„უშიშროებამ“ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ ბევრი არაფერი იცის

„უშიშროებამ“ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ ბევრი არაფერი იცის

  

    საქართველოს უშიშროების მინისტრი გამოცდილი ოპერატიული მუშაკია და კვალიფიციურ გამომძიებლად არის ცნობილი, მაგრამ ალბათ სწორედ ეს უშლის ხელს, მისი ახალი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუსტი გადაწყვეტილებები მიიღოს.
    «უშიშროების» სპეციფიკა დიდად განსხვავდება პოლიციის სპეციფიკისაგან, თუნდაც იმით, რომ პირველის დანიშნულება მაინც ძირითადად დანაშაულის პროფილაქტიკაა, ხოლო პოლიციისა - უკვე ჩადენილი დანაშაულის გახსნა.
    მაგალითად, პრეზიდენტზე თავდასხმა უშიშროებას უნდა აღეკვეთა, თორემ რაკი დანაშაული მოხდა, შემდეგ სპეცსამსახური რის მაქნისია? 9 თებერვლის შესახებ უშიშროების სამინისტრომ ვერაფერი შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა - ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაციის მიზნით რაღაც მზადდებოდა; საკუთრივ ტერაქტების შემდეგ კი საქმე ოპერატიულად გაიხსნა, ვინაიდან აქ უკვე პოლიციის მეთოდები იყო საჭირო და არა უშიშროებისა - ეს კი გახოკიძესაც და თარგამაძესაც ერთნაირად კარგად ეხერხებათ.
    მიუხედავად ამისა, უშიშროების მინისტრი აშკარად შეშფოთებულია. მისი განცხადებით, იგი კვლავინდებურად ფლობს ინფორმაციას მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ, რომლის სავარაუდო თარიღადაც სექტემბრის ბოლოს ასახელებს.
    მრავალი დამკვირვებლის აზრით, ჯემალ გახოკიძეს უფრო თავის დაზღვევის სურვილი ამოძრავებს; ანუ ზოგად ინფორმაციას ფლობს, რომ «რაღაც მზადდება», მაგრამ კონკრეტულად ბევრი არაფერი უწყის.
    კონკრეტული ინფორმაცია თუ ექნებოდა, პრესკონფერენციას სხვა შინაარსით ჩაატარებდა და ჟურნალისტებს დაკავებული ტერორისტის შესახებ აუწყებდა.
    არადა, მსგავსი არაფერი მომხდარა - კვლავ ზოგადი განცხადებები, რომ «რაღაც მზადდება», რაღაც «მწიფდება» და ა.შ. ძნელი მისახვედრი არ არის, რა მიზანს ისახავს ამგვარი განცხადებები. ჯერ ერთი, უშიშროებას ნამდვილად აქვს ინფორმაცია პრეზიდენტ შევარდნაძეზე მოსალოდნელი მორიგი თავდასხმის შესახებ. კონკრეტულად, ალბათ, არაფერი იციან, მაგრამ ზოგადად «მონიშნეს». ჯემალ გახოკიძე აშკარად ანერვიულდა - თუ მესამე ტერაქტი მოხდა, შემდეგ «თითზე კბენა» და თავის მართლება გვიან იქნება - აღარც ის აბსურდული ვითარება განმეორდება, როდესაც 9 თებერვლის ტერაქტისათვის რატომღაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო სთხოვდნენ პასუხს, ვიდრე «უშიშროებას».
    ამიტომ სჯობს, წინასწარვე ილაპარაკოს, თუმცა მარტო ლაპარაკითაც არაფერი გამოვა - უშიშროების მინისტრს არ აპატიებენ მხოლოდ იმის გამო, რომ წინასწარ განაცხადა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. არსებობს სიმპტომები, რომ გახოკიძე (სამთავრობო დაცვასთან ერთად) გარკვეულ ზომებს იღებს - კიდევ უფრო გაძლიერდა პრეზიდენტის ესკორტი, სნაიპერები მომრავლდნენ თავისუფლების მოედანზე, შენობათა სახურავებზე და ა.შ.
    მეორე მხრივ, ჯემალ გახოკიძის განცხადება შეიძლება სხვა ფაქტორებსაც გულისხმობდეს. მაგალითად, პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, ანტისამთავრობო გამოსვლებს ან სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებას ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში; ამ შემთხვევაში გახოკიძემ სწორი ტაქტიკა აირჩია - თუ წინასწარ ნავარაუდევი «დესტაბილიზაცია» დადასტურდა, მას შეეძლება თქვას, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, ხოლო დესტაბილიზაციის მსურველნი პროვოკატორები არიან. უშიშროების სამინისტრო ხომ არა მხოლოდ ტერორისტულ აქტებზეა პასუხისმგებელი, არამედ სახელმწიფოში ზოგად სტაბილურობაზე. ოღონდ გააჩნია რას გულისხმობს იგი «დესტაბილიზაციაში» ანუ დემოკრატიული პროცესის ჩაშლის მცდელობას თუ თვით დემოკრატიულ პროცესს. ნებისმიერი დემონსტრაცია, მიტინგი ან მოწოდება არ შეიძლება ჩაითვალოს «დესტაბილიზაციად», მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს საკუთარი «დემოკრატიული სპეციფიკაც» გააჩნია და შესაბამისი გამოცდილებაც - «ქართული დემოკრატია» ხშირად გადაზრდილა ხოცვა-ჟლეტაში.
    ჯემალ გახოკიძეს «კაგებეშნიკური» ყნოსვა რომ ჰქონდეს, ძირითად არგუმენტად ისევ და ისევ «ნავთობსადენს» დაასახელებდა და ნებისმიერ გამოსვლას, პოლიტიკურ მოთხოვნას, მანიფესტაციას გამოაცხადებდა «გარეშე ძალთა პროვოკაციად საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის მოშლის მიზნით».
   
   

მერიდიანი, 14 აგვისტო, 1998 წ.