ვატერლოოს განწყობის წინააღმდეგნი ვართ»
       

        მკითხველს შევახსენებ, რომ ვატერლოო საფრანგეთის პირველი იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტეს უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა აღმოჩნდა. 1815 წლის 18 ივნისს, ევროპელ მონარქთა კოალიციამ სასტიკად დაამარცხა ფრანგული არმია, რის შედეგადაც საფრანგეთის იმპერატორი კვლავ ტყვედ ჩავარდა, ინგლისელებმა ატლანტიის ოკეანეში მდებარე წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, სადაც 6 წლის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც. როგორც ამბობდნენ და ამბობენ, - ინგლისელებმა მოწამლეს.
        მიუხედავად გამსახურდიათა ტრადიციული მიდრეკილებისა ხატოვანი მითებისადმი, საეჭვოა პარტია «თავისუფლების» ლიდერს ამჯერად ის ეგულისხმა, რომ 9 აპრილს გამარჯვებული ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს შავი ზღვის ნეიტრალურ ზოლში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლებს. ჯერ ერთი, ასეთი კუნძული არ არსებობს და რომც არსებობდეს, ქართული პოლიტიკის ტრადიციაში იგი არ თავსდება. უფრო მთავრობის სახლის წინ მიყენებული ზარბაზნის ბათქი გვახსოვს ვიდრე ყოფილი მმართველის გასამართლების ტრადიცია.
        სავარაუდოა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ეს იდუმალი ფრაზა იყო მოწოდება ოპოზიციის მიმართ – ნუ მიანიჭებდნენ 9 აპრილს «გადამწყვეტი ბრძოლის» მნიშვნელობას, რადგან 9 აპრილს შეიძლება არც არაფერი დამთავრდეს, ან ისე დამთავრდეს, რომ ორივე მხარე (ოპოზიციაც და ხელისუფლებაც) წაგებული დარჩეს.
        ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამსახურდია «ვატერლოოს» ხსენებით პოლიტიკურ პარტნიორებს აფრთხილებდა, რომ ნაპოლეონის დამარცხებას საფრანგეთში ბურბონების დინასტიის აღდგენა მოჰყვა. ანუ «ყოფილთა დაბრუნება». ამითაცაა ცნობილი ევროპაში «ვატერლოოს» სინდრომი და შვეიცარიაში მცხოვრებმა, ევროპულ ლიტერატურაში კარგად გაწვრთნილმა კონსტანტინე გამსახურდიამ ეს დანამდვილებით იცის.
        «ყოფილები» კი ქართულ პოლიტიკაში მრავლად არიან – ნინო ბურჯანაძით დაწყებული და სხვა უამრავი, დაბოღმილი «ყოფილი» ჩინოსნით დამთავრებული.
        აქედან გამომდინარე, კონსტანტინე გამსახურდია, რა თქმა უნდა, 9 აპრილს «ვატერლოოს» ანუ ახალი რევოლუციის წინააღმდეგი იქნება. ხოლო შესაბამისი განწყობის შექმნა მავნედაც მიაჩნია ოპოზიციური საქმისათვის.

        დათო უსუფაშვილი: «როდესაც ტერორისტები მძევალს აიყვანენ, ისე უნდა იმოქმედო, მძევალი არ დაღუპო»

    «რესპუბლიკელთა» ერთ-ერთმა ლიდერმა (საერთოდ, ეს ლიდერებით ძალზე მდიდარი პარტიაა; იმდენად, რომ ბოლოს ლიდერად ირაკლი ალასანია მოიპატიჟეს, რომელიც «რესპუბლიკელი» არასდროს ყოფილა) დავით უსუფაშვილმა გასულ კვირას მრავალმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით: «დღევანდელი მდგომარეობის სირთულე იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, ხოლო როდესაც ტერორისტებისაგან მძევლის გათავისუფლებას ცდილობ, ისე უნდა იმოქმედო, თვით მძევალი არ დაიღუპოს».
        თუ პოლიტიკის ენიდან «გადმოვთარგმნით» ეს განცხადებაც დაახლოებით ასე იხსნება: «რესპუბლიკელები» აპრილის რევოლუციის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. ისინი მხარს დაუჭერენ 9 აპრილის აქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიტინგი არსად არ «დაიძვრება» და არსად «შევარდება», ხოლო მანიფესტაციებს სერიოზული დესტაბილიზაცია, შეტაკებები, გადატრიალება არ მოჰყვება.
        მათი ამ პოზიციიდან გამომდინარე, გასაგებია, რატომ ატარებენ რესპუბლიკელები ე.წ. «სახალხო რეფერენდუმს», რომლის იურიდიული მნიშვნელობა ნულის ტოლია და რატომ არ შეუერთდნენ ნინო ბურჯანაძის გარშემო შექმნილ კოალიციას, რომელიც ბევრად უფრო რადიკალურადაა განწყობილი.
        ამ რებუსიდან კიდევ რამდენიმე დასკვნა გამომდინარეობს: ჯერ ერთი, «რესპუბლიკელებს» მიაჩნიათ, რომ თვით გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში შეიძლება მოვიდეს არა მათთვის მისაღები, არამედ კატეგორიულად მიუღებელი ფიგურა, რომელიც (არ არის გამორიცხული), თბილისიდან 35-იოდე კილომეტრში დაბანაკებულ რუსულ ტანკებს შემოჰყვება დედაქალაქში.
        ასეთ შემთხვევაში კი, დღევანდელ ოპოზიციას ამჟამინდელ ხელისუფლებაზე უკეთესი დღე ნამდვილად არ დაადგება.
        დავით უსუფაშვილი გულისხმობდა, რომ ახალი რევოლუციის შედეგად შეიძლება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი შეიცვალოს, არამედ ქვეყნის სახელმწიფო კურსიც, ანუ პროდასავლური ორიენტაციიდან კვლავ რუსულ ორბიტაზე დავბრუნდეთ; ან, ყოველ შემთხვევაში, ამ ძალების ურთიერთშეჯახებამ კიდევ ერთი სამოქალაქო ომი გამოიწვიოს, რაც აგრეთვე ქვეყნის დაღუპვა იქნება.
        გარდა ამისა, «რესპუბლიკელთა» (ასე ვთქვათ) «მთავარ ლიდერებსა და იდეოლოგებს», ანუ ძმებ ბერძენიშვილებს იმისიც ეშინიათ, რომ ახალი რევოლუციისა და გადატრიალების, მასშტაბური დესტაბილიზაციის, მით უმეტეს სისხლისღვრის შემთხვევაში, აჭარაში შეიძლება აღდგეს 2004 წლამდელი «სტატუს – ქვო», რაც არ გულისხმობს აუცილებლად ასლან აბაშიძის დაბრუნებას, თუმცა არც ეს შესაძლებლობაა საბოლოოდ გამორიცხული.
        აქედან გამომდინარე კი, ისიც დასტურდება, რომ 2007 წელს, როდესაც «რესპუბლიკელები» საპროტესტო ტალღას სათავეში მოექცნენ, მათ ასეთივე მიზანი ჰქონდათ: კრიტიკულ ვითარებაში არ დაეშვათ მასის წასვლა «არასწორი მიმართულებით» და უზრუნველეყოთ მისი «სწორი მიმართულებით» მოძრაობა ანუ რუსთაველიდან არა სახელმწიფო კანცელარიისკენ, არამედ იპოდრომისკენ.
        წინააღმდეგ შემთხვევაში «მძევალი დაიღუპება».
       
        აკაკი ასათიანი: «პოლიტიკური პრობლემა – პოლიტიკური მეთოდით უნდა გადაწყდეს».

        გასული კვირის მთავარ ინტრიგად და მთავარ სენსაციად იქცა გიორგი თარგამაძისა და აკაკი ასათიანის ერთობლივი ინიციატივა საპარლამენტო მმართველობის დამყარების შესახებ, რასაც თან სდევდა კაკო ასათიანის მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა: «პოლიტიკური პრობლემა პოლიტიკური მეთოდით უნდა გადაწყდეს».
        არ არის შემთხვევითი, რომ ეს წინადადება მმართველმა პარტიამ უმალვე აიტაცა და თითქმის ყველა ლიდერმაც კეთილგანწყობილი კომენტარი გააკეთა.
        საერთოდ, აკაკი ასათიანი ქართული პოლიტიკის ის უბერებელი დინოზავრია, რომელსაც ყველა მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობა აქვს მიღებული, რადგან მასიური გარეგნობის მიუხედავად, პოლიტიკური ქარის ქროლვას ყოველთვის კარგად გრძნობდა და გრძნობს.
        მან ამჯერადაც ზუსტად იგრძნო, რომ «საპარლამენტო რესპუბლიკის» იდეა ნოყიერ ნიადაგზე მოხვდებოდა. Pპირველ რიგში იმის გამო, რომ ეს უეჭველად აძლევს ხელს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც უკვე დღეს ფიქრობს 2013 წლის შემდგომ პერსპექტივაზე და ამასწინათ განაცხადა კიდეც «2013 წლის შემდეგ სიკვდილს არ ვაპირებო».
        ბუნებრივია, თუ 2013 წლისათვის საპრეზიდენტო რესპუბლიკა საქართველოში საპარლამენტოთი შეიცვლება, რეალური ხელისუფალი პრემიერ-მინისტრი იქნება, ხოლო რაკი მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა, ენერგიული კაცია და «სიკვდილს არ აპირებს», მმართველ პარტიას 2012 წელს ვერავინ დაუშლის პრემიერად სწორედ მისი კანდიდატურა დაასახელოს.
        ამგვარ შესაძლებლობას აკაკი ასათიანი არ გამორიცხავს; მაგრამ რადგან ლამის 20 წელია სწორედ საპარლამენტო მმართველობას ითხოვს, უბრალოდ მიაჩნია, რომ მთავარია მმართველობის ეს ფორმა დაწესდეს – თუნდაც მიხეილ სააკაშვილისათვის შანსის მიცემისა და მისთვის, როგორც იტყვიან «ტოპკის აწევის» ფასად.
        მოლაპარაკებები ამ მოდელზე (ირლანდიულზე თუ ავსტრიულზე) მხოლოდ ახლა იწყება და 9 აპრილისთვის ნამდვილად არ დასრულდება – ალბათ სადღაც 2012 წლისთვის აპირებენ მის დასრულებას, როდესაც «პოლიტიკური პრობლემა პოლიტიკურად გადაიჭრება».