ქართველ პოლიტიკოსებს ჯანსაღი ცინიზმი მოეთხოვებათ

ქართველ პოლიტიკოსებს ჯანსაღი ცინიზმი მოეთხოვებათ


       საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ცნობამ, რომ ჩეჩნეთი აპირებს მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით «საჰაერო დერეფნის» გახსნის შესახებ, ჩვენშიც და რუსეთშიც დიდი რეზონანსი გამოიწვია.
        აღმოჩნდა, რომ იჩქერიის ლიდერებს ოფიციალურად ამგვარი რამ არ უთხოვიათ, თუმცა თემა «ჰაერში მაინც ტრიალებს», ვინაიდან ჩეჩნეთს სხვა გამოსავალი არ აქვს. რუსეთმა დაიწყო იმ უპირატესობის გამოყენება, რომელსაც რეალურად ფლობს: თუ არ ჩავთვლით (არადა, რატომ არ უნდა ჩავთვალოთ? - ავტ.) საქართველოს, ჩეჩნეთი ანკლავია, რომელსაც რუსეთის ტერიტორიები აკრავს. კრემლს ნამდვილად აქვს საშუალება, განახორციელოს საჰაერო ბლოკადა და არ დაუშვას გროზნოდან თავისუფალი ფრენა რუსეთის ფარგლებს გარეთ. ამავე დროს, გროზნოდან რუსეთის ქალაქებში გადაადგილებას ჩეჩნებს ვერ დაუშლიან, ვინაიდან, ფორმალურად, ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილია. როდესაც იჩქერიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტ არსანოვის ხელით გააძევა გროზნოდან რუსეთის წარმომადგენლობა, მოსკოვში თავი შეიკავეს ჩენეთის წარმომადგენლობა გაეძევებინათ, რათა არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მოხდა «ჩვეულებრივი» დიპლომატიური კონფლიქტი ორ სხვადასხვა სახელმწიფოს შორის, - დედაქალაქებიდან საელჩოების გაძევებით.
    «ქართული საჰაერო დერეფანი» იქნებ მხოლოდ საინფორმაციო აფექტად დარჩენილიყო, რომ არა «საჰაერო დეპარტამენტის უფროსის» ზურაბ ჭანკოტაძის თითქოსდა არაადეკვატური რეაქცია: მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის, ტექნიკური თვალსაზრისით, ამგვარი «დერეფნის» შექმნა პრობლემას არ წარმოადგენს. ქართველი ავიადისპეტჩერები დღესვე მზად არიან უზრუნველყონ ჩეჩენთა თვითმფრინავების უსაფრთხოება საკუთარ საჰაერო სივრცეში, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს საქართველოსთვის მიუღებელია, ვინაიდან «საქართველო ცნობს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ნებისმიერი ნაბიჯი ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ, შეიძლება საქართველოს წინააღმდეგვე შემობრუნდეს აფხაზეთში».
    რა თქმა უნდა, არა რის შემთხვევითი, რომ ამ განცხადებამ თბილისში გაიჟღერა სწორედ იმ ფონზე, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით იქმნება: რუსული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს «ბლოკადის შეწყვეტას», ანუ ეკონომიკური სანქციების გაუქმებას თვითმარქვია «რესპუბლიკის» წინააღმდეგ. არაოფიციალურად, ამგვარი განცხადება თბილისში ყოფნისას ევგენი პრიმაკოვმაც გააკეთა. აღარაფერს ვამბობ ჩვენი «დაუძინებელი მეგობრის» სახელმწიფო სათათბიროს «დსთ»-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ტიხონოვის მოგზაურობაზე აფხაზეთში, როდესაც მან აბსურდი უწოდა საზღვრის დაწესებას რუსეთის შიგნით, ანუ ამით აფხაზეთი რუსეთის ნაწილად მიიჩნია.
    ბორის ელცინის გუნდშიც დაიწყო «მერყეობა». სასაზღვრო რეჟიმი თითქოს შერბილდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ სანქციების გაუქმება საქართველოსთან მკვეთრ დაპირისპირებას გამოიწვევს. ეს მოსკოვში კარგად უნდა იცოდნენ. ედუარდ შევარდნაძის ამასწინანდელი განცხადებით, საქართველო, ამ შემთხვევაში, «ადეკვატურ» ზომებს მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი საპასუხო ზომა სწორედ «საჰაერო დერეფანი» იქნება; თუმცა არა ერთადერთი.
    ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, რომლის დასრულება უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი. ამრიგად, თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჩეჩნეთი «ეკონომიკური ბლოკადით» მოათვინიეროს, მან ასეთივე მეთოდის გამოყენების საშუალება საქართველოსაც უნდა მისცეს აფხაზეთის წინააღმდეგ.
    ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ცინიზმია, მაგრამ პოლიტიკა ცინიზმის გარეშე არ არსებობს!
   

 7 დღე, 10 ოქტომბერი, 1997 წ.