«უფლებამოსილებათა შესახებ» მოლაპარაკებას ბათუმი უსასრულოდ გააჭიანურებს

«უფლებამოსილებათა შესახებ» მოლაპარაკებას ბათუმი უსასრულოდ გააჭიანურებს

        ბათუმიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში. პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ», რომელშიც ყველგან, სადაც ქვეყნის ძირითად კანონში აღნიშნული იყო «აჭარა», ჩაიწერება «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა».
        ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ განისაზღვრება აჭარის სახელმწიფოებრივი სტატუსი, ვინაიდან აჭარის ამჟამინდელი კონსტიტუციით (იგივე საბჭოთა კონსტიტუციით), აჭარა არის არა ავტონომია (დასავლური, ცივილიზებულიო გაგებით), არამედ სრულფასოვანი სახელმწიფო ყველა სახელმწიფოებრივი ინსტიტუციით, ანუ სახელმწიფო-სახელმწიფოში.
        დღეს აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის დამყარებულია არათუ ფედერაციული, არამედ კონფედერაციული ურთიერთობა. აბა, სხვა რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამჟამინდელ მდგომარეობას, როდესაც «ავტონომია» თვითონ წყვეტს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზღვაო აკვატორიის დაცვა, საბაჟო გადასახადები, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, სახელმწიფო ქონების განკარგვა (პრივატიზება) და ა.შ.
        აღარაფერს ვამბობ ისეთ «წვრილმანზე», როგორიცაა სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებათა დაცვა (შეწყალებული ასანიძის ეპიზოდი) და ა.შ.
        თავისთავად, ეს განსაზღვრება (კონფედერაცია) ნეგატიურ ელემენტს სრულებითაც არ შეიცავს, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. გამაღიზიანებელი და აღმაშფოთებელი სწორედ ის არის, რომ ზოგიერთი ცდილობს დაუძვრეს პასუხისმგებლობას – მათ შორის, ისტორიულ პასუხისმგებლობას. თუმცა ამაზე ქვემოთ.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რა მოჰყვება საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებების შეტანას, ანუ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის დაფიქსირებას: ამით საქართველოს ძირითადი კანონი აღიარებს, რომ ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს აჭარის სახელისუფლო ორგანოთა უფლებამოსილებას, ანუ, აქედან გამომდინარე, ცენტრის უფლებამოსილებას აჭარაში, არის მხოლოდ და მხოლოდ აჭარის კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციით კი აჭარა სუვერენული სახელმწიფოა!
        «საბჭოთა ავტონომიების» შემოქმედ ბოლშევიკთა მზაკვრობა სწორედ ის არის, რომ დაპყრობილ ქვეყნებში «საბჭოთა ავტონომიების» (ანუ, ფაქტობრივად, სუვერენული სახელმწიფოების) სახით «შენელებული მოქმედების ნაღმები» შეექმნათ.
        აჭარის დღევანდელი კონსტიტუცია, ფაქტობრივად, იგივე კონსტიტუციაა, რაც აჭარაში მოქმედებდა, ვთქვათ, 1980 წელს. მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა – გაჩნდა მხოლოდ ჩანაწერი «რესპუბლიკის მეთაურის» (უფლებამოსილებათა შესაბამისად, ფაქტობრივად, აჭარის პრეზიდენტის) საყოველთაო სახალხო არჩევის შესახებ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება კიდეც.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ენა უნდა ამოაგლიჯო ყველა ქართველს, ვისაც აჭარასა და აჭარლებზე აუგი წამოსცდება. აჭარელი იგივე ქართველია და, იქნებ, სხვა ბევრ ქართველზე უკეთესი ქართველიც.
        არავის აქვს საწინააღმდეგო ჭეშმარიტი ავტონომიისა აჭარაში, მაგრამ ავტონომიაც არის და ავტონომიაც! როდესაც «ავტონომია» თვითონ წყვეტს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საბაჟოს აკვატორიის დაცვა, გადასახადების ოდენობა და მათი «განაწილება» ცენტრალურ ბიუჯეტსა და ავტონომიის ბიუჯეტს შორის, ეს უკვე ავტონომია კი აღარ არის ამ ცნებების კლასიკური გაგებით, არამედ არის სუვერენულიო სახელმწიფო, რომელსაც დანარჩენ საქართველოსთან კონფედერაციული ურთიერთობა აქვს.
        კი ბატონო, მაშინ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და მოვისვენოთ ყველამ!
        არსებობს ილუზია, თითქოს პარლამენტი მიიღებს ამ შესწორებებს კონსტიტუციაში და შემდეგ (არა ერთდროულად, როგორ მიზანშეწონილი იქნებოდა, არამედ მხოლოდ ამის შემდეგ) შემუშავდება შესაბამისი ორგანული კანონი «ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიის ხელისუფლებას შორის კომპენსაციათა და უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ».
        მაგრამ საქმე ისაა, რომ «ავტონომიის» ხელისუფლება უსაშველოდ გააჭიანურებს მოლაპარაკებას იმ კომისიაში (თუ დაადგა საშველი კომისიის ფორმირებას – გ.ვ.), რომელმაც კანონპროექტი, სათანადო საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა მოამზადოს.
        როგორც კი თავისას «გაინაღდებენ» და საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს აჭარის რესპუბლიკურ სტატუსს, ანუ აღიარებს აჭარის კონსტიტუციას (რომლის ძალითაც აჭარა სუვერენული სახელმწიფოა და არა «ავტონომია»), ამის შემდეგ, ნურას უკაცრავად, მოლაპარაკება «უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე», უსასრულოდ გაჭიანურდება, გამოიძებნება ათასი ხრიკი, ათასი მიზეზი თუ საბაბი, ბოლოს კი იტყვიან: «საერთოდ, რაზე ვმსჯელობთ, - «ავტონომიის» უფლებამოსილება უკვე განსაზღვრულია აჭარის კონსტიტუციით (რომელიც თქვენ აღიარეთ) და სადისკუსიოც არაფერიაო».
        ხოლო თუ პარლამენტი მაინც მიიღებს ორგანულ კანონს ავტონომიის ხელისუფალთა თანხმობის გარეშე – აჭარის კონსტიტუციაში წინასწარ შევა (უკვე შესულიცაა) ცვლილება, რომ საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი კანონი ან კანონქვემდებარე აქტი აჭარის ტერიტორიაზე მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება აჭარის კონსტიტუციას!

მერიდიანი, 1 მარტი, 2000 წელი