ფედერაცია სეპარატისტებისთვის მიუღებელია

ფედერაცია სეპარატისტებისთვის მიუღებელია

        მიუხედავად იმისა, რომ სოჭის მოლაპარაკებებისაგან ბევრს არაფერს ელოდნენ, შედეგი მართლაც სენსაციური გამოდგა, ოღონდ სენსაცია არა რუსეთის საკურორტო ქალაქში, არამედ უკვე თბილისში შედგა, როდესაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოს ფედერალიზაციის იდეა გაახმოვანა.

        ეს იდეა ადრეც ჟღერდა, მაგრამ ესოდენ გამოკვეთილად და ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ გუშინ ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, განიხილოს ქვეყნის ფედერალიზაციის პროექტი, თუ ეს აფხაზეთის კონფლიქტის სრულმაშსტაბურ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.
        მოწესრიგების მოდელი უკვე გარკვეულია: სოჭის დეკლარაციის არცთუ მთლად უსაფუძვლო ქართული ინტერპრეტაციის შესაბამისად, გალის რაიონში უნდა შეიქმნას კოალიციური, სამმხრივი ადმინისტრაცია. ყველაზე ცოტა, ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზური მხარე სამურზაყანოს სკოლებში საგნების ქართულად სწავლებას ვერ აკრძალავს. გარდა ამისა, გეგმა ითვალისწინებს სამმხრივი პოლიციური ქვედანაყოფების შეყვანას, რაც წესით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას უნდა ნიშნავდეს. იმავე კონტექსტში განიხილება გალის რაიონში მდებარე ჰიდროკომპლექსების (ენგურის ვარდნილთა) რეაბილიტაცია-რეკოსნტრუქციის წინადადება. მთლიანობაში, საქართველოს ხელისუფლების ზარით, გალის რაიონის პრობლემის გადაწყვეტა შექმნის პირობებს აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბური დასრულებისა და ყველა რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებისათვის.
        მაგრამ უპირველესი წინააღმდეგობა არის ის, რომ აფხაზური მხარე როგორც ჩანს, არაფრის დიდებით არ დაეთანხმება არათუ საქართველოს იურისდიქციის, თუნდაც ნაწილობრივ აღდგენას სამურზაყანოში, არამედ ამ რაიონში სოხუმის იურისდიქციის მცირეოდენ შეზღუდვასაც კი.
        სეპარატისტებისთვის იდეალურია ამჟამად შექმნილი ვითარება, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ბლოკადა, ფაქტობრივად, გაუქმდა, დაიწყო სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა და პასპორტების გაცემა, მაგრამ სოჭის შეხვედრამ დაადასტურა, რომ რკინიგზის გახსნაში დაინტერესებული სომხეთის ზემოქმედებით, რუსეთი მართლაც ცდილობს გარკვეული ნაბიჯები გადადგას, ოღონდ სოხუმთან ურთიერთობათა გაფუჭების გარეშე - «მცირე დათმობის» საფასურად.
        «ფედერალიზაციის» თაობაზე, პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადება სავსებით თავსდება რეგიონში მიმდინარე პროცესთა საერთო კონტექსტში. იგი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის, არამედ რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული (ამ რეგიონში( კომპრომისის გამოხატულება.
        თუ ლოგიკურ ჯაჭვს გავაგრძელებთ, მაშინ კომპრომისი, გალის რაიონთან დაკავშირებით, უახლოეს ხანებში შეიძლება შედგეს და სოჭის დეკლარაცია სამმხრივ შეთანხმებად (ჯერ) შემდეგ კი ხელშეკრულებად იქცევა. გააჩნია რა ზომას გამოიყენებს რუსეთი აფხაზეთის სეპარატიტსტებზე ზემოქმედებისათვის.

დილის გაზეთი, 11 მარტი, 2003 წელი