უკრაინულ მარაზმში ქართველების ჩათრევას ცდილობენ

უკრაინულ მარაზმში ქართველების ჩათრევას ცდილობენ

        სწორედ იმ დროს, როდესაც უკრაინის «ცენტრალური საარჩევნო კომისია» საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების დაშვების საკითხს იხილავდა, პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ პრეზიდენტ იუშენკოს «დებილი, ჩვარი, უტვინო, უნიჭო, სუსტი და სულელი» უწოდა.
            მისი მხრიდან აქ ახალი არაფერია. ასეთივე «ეპითეტებით» პრემიერ-მინისტრს – პრეზიდენტი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრეც შეუმკია, რის შედეგადაც ეს ქვეყანა მსოფლიოს ზიზღნარევი ხითხითის მიზეზი ბევრჯერ გამხდარა.
        აბა სად გაგონილა, ღირსების მქონე ქვეყანაში პრეზიდენტი – პრემიერს უცხო ქვეყნის აგენტს უწოდებდეს (და, ამის მიუხედავად, თანამდებობიდან ვერ ათავისუფლებდეს), ხოლო მოქმედი პრემიერი – მოქმედ პრეზიდენტს «დებილს?».
        საოცარია, მაგრამ საქართველოში არიან პოლიტიკური ზალები (მათ შორის ე.წ. «რესპუბლიკელები»), რომლებსაც სწორედ ასეთი მარაზმი უნდოდათ და უნდათ საქართველოში!
        ამას «დემოკრატიას» უწოდებენ და მათთვის მენტალურად დამახასიათებელი სწორხაზოვნების და ერთგანზომილებიანობის გამო ვერაფრით შეაგნებინებ, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში დემოკრატია აუცილებლად გადაიზრდება ისეთ მარაზმში, როგორშიც გადაიზარდა ელცინის რუსეთში, შევარდნაძის საქართველოში და იუშენკოს უკრაინაში.
        «უჰ, დემოკრატია შევარდნაძესთან და ელცინთან რა მოსატანიაო» - იტყვიან უეჭველად «ალიანსის» და რესპუბლიკელთა «აიათოლები». იუშენკოსთან ხომ არის მოსატანი? თავად უთქვამთ: ხომ ხედავთ იუშენკომ (სააკაშვილისგან განსხვავებით) რა დემოკრატია დაამყარა – მედია თავისუფალია და არჩევნებიც გამჭვირვალეო.
        ჰოდა სწორედ იმიტომ მიიღო ამ ქვეყანამ ის მარაზმი, რაც მიიღო და უარესს მიიღებს ახლახანს ჩატარებული «დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების» შედეგად.
        სინამდვილეში, პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ლიბერალური, პროდასავლური რეფორმების განხორციელება მხოლოდ ავტორიტარული მეთოდებითაა შესაძლებელი. ყველა სხვა გზას უკრაინული მარაზმისკენ მივყევართ. ბალტია გამონაკლისია იმიტომ, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საბჭოთა კავშირში ყოფნის დროსაც დასავლეთი იყვნენ თავისი კულტურით, ცხოვრების წესითა და შეგნებით.
        მაგრამ «ფუნდამენტალისტებს» ამას ვერ შეაგნებინებ. ფუნდამენტალისტი ხომ (ლიბერალი იქნება იგი თუ ისლამისტი) ყველგან და ყოველთვის ერთნაირად გონებაჩლუნგია.
        მიშამ და ვანომ, 2004 წლიდან დაწყებული, ისეთი სისტემა შექმნეს, რომელიც საქართველოს უკრაინულ მარაზმში ჩახრჩობის საშუალებას არ აძლევს.
        რაც შეეხება ქართველი დამკვირვებლების დაშვება-არდაშვების თაობაზე ატეხილ გნიასს, ტყუილად ცდილობს ზოგიერთი ეს მხოლოდ «რეგიონთა პარტიასა» და მის წარმომადგენლობას დააბრალოს.
        ქალბატონი იულია, რომელსაც გასული საპარლამენტო არჩევნების დროს ქართველმა დამკვირვებლებმა დიდი დახმარება გაუწიეს (სწორედ ამის წყალობით გახდა პრემიერი) დღეს უკვე მათი მონაწილეობის წინააღმდეგია და იანუკოვიჩთან შეხმატკბილებით მოქმედებს.
        როგორც ჩანს, ქალბატონ იულიას ჰგონია, რომ «საქართველო» – რუსეთთან დაპირისპირების სინონიმია, ხოლო თვითონ ისე შეძლებს ევროპული სახელმწიფოს აშენებას, რომ პუტინთან შეხვედრისას მუხლებთან გამჭვირვალე კაბას ჩაიცვამს და ეს საკმარისი იქნება: არც თვითონ შეიწუხებს თავს და არც უკრაინელებს შეაწუხებინებს. ანუ, ერთი რუსული გამონათქვამის შესაბამისად, ამ ქალბატონს უნდა «И рыбку съесть и на . . . сесть».
        არადა, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ისევე, როგორც იმათ არ გამოუვათ არაფერი, ვისაც ბრიყვულად ჰგონია, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში რაც მეტი პლურალიზმი იქნება, მით უფრო სწრაფად დაუახლოვდება იგი ევროპას.
        სინამდვილეში კი, მით უფრო სწრაფად ჩაეფლობა მარაზმში და ამას უკრაინის ტრაგიკომიკური მაგალითი მკაფიოდ ადასტურებს!