ქართველ მემარცხენეთა ფუფუნება და სიღატაკე

ქართველ მემარცხენეთა ფუფუნება და სიღატაკე

   

    წინასაარჩევნო ისტერია გადამწყვეტ ფაზაში შედის. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ თუ ამ «ადგილობრივ არჩევნებზე» ასეთი ამბავია, გაისად, როცა საპარლამენტო მარათონი დაიწყება, რაღა იქნება?!
    სინამდვილეში, რა თქმა უნდა, «ლოკალური პრობლემატიკა» და «ადგილობრივი ბიუჯეტი», ისევე როგორც ქალაქის რაიონებიდან ნაგვის გატანა არავის აინტერესებს.
    ჟარგონის ენით თუ ვიტყვით, პარტიები ამჟამად «პრავას აკაჩავებენ» (უხეში, მაგრამ ძალიან ზუსტი გამოთქმა - ავტ.), რათა უფრო მეტი ჰონორით ჩაებან მომავალ, საპარლამენტო უმრავლესობისათვის სამკვდრო- სასიცოცხლო შერკინებაში.
    პარტიათა უმრავლესობას გამოკვეთილი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა არ გააჩნია და ეკრანიდან აშკარა სისულელეებს როშავს. ამ თვალსაზრისით ჩამოყალიბებული პოზიცია მხოლოდ რამდენიმეს აქვს - მათ შორის, ე.წ. «მემარცხენეებს».
    რამდენად პერსპექტიულია ეს ძალა, - სხვა საკითხია. ყველა ჯურისა და შეფერილობის «მემარცხენესთვის « (აქ პანტელეიმონ გიორგაძის კომუნისტები არ იგულისხმებიან - ისინი თვისებრივად სხვა ფენომენს წარმოადგენენ) უარესად შემაშფოთებული უნდა ყოფილიყო ერთი შეხედვით უცნაური ფაქტი: გაერთიანება «ყაზბეგის» დამფუძნებლებმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ბიზნესმენმა, გოგი თოფაძემ, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლებას და თვით პრეზიდენტს «ანტისამეწარმეო ეკონომიკური პოლიტიკის» გამო, ბევრისთვის მოულოდნელად, წინასაარჩევნო კამპანიაში «მოქალაქეთა კავშირს» დაუჭირა მხარი და არა რჩეულიშვილს თუ ნათელაშვილს;
    «მემარცხენეები» ამგვარ მეტამორფოზას, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ზეწოლით ხსნიან: დააშინეს, დაემუქრნენ, დაატერორეს და ა.შ. მაგრამ აშკარაა, რომ თოფაძე არა არის ასე იოლად დასაშინებელი კაცი.
    ამგვარი პრობლემა თუ შეექმნებოდა და თუ ვინმე მართლა შეეცდებოდა მის დაშინებას, - უმალვე იპოვიდა პოლიტიკურ ძალას (დასწრებაზეც იქნებოდნენ), რომელიც მას დაიცავდა და ხელისუფლებას ერთი ვაი-უშველებელს აუტეხდა;
    პრობლემის ამგვარი პრიმიტივიზაციით, «მემარცხენეები» საბედისწერო შეცდომას უშვებენ. არც რჩეულიშვილს, არც ნათელაშვილს და არც სხვა «მემარცხენეებს» არ სურთ დაიჯერონ, რომ აქ უფრო ღრმა მიზეზებთან გვაქვს საქმე.
    პარადოქსია, მაგრამ ქართველ მეწარმეებს, რომლებმაც ასე თუ ისე «ააყვავეს» საქმე და ხელისუფლებას ლანძღავენ მაღალი საგადასახადო განაკვეთების გამო, «მემარცხენეთა პროგრამა» კიდევ უფრო აშინებთ.
    სწორედ ამიტომ თქვა თოფაძემ: «არ მინდა დავასახელო, მაგრამ ზოგიერთი პარტიის პროგრამა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ლოგიკას ეწინააღმდეგებაო». რასაკვირველია, «სოციალისტებსა» და «ლეიბორისტებს» გულისხმობდა, აბა, «მერაბ კოსტავას საზოგადოებას» ხომ არ იგულისხმებდა?
    ამგვარი «უმადურობა» სოციალისტებისა და ლეიბორისტებისათვის შესაძლოა განსაცვიფრებელი იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ქართველ მეწარმეთა უმრავლესობას «მაღალი გადასახადები» გაცილებით ნაკლებად აშინებთ, ვიდრე ლარის ხელყოფა და დევალვაცია, რაც აუცილებლად, უეჭველად(!) მოჰყვება მონეტარისტულ პოლიტიკაზე უარის თქმას.
    ინფლაცია დაანგრევს შიდა ბაზარს და ყოველგვარ წარმოებას უაზრობად აქცევს; ინფლაციური პოლიტიკა მხოლოდ იმ მეწარმისთვისაა ხელსაყრელი, ვინც ახლა იწყებს საქმეს და «პირველადი კაპიტალი», - სტიმული სჭირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმათთვის, ვინც უკვე რაღაცას აწარმოებს.
    რატომღაც ითვლება, თითქოს მონეტარიზმი (მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა) ხელსაყრელია იმპორტიორებისათვის, ანუ ფირმებისათვის, რომლებიც საქონლის იმპორტზე მუშაობენ. ეს აშკარად მცდარი დებულებაა - გავიხსენოთ რა ხდებოდა 1992-1993 წლებში: იმპორტიორები განუსაზღვრელი ოდენობით კრედიტებს უმალვე «ახურდავებდნენ» დოლარზე, შემოჰქონდათ საქონელი, აბარებდნენ გამყიდველებს, რომლებიც თავად არეგულირებდნენ ფასებს, ხოლო კრედიტს აბრუნებდნენ ინფლაციური წესით: ნაცვლად 100 დოლარისა 10 დოლარს ან უფრო ნაკლებს.
    რატომ არის ასეთი ვითარება არახელსაყრელი იმპორტიორისათვის? პირიქით, იგი არახელსაყრელია სწორედ ადგილობრივი მწარმოებლისათვის, ვინაიდან ბაზარზე უცხოური ნაწარმისათვის კონკურენციის გაწევა კიდევ უფრო გაუჭირდება.
    ეს მხოლოდ ერთი მაგალითია ქართველ «მემარცხენეთა» მეტისმეტი ოპტიმიზმისა. მათ არც იმის გაგება სურთ, რომ «ლიბერალ-რეფორმატორებმა» 1994 წლის აგვისტო-სექტემბრიდან - დღემდე, 4 წლის განმავლობაში, მაინც მოასწრეს ძალიან სერიოზული გარდაქმნების გატარება, მათ შორის - საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში; საზოგადოების სტრუქტურული გარდაქმნა კი იმას ნიშნავს, რომ სოციუმის ძალიან დიდმა ნაწილმა «ახალი ნიშა» იპოვა. ეს ადამიანები, რასაკვირველია, იმის არ დაელოდებოდნენ, თუ როდის მოახერხებდნენ «მემარცხენეები» პარლამენტში უმრავლესობის შექმნას, არამედ დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ ახალი ნიშის ძიებას.
    მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს ნიშა ვერ იპოვა, მაგრამ უდიდესმა უმრავლესობამ მაინც მოახერხა მისი მიგნება და, საერთო ფონზე, თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით სავსებით კმაყოფილია.
    მაგალითად, ოდესღაც «ორდენოსანმა მუშამ», ვისაც საკავშირო დაქვემდებარების საწარმოში 700 მანეთი ხელფასი ჰქონდა და ახლა «სამარშრუტო ტაქსზე» მუშაობს, შესანიშნავად იცის (გულის სიღრმეში), რომ ის ძველი დრო აღარ დაბრუნდება, მაგრამ მას ძალზე აღიზიანებს «მემარცხენეთა» მცდელობა, აწ უკვე მოპოვებული ნიშაც წაართვან, - მაგალითად, აიძულონ, ნაცვლად დიდუბის ავტოსადგურისა, ორთაჭალიდან იმუშაოს, ცენტრალურ ქუჩებზე არ გააჩეროს, ფასიც მეტისმეტად არ დაუკლოს, რათა «მეტროს კოლექტივი» უმუშევარი არ დარჩეს და ა.შ.
    საბაზრო სისტემის უმთავრესი თვისება ის არის (აი, ამას ვერ შეაგნებინებ ვერაფრის დიდებით ჩვენს «მემარცხენეებს»), რომ ცხოვრებით უკმაყოფილო ნაწილთან ერთად, არსებობს მეორე ნაწილი, რომელმაც იპოვა სოციალური ნიშა და თავისი მდგომარეობით, ასე თუ ისე, კმაყოფილია.
    გააჩნია, რამდენად მრავალრიცხოვანია იგი; მაგრამ მტკნარი სისულელეა, თითქოს მეორე «კატეგორიას» მხოლოდ კორუმპირებული ბიუროკრატია და მათი ოჯახის წევრები წარმოადგენენ. ეს რომ ასე იყოს, მომავალ არჩევნებში (ვთქვათ) «მოქალაქეთა კავშირი» 2-3 პროცენტს ძლივს დააგროვებდა. მაშასადამე, მმართველი გუნდის, ზოგადად «მემარცხენეებისა» და «ლიბერალების» უმთავრესი ამოცანაა, რაც შეიძლება გააფართოონ სოციუმის ის სეგმენტი, რომელმაც ახალი ნიშა იპოვა სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე.
    და საერთოდ, კიდევ საკითხავია, რამდენად პერსპექტიულია, ამ ქვეყანაში (სწორედ ამ ქვეყანაში) სოციალური, თუ ზოგადად «მემარცხენე» იდეოლოგია.
    საქართველო არ არის რუსეთი.
    ქართულ საზოგადოებას განსხვავებული მენტალიტეტი აქვს; ის ფაქტი, რომ ისტორიულად სახელმწიფო მეტად სუსტი იყო და ქართველები «თავის ნებაზე» იყვნენ მიშვებულნი, დღეს უფრო ლიბერალების სასარგებლოდ მუშაობს, ვიდრე «მემარცხენეებისა».
    სახელმწიფოს პატერნალისტურ ფუნქციას ქართველები ისტორიულად მაინცდამაინც ვერ გრძნობდნენ და არც მოითხოვდნენ; 70 წელმა ეს მდგომარეობა ვერ შეცვალა და ვერც შეცვლიდა.
    სხვა ვითარებაა ტრადიციულად მყარი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნებში - რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, გერმანიაში და ა.შ.
    ქართველმა შესანიშნავად იცის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის. უკიდურეს შემთხვევაში ნათესავებისა და მეგობრების იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სახელმწიფოს დახმარებისა.
    სახელმწიფო ქართველს მეწველ ძროხად კი მიაჩნდა, ოღონდ სანამ იწველებოდა; და თუ აღარ იწველება - მგელსაც შეუჭამია!
    ასე იქმნება კიდევ ერთი პარადოქსი: ქართული ინდივიდუალიზმი და ტრადიციული სახელმწიფოებრივი ნიჰილიზმი უფრო «ლიბერალთა» სასარგებლოდ მუშაობს, ვიდრე «მემარცხენეთა», რომლებიც სახელმწიფოს როლის გაძლიერებას მოითხოვენ.

    მაშასადამე, ვალდებული ხართ მოითმინოთ და გადაიტანოთ მტკივნეული გარდაქმნები - სხვა გზა არ არის. ქართველი საზოგადოების იმავე თვისებიდან გამომდინარე, «მემარცხენეები» ჩვენში რევოლუციას თუ განახორციელებენ, თორემ სხვაგვარად ხელისუფლებაში ვერ მოვლენ; და «რევოლუციის მონაპოვარსაც», ალბათ, ვერ შეინარჩუნებენ.

მერიდიანი, 11 ნოემბერი, 1998 წ.