ქართული მეღვინეობა პროტექციონიზმის წერა ხდება

ქართული მეღვინეობა პროტექციონიზმის წერა ხდება

    

ქართულ მეღვინეთა «დაგვიანებული რეაქცია» პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შემცირდა საბაჟო გადასახადი იმპორტულ ღვინოზე და პირიქით - გაიზარდა გადასახადი ადგილობრივ ღვინოპროდუქციაზე, ერთობ ნიშანდობლივი მოვლენაა, რომელიც კვლავ გვაბრუნებს ლიბერალური ეკონომიკის შესახებ დისკუსიის ეტაპზე.
        არადა, ამ თვალსაზრისით, საქართველოში თითქოს ყველაფერი გარკვეულია: თუ ჩვენ ავირჩიეთ ეკონომიკის განვითარების ლიბერალური მოდელი, მაშინ უნდა შევურიგდეთ იმ რეალობას, რომ «ადგილობრივი» და «უცხოელი» მეწარმე უნდა იყოს თანაბარ პირობებში. ქართველ მეწარმეებს კი არ სურთ ამ რეალობას შეურიგდნენ და ყოველნაირად ცდილობენ, სახელმწიფო აიძულონ გაატაროს პროტექციონისტული პოლიტიკა «ადგილობრივი წარმოების» დასაცავად.
        ყოველგვარი პროტექციონიზმი, პრინციპში, ეწინააღმდეგება ეკონომიკურ ლიბერალიზმს, თუმცა გამონაკლისი, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, კაბალური პირობები შესთავაზა რუსეთს - ფოლადის იმპორტთან დაკავშირებით. უმთავრესი მიზეზი ამისა გახდა ის გარემოება, რომ რუსეთს არ აქვს «საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის» სტატუსი. ამან საშუალება მისცა ამერიკას, თავადაც დაეწესებინა პროტექციონისტული ქვოტები რუსეთის მიმართ.
        რუსეთი რომ «საბაზრო ეკონომიკის» ქვეყანა ყოფილიყო, ამერიკის ბაზარიც გაიხსნებოდა რუსული ფოლადისათვის, მაგრამ რაკი რუსეთი ზღუდავს იმპორტს, სხვებსაც აქვთ უფლება, შეზღუდონ რუსული იმპორტი, აქ საკვანძო საკითხია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ უცხოურ ღვინოზე საიმპორტო ტარიფის შემცირება იმპორტით დაკავებულ ქართულ ფირმებს აძლევთ ხელს - ისინი მილიონობით მოგებას მიიღებენ.
        ეს, რა თქმა უნდა, სრული ჭეშმარიტებაა - «იმპორტიორი ფირმები» დაინტერესებულნი არიან იმპორტის გაზრდით, რისი შესანიშნავი საშუალებაც ეძლევათ საიმპორტო ტარიფის შემცირებისას, მაგრამ ხელისუფლებას ამგვარი გადაწყვეტილება მათი ზეწოლით არ მიუღია - ეს ელემენტარული გათვლითაც დგინდება: ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მოიგებდა ამით «იმპორტიორთა», ან მათ მიერ დასაქმებულთა გულს, მაგრამ სამაგიეროდ, ამდენივე (თუ მეტს არა) ხმას დაკარგავდა იმ კატეგორიაში, რომელიც ღვინის წარმოებით ასევე სისხლხორცეულადაა დაინტერესებული;
        სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების გადაწყვეტილება დაკავშირებულია არა «იმპორტიორთა ლობის» მოქმედებასთან, არამედ იმ მოლაპარაკებებთან, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
        დღემდე ეს საკითხი შეთანხმებული არ იყო მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოსთან, რომლებიც მოითხოვდნენ იმპორტიორისა და ადგილობრივი მეწარმის თანაბარ პირობებში ჩაყენებას საქართველოს ბაზარზე. მხოლოდ ამ პირობით შეიძლება გაწევრიანდეს საქართველო მსო-ში, რასაც უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
        სხვათა შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ, ქართველ მეღვინეებსაც ექნებათ საშუალება თავისუფლად შეიტანონ პროდუქცია დასავლეთის ბაზრებზე - საიმპორტო გადასახადებისა და ბარიერების გარეშე.
        მიუხედავად ამისა, საოცარი მოვლენის მომსწრენი ვართ, - ღვინის მწარმოებლებს არათუ დასავლური ან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებისა, არამედ თვით საქართველოს ბაზრის დაკარგვასაც ეშინიათ.
        კი მაგრამ რატომ? რატომ ეშინიათ დასავლური ღვინის წარმოებისა, რატომ ეშინიათ უცხოური ღვინოპროდუქციის იმპორტისა ჩვენს ქვეყანაში, რატომ თვლიან (თვლიან კი არა, დარწმუნებულნი არიან), რომ ვერ გაუძლებენ კონკურენციას?
        მოდით, ეს საკითხი უფრო ფართო პრიზმაში განვიხილოთ:
        ბავშვობიდან გვესმის, რომ საქართველო უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ამტკიცებს, რომ «ღვინო» ყველა ენაში ქართულიდან შევიდა, ხოლო ვაზის უამრავი ჯიშის სამშობლო საქართველოა. თუ ასეა, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა სჭირდებოდეთ ქართველ მეღვინეებს პროტექციონიზმი არათუ დასავლურ, არამედ «მშობლიურ» ბაზარზე დასამკვიდრებლად?!
        აქ ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი მომენტია: ქართველ მეღვინეებს მოლდოვური, თურქული, ბულგარული ან უკრაინული (ყირიმული) ღვინის კონკურენციისა არ ეშინიათ, რადგან ქართველი მომხმარებელი მათ უეჭველად ქართულ ღვინოს ამჯობინებს; ანუ, როგორც ჩანს, უპირველესად, ევროპულ ღვინოებს უფრთხიან; არადა ეს უკვე საერთოდ აბსურდია: თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში ღვინის თვითღირებულება გაცილებით მაღალია, გაცილებით მეტს უხდიან მუშა-მოსამსახურეებსა და სპეციალისტებს, ძვირი უჯდებათ ტრანსპორტირება, არცთუ დაბალია გადასახადები (მიუხედავად ჩვენში დამკვიდრებული მითისა), მაშინ ფასით უცხოური ღვინო ქართულ ბაზარზე ადგილობრივ პროდუქციას ვერ დაჯაბნის.
        შეიძლება დაჯაბნოს მხოლოდ საკუთრივ ხარისხით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპული ღვინოები სულ სხვა სპეციფიკისაა - ქართველი მომხმარებელი ამ სპეციფიკას მიჩვეული არ არის, ამიტომ არც ეს გახდება უმთავრესი მიზეზი ქართული ბაზრიდან ქართული ღვინის განდევნისა. რჩება დაფასოება, ანუ «სასაქონლო სახე». მაგრამ განა მასობრივი პროდუქციისათვის ამას (ჩვენში) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა, არა!
        პრობლემის არსი კი სინამდვილეში ის არის, რომ საქართველოში წარმოების განვითარებამ სპეციფიური სახე მიიღო: მწარმოებლებს (მათ შორის ღვინოსა და «შამპანურის» მწარმოებლებს) ურჩევნიათ, აწარმოონ მცირე რაოდენობის, მაგრამ ელიტარული პროდუქცია, ნაცვლად მასობრივად ხელმისაწვდომი პროდუქციისა.
        სწორედ ეს მწარმოებლები ყვირიან. ახლა ყველაზე მეტად. მათ «საქართველოს ბაზრის» ბედი კი არ აღელვებთ, არამედ ის ვიწრო (თუმცა ძვირადღირებული და მომგებიანი) სეგმენტისა, რომელიც დაკავებული ჰქონდათ სახელმწიფო პროტექციონიზმის პოლიტიკის შედეგად. აი, ამ სეგმენტში კი ნამდვილად შეიძლება გაუწიოს კონკურენცია მათ პროდუქციას ევროპულმა ღვინომ.
        ზოგადად ეს ფენომენი (როდესაც მეწარმე დაინტერესებულია აწარმოოს «ელიტური» პროდუქცია ნაცვლად მასობრივად ხელმისაწვდომისა) საქართველოში დამახასიათებელია არა მხოლოდ ღვინის წარმოებისათვის.
        მიზეზი ადვილად ასახსნელია: «ელიტური» პროდუქციის წარმოება და ძვირად ღირებული, თუმცა ვიწრო სეგმენტის დაკავება საჭიროებს ერთხელ დამუშავებული ტექნოლოგიის გამოყენებას და არ მოითხოვს წარმოების გაფართოებას, განსაკუთრებულ მენეჯმენტსა და მარკეტინგს, არ მოითხოვს დასავლური შინაარსის «პრომოუშენს», რისკს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ა.შ.
        ანუ, ქართველ მეწარმეებს «თავის შეწუხება» არ უნდათ, - რატომ უნდა შეიწუხონ თავი, როდესაც პროტექციონისტული ზომებით შეუძლიათ თავის დაცვა? მაგრამ ამის საშუალება მათ უნდა მოესპოთ - თუ ნამდვილად გვინდა წარმოების განვითარება.

7 დღე, 21 ივლისი, 1999 წ.