ქართველ პოლიტიკოსებს ვერ გაუგიათ: მეგრულ თემასთან თამაში ცეცხლთან თამაშია

ქართველ პოლიტიკოსებს ვერ გაუგიათ: მეგრულ თემასთან თამაში ცეცხლთან თამაშია

 

    «მოქალაქეთა კავშირში» სერიოზული პროცესები იწყება. პარლამენტში წარმატების მიუხედავად (შეიქმნა ახალი ფრაქცია «მამული» - «აღორძინების ყოფილ წევრთაგან, რომლებიც «უმრავლესობას» აძლიერებენ), თენგიზ ჯგუშიას მოულოდნელმა განცხადებამ პარტიის ავტორიტეტს გარკვეული ზიანი მაინც მიაყენა. ჯგუშია «მოქალაქეებისთვის» რიგითი ფიგურა არ ყოფილა; მეორე მხრივ, იგი ფრაქციიდან გავიდა ფორმულირებით, რომელიც კომპრომისის საშუალებას არ უტოვებს არც მას, არც ფრაქციის ხელმძღვანელობას - უპირველესად, გიორგი ბარამიძეს.
    გარე დამკვირვებლისთვის მიმდინარე პროცესის სიღრმისეულ მიზეზთა წვდომა არც ისე ადვილია. აქ ბრძოლა მიმდინარეობს რამდენიმე ფიგურის გარშემო: არც ბარამიძე, არც ჯგუშია სტატისტები, რა თქმა უნდა, არ არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ობიექტი უფრო საინტერესოა, ვიდრე სუბიექტი. ახალი პოლიტიკური წრე იკვრება ისეთი ფიგურების ირგვლივ, როგორებიც არიან: ვახტანგ რჩეულიშვილი, თემურ ბასილია, ნოდარ ჯავახიშვილი.
    თუ თვით ამ ფიგურათა ურთიერთმიმართებას ყურადღებით შევისწავლით, უეჭველად მივალთ დასკვნამდე, რომ ჯგუშიას «აფეთქება» მყისიერი, იმპულსური ინსტიქტის შედეგი არ ყოფილა, - იგი კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარე პროცესის ლოგიკური დასრულება იყო. ჯგუშია პარლამენტშიც და «პარტიულ პრესკონფერენციებზეც» (განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში) ყველაზე ხშირად და აქტიურად გამოდიოდა «მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად». გასაგებია, აქ რაც იგულისხმება: «მხარდაჭერა», უპირველესად, კრედიტებს ნიშნავს, ხოლო «მკაცრი ფულად-საკრედიტო» პოლიტიკის პირობებში ეროვნული ბანკის საცავი შეიძლება მხოლოდ ლეგალური მექანიზმებით «გაიღოს»: მაგალითად, პარლამენტის გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო ასიგნებით და ა.შ. ყოველ შემთხვევაში «არაფორმალური» ლობირება (როგორც დემურ დვალიშვილის ეპოქაში) საკმარისი არ იქნებოდა. მაგრამ ჯგუშია კორპორაციულ წინააღმდეგობას წააწყდა საკუთარი პარტიის მხრიდან: მოქალაქეთა კავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც ობიექტურად გრძნობს (ან უნდა გრძნობდეს) პასუხისმგებლობას პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის მონეტარისტულ სფეროში. ეს პარტია შედგება ისეთი სუბიექტებისაგან, რომელთათვისაც კონკრეტულ, ამავდროულ პრაგმატულ მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური პერსპექტივა, გავლენა საერთაშორისო ფინანსურ ცენტრებში და მომავალ არჩევნებში გამარჯვება.
    ამ პირობებში ჯგუშიას ინტერესები არ შეიძლებოდა, ბარამიძის ინტერესებს არ დაპირისპირებოდა. მით უმეტეს, «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საპარლამენტო კომისიის» თავმჯდომარე ამ კომისიის წარმატებული მუშაობის (ანუ სავსებით პრაგმატული) მოსაზრებებით, აგრეთვე იმ დამოკიდებულებების გათვალისწინებითაც, რომელიც არსებობს «მოქკავშირსა» და ნოდარ ჯავახიშვილს შორის, რა თქმა უნდა, გვერდს არ აუვლიდა (ვერც აუვლიდა, რაკი კომისიაში ოპოზიციონერებიც იყვნენ) ეროვნული ბანკიდან ნახევარმილიონიანი კრედიტის გაცემის ფაქტს.
    მთავარი აქ ნოდარ ჯავახიშვილის ფიგურა იყო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არც თუ ბოლომდე საფუძვლიანადაა მიჩნეული «შეუვალ ბანკირად»; მაგრამ თუ გია ბარამიძე ამ საქმეში საკუთარი პარტიის რომელიმე წევრის (ვთქვათ, ამავე ჯგუშიას) გვარს აღმოაჩენდა, უეჭველად გამოიტანდა ამ ფაქტს «საპარლამენტო სამზეოზე» და ეს შესანიშნავად იცოდნენ როგორც ჯგუშიამ, ასევე ჯავახიშვილმა.
    თუმცა ყოველივე მაინც ჩვეულებრივი «რუტინული» ქართული მიეთ-მოეთია მთავართან შედარებით: ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებისთვის პრინციპულად გასაკვირი ან «უცნაური» (მით უმეტეს, საგანგაშო) ჯგუშია-ბარამიძის საქმეში არაფერია. გაცილებით მნიშვნელოვანია ის არგუმენტაცია, რომელსაც «დისიდენტი მოქკავშირელი» იყენებს საკუთარი პარტიის წინააღმდეგ. თენგიზ ჯგუშია მოქალაქეთა კავშირის «ზუგდიდის დაჯგუფების» წევრია, ხოლო მისი განცხადება: «გია ბარამიძემ მხედრიონელთა გადაკოცნით ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა» - უეჭველად იმის დადასტურებაა, რომ ქართულ პოლიტიკაში არა და არ დამთავრდა «მეგრული თემის» ტრიალი. მკითხველს შევახსენებ: საქმე ეხება ე.წ. «დარჩელის სასამართლოს», რომელზეც დოდო გუგეშაშვილსა და სხვა «მხედრიონელებს» ბრალად დაედოთ სოფელ დარჩელის გადაწვა 1993 წლის ნოემბერში. გია ბარამიძე სასამართლოზე მოწმედ დაიკითხა და გამომშვიდობებისას «მხედრიონელები» გადაკოცნა. ბევრ მათგანთან ერთად ბარამიძე, რა თქმა უნდა, აფხაზეთშიც იბრძოდა და «სამოქალაქო ომის ფრონტზეც», მაგრამ ჯგუშიამ ისეთი სტერეოტიპი გამოიყენა, რომელიც პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი იქნებოდა: მხედრიონი აოხრებდა სამეგრელოს (ეს ერთი მხრივ), იგივე მხედრიონი აფეთქებდა შევარდნაძეს, ანუ ბარამიძის საქციელი ერთდროულად ორი მძლავრი პოლიტიკური სუბიექტისთვის იქნებოდა უსიამოვნო; არადა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ბარამიძე მოქმედებდა სწორედ ედუარდ შევარდნაძის მეთოდოლოგიითა და პოლიტიკური ტექნოლოგიით.
    გავიხსენოთ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის წინაშე აფხაზეთის საკითხის განხილვისას და ტონი, რომლითაც იგი საუბრობდა ჯაბა იოსელიანზე. «მე და ჯაბამ .. ««ჯაბას ვკითხე...» «ჯაბამ სამტრედია გადაარჩინა...» და ა.შ. ამ დროს ჯაბა იოსელიანი უკვე კარგა ხნის დაპატიმრებულია, მაგრამ შევარდნაძემ იცის, რომ ქართული ეთნოფსიქოლოგია ადრე ნაკისრ ვალდებულებებს ასე ადვილად არავის დაავიწყებინებს: თუ ჯაბას გვერდით იბრძოდი, იგი გეხმარებოდა, მაშინ, მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას.
    თუ ამ მოთხოვნას უგულებელყოფ, აღარც მომხრე გეყოლება მომავალში.: ზუსტად ასეთი მეთოდით მოქმედებდა გია ბარამიძეც. იმავე მხედრიონელებთან «თანამებრძოლობის» პერიოდს იგი ვერ დაივიწყებს და რომც სცადოს, არ დაავიწყებინებენ, ვინაიდან (ვთქვათ) აფხაზეთის ომის დროს მხედრიონელები «მოქკავშირელები», «ზვიადისტები», «კიტოვანისტები» ხშირად ერთად იბრძოდნენ და ერთად ღვრიდნენ სისხლს.
    ამიტომ დღეს ისეთ პოზაში ჩადგომა, თითქოს «მხედრიონს» არ ვიცნობ და მასთან საერთო არაფერი მქონია» - არ გამოვა. ასეთი პოზა კიდევ უფრო წამგებიანი იქნება, ვიდრე მხედრიონელთა გადაკოცნა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც სულ ერთია, მაინც მათი გამტყუნებითა და სასჯელით დასრულდება.
    მიუხედავად ამისა, თენგიზ ჯგუშია იმ ფენომენის გამოყენებას ცდილობს (პოლიტიკური მიზნით), რომელიც შევარდნაძისა და ბარამიძის ლოგიკას არ სცნობს.
    არადა, საწინააღმდეგო ლოგიკით, თუ ბარამიძის საქციელი მხედრიონის სასამართლოზე დასაგმობია, მაშინ დასაგმობი ყოფილა შევარდნაძის მიერ არძინბას «გადაკოცნა» თბილისში. თუ ერთ შემთხვევაში არ სცნობ პრაგმატულ მოსაზრებას, არ ამართლებ სიმბოლურ ჟესტს პოლიტიკური პოზიციების განსამტკიცებლად, მაშინ არც მეორე შემთხვევაში უნდა ამართლებდე და საერთოდ, საეჭვო ხდება: რატომ გაგახსენდა «სულში ჩაფურთხება» სწორედ იმის შემდეგ, როდესაც ჯავახიშვილ-ბასილია-შავიშვილის პოლიტიკური «კარუსელი» დატრიალდა პარლამენტში მოქალაქეთა კავშირისა და მისი ლიდერების მონაწილეობით.
    «მოქალაქეთა კავშირის ერთიანობასა» და კრედიტებზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ვერა და ვერ გაუგიათ: «მეგრულ თემასთან» თამაში ცეცხლთან თამაშია.
   

7 დღე, 17 ოქტომბერი, 1997 წელი