ფინანსთა სამინისტროში რეორგანიზაცია გარდაუვალია

ფინანსთა სამინისტროში რეორგანიზაცია გარდაუვალია

     «სამთავრობო გადატრიალების» შემდეგ უეჭველად დაისმება საკითხი ცალკეულ სამინისტროებში სტრუქტურული გარდაქმნების შესახებ. მათ შორის პირველი იქნება ფინანსთა სამინისტრო. ზოგიერთი ინფორმაციით, პრეზიდენტი მხარს უჭერს წინადადებას საგადასახადო ინსპექციისა და საბაჟო სამსახურის სამინისტროდან გამოყოფის შესახებ. შესაძლოა განხორციელდეს საკადრო ცვლილებებიც. თუმცა, თვით მინისტრს ეს არ შეეხება, ვინაიდან იგი ახლადდანიშნულია (ყველაზე ახალგაზრდა მინისტრია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და გარდა ამისა, მმართველი გუნდის წევრია, რომელზეც «მოქალაქეთა კავშირის» ორივე თაობა დიდ იმედებს ამყარებს.
    ჯერჯერობით, ფინანსთა მინისტრს უჭირს მუშაობა. ერთ-ერთ სხდომაზე შევარდნაძემ სამინისტროს ხელმძღვანელს მკვახედ განუცხადა: თქვენ იმაზე მეტ შეცდომას უშვებთ, ვიდრე დავით იაკობიძეო. განსაკუთრებით ეს ეხებოდა ე.წ. «ჩათვლების სფეროს».
    სერიოზული პრობლემებია საბიუჯეტო შემოსავლის გეგმის შესრულების თვალსაზრისითაც და ეს მაშინ, როდესაც 1998 წლის «საბიუჯეტო გეგმა» გაცილებით ადვილი შესასრულებელი უნდა იყოს, ვიდრე წინა წლისა; ბიუჯეტის შედგენისას ფინანსისტებმა გაითვალისწინეს მხოლოდ მინიმალური შემოსავლები. მიხეილ ჭკუასელმა იგრძნო, რომ უკმაყოფილება იზრდებოდა. შესაძლოა ჰქონდა კიდეც ინფორმაცია მთავრობის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ, ამიტომ მთავრობის აწ უკვე ისტორიულ სხდომაზე ჯერ კიდევ ლეკაშვილის განცხადებამდე გამოაქვეყნა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ე.წ. «საგადასახადო ამნისტიას» ანუ საწარმოთათვის ძველი ვალების პატიებას იმ პირობით, რომ ისინი უმალვე დაიწყებდნენ გადასახადების პირნათლად გადახდას.
    ეს აქცია ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. საერთოდ, ნებისმიერი ამნისტია სახელმწიფოსათვის ყოველთვის წამგებიანია, ვინაიდან ქმნის არასასურველ პრეცედენტს. მეწარმეს, ბიზნესმენს ყოველთვის ექნება იმედი, რომ შეიძლება გადასახადი არ გადაიხადოს და ბოლოს და ბოლოს ვალს სახელმწიფო მაინც «ჩამოუწერს». ამგვარი ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში იგი დაუშვებელია.
    გარდა ამისა, ირღვევა ელემენტარული სამართლიანობის პრინციპი, რაც აგრეთვე დამანგრეველ შედეგს გამოიღებს - გამოდის, ჭკვიანი ის ყოფილა, ვინც გადასახადი არ გადაიხადა, ხოლო ის ხალხი, რომელიც პირნათლად იხდიდა გადასახადს (გაჭირვების მიუხედავად) უჭკუოდ მოქცეულა.
    მით უმეტეს, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ამგვარი უსამართლობა საყოველთაო აღშფოთებას გამოიწვევს. მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა. სიტყვა «ამნისტიამ» გაიჟღერა, შემოსავლები ბიუჯეტში უეჭველად შემცირდება, რადგან ყველა ბიზნესმენი დაელოდება ვალების პატიებას.
    მაშასადამე, ან უნდა მკვეთრად ითქვას, რომ ამნისტია არ იქნება, ან იგი ნამდვილად განხორციელდეს. საშუალო ვარიანტი ყველაზე უარესია.

მერიდიანი, 3 აგვისტო, 1998 წ.