ქართული ბიზნესის განაცხადი         ფაქტი, მოვლენა, კომენტარი

ქართული ბიზნესის განაცხადი          ფაქტი, მოვლენა, კომენტარი

        მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძე «მოქალაქეთა კავშირის» თავმჯდომარეობიდან გადადგა და ფაქტობრივად, გაემიჯნა საკუთარ პარტიას, ბევრი ვარაუდობდა, რომ პრეზიდენტი ახალ დასაყრდენს მოიძიებდა. მაგრამ ისიც უეჭველი იყო (იმთავითვე), რომ ეს დასაყრდენი პოლიტიკური პარტია აღარ იქნება. პრეზიდენტი ამჯერად სოლიდურ ძალას ეძებს (და პოულობს კიდეც) დასაყრდენად.
        ბიზნესმენები, რომლებიც გადამხდელთა კავშირში შეიკრიბნენ და სრული ნდობა გამოუცხადეს პრეზიდენტს, მცირე ძალა ნამდვილად არ გახლავთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ ბადრი პატარკაციშვილი შეემატათ.
        ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ შეკრებისას გაიჟღერა პრეზიდენტისათვის მანდატის ვადის გაგრძელების თემამ. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თემურ ჭყონიას კერძო აზრი: ბიზნესმენებს აშინებთ, გაურკვევლობა და არასტაბილურობა – არავინ იცის, რა იქნება ედუარდ შევარდნაძის «შემდეგ» ანუ, 2005 წლიდან და ხომ არ ჩაეფლობა ქვეყანა მორიგი არასტაბილურობის ჭაობში. ამრიგად, ჭყონიას გამოსვლა იყო არა «პასაჟი», არამედ საკუთარ ინტერესთა პრაგმატული გაანალიზების შედეგი. თანაც, არა მხოლოდ პიროვნული ინტერესების, არამედ სწორედ კორპორაციული ინტერესის.
        ამ მხრივ, შეხვედრაზე მართლაც ძალიან სერიოზული განაცხადი გაკეთდა: ჩვენ უნდა ავიღოთ ძალაუფლება!
        უნდა ითქვას, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს სავსებით რეალურია – პოლიტიკოსების აშენებული ქვეყანა, არა მხოლოდ ბიზნესმენებმა ვერ იხილეს, არამედ მოსახლეობამაც. და თუ საქართველოში «პოლიტიკურ პარტიათა ისტორია» დასრულდება, ხოლო პარლამენტს (ისევე როგორც შემდგომ მთავრობას) მთლიანად ბიზნესი დააკომპლექტებს – პოლიტიკოსებმა ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ _ უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, მათ პოლიტიკური ცხოვრების სრული დისკრედიტაცია მოახდინეს, უპრინციპო ალიანსებით და გაუთავებელი ინტრიგებით.
        ნიშანდობლივია, რომ მწვავე განცხადებებს «პოლიტიკოსთა შესახებ» სწორედ ის ბიზნესმენები აკეთებდნენ, ვინც უკვე შეძლო საკმაოდ მძლავრი ფრაქციის შექმნა პარლამენტში. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე – საყოველთაოდ ცნობილია მისი სიახლოვე «ახალ ფრაქციასთან» და ასე შემდეგ.
        ძნელი განსაჭვრეტი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში – ბიზნესმენები ჩამოაყალიბებენ ერთიან პოლიტიკურ ძალას (ან შეუერთდებიან უკვე არსებულ ორგანიზაციებს) და ერთიანი ფრონტით გამოვლენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ისევე, სხვათა შორის, როგორც უფრო ადრე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში. მით უმეტეს, თუ გადაწყდა, თბილისის მერის პირდაპირი არჩევა.
        ისინი ნამდვილად შეეცდებიან აქციონ თავისი გაერთიანება არა მხოლოდ «მსხვილი», არამედ «საშუალო» და «წვრილი» ბიზნესის პარტიად. ამ გზით მომავალი პარლამენტი უკვე ისე დაკომპლექტდება, რომ შეძლებს ყოველგვარი რისკის გარეშე განახორციელოს ღრმა საკონსტიტუციო ცვლილება: შემოიღებს მინისტრთა კაბინეტს და შეცვლის ხელისუფლებათა ურთიერთმიმართების არსს: პრეზიდენტს მიენიჭება საკონსტიტუციო გარანტისა და წარმომადგენლობითი ფუნქცია, ანუ ეს იქნება სრულიად ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტი და 2005 წელს, როცა საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევა, ედუარდ შევარდნაძე კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, ოღონდ უკვე სხვა უფლებამოსილებით.
        ამრიგად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში სრულიად ახალი ერა იწყება – პოლიტიკოსთა მიერ დისკრედიტირებულ სახელისუფლებო სივრცეს უშუალოდ ბიზნესმენები დაეუფლებიან. სწორედ ისინი შეარჩევენ და შეამზადებენ ქვეყნის დამდეგ ლიდერს, ალბათ, იგი მომავალი პრემიერმინისტრი იქნება, რომელსაც ქვეყანა 2003 წლის მიწურულისთვის მიიღებს. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენთა ეს შეკრება საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ვიდრე ამერიკელი ინსტრუქტორების მოვლინება.

დილის გაზეთი, 25 მარტი, 2002 წელი