უკრაინის სამშვიდობო მოტივაციას მეტი დაკვირვება სჭირდება

უკრაინის სამშვიდობო მოტივაციას მეტი დაკვირვება სჭირდება

      როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციამ ოსტატურად გამოიყენა საქართველოს სწრაფვა აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომი ინტერნაციონალიზაციისაკენ და აქტიურად ჩაერთო სამშვიდობო მოლაპარაკებებში. არძინბას ხელისუფლებასთან უკვე ოფიციალური კონსულტაციებიც კი იმართება უკრაინის «სამშვიდობო მისიის» თაობაზე. უწინარესად ისაა საინტერესო, ოფიციალურ სოხუმს რატომ გაუჩნდა ამგვარი კონსულტაციების გამართვის სურვილი.
    სულ ცოტა ხნის წინ არძინბას «უკრაინის სამშვიდობო ინიციატივათა» გაგონებაც არ სურდა. საქმე, როგორც ჩანს, ისაა, რომ აფხაზური ხელისუფლება მართლაც უკმაყოფილოა რუსეთის პოზიციით ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე.
    მაისის მოვლენათა შემდეგ ამ რეგიონში «ბალანსი დაირღვა» და ამჟამად მის აღდგენას პრიმაკოვის უწყება არძინბას რეჟიმზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებით ცდილობს.
    ფსოუზე საზღვრის გახსნის საკითხიც კვლავინდებურად გადაუწყვეტელია. რაც შეეხება საქართველოს, შევარდნაძე აპირებს ოპოზიციურად განწყობილ ძალებს დაუმტკიცოს, რომ მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული. კიევს არაერთგზის განუცხადებია, რომ უკრაინა სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში შეიყვანს, მხოლოდ გაეროსა და სოხუმის თანხმობით. არ არის გამორიცხული, გარკვეულ პირობებში აფხაზებიც დაეთანხმონ ენგურის აუზში უკრაინელ «ცისფერჩაფხუტიანთა» გამოჩენას.
    მაგრამ რეალურად საქართველოსთვის ამას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ უკრაინელები ჩაენაცვლებოდნენ რუსებს. ესე იგი, რუსეთის სამშვიდობო ძალები დატოვებდნენ კონფლიქტის ზონას და მათ შეცვლის უკრაინული კონტიგენტი.
    თუ ყურადღებით დავაკვირდებით, კიევს ამგვარი «ჩანაცვლება» სულაც არ ეპიტნავება, ვინაიდან პასუხისმგებლობის თავზე აღება არ სურს. მისთვის იდეალური ვარიანტია სიმბოლური აქციის განხორციელება: ენგურის სანაპიროზე ათი ან ოცი სამხედრო მოსამსახურის განთავსება, რითაც უკრაინა დაადასტურებს, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეზე მისი «სამშვიდობო როლი» იზრდება და «ქულებსაც იწერს» რუსეთთან პოლიტიკურ პაექრობაში. იგივე ამბიცია ამოძრავებდა კუჩმას, როცა დნესტრისპირეთის კონფლიქტში უკრაინის როლის დაფიქსირება მოითხოვა და მიაღწია კიდეც თავისას, მაგრამ რეალურად უკრაინა იქ დნესტრისპირეთის ინტერესთა დამცველია და არა მოლდავეთისა.
    ამრიგად, უკრაინის «სიმბოლური მონაწილეობა» აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში ჩვენის მხრივ უდიდესი სისულელე იქნებოდა - რეალურად ამით ვერაფერს მოვიგებდით, ხოლო რუსეთი კიდევ უფრო გაღიზიანდება.
    უკრაინის «სამშვიდობო მისია» აზრს შეიძენს მხოლოდ იმ პირობით, თუ მოხდება რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის სრული ჩანაცვლება უკრაინელი «ცისფერჩაფხუტიანებით», მაგრამ ამისთვის უკრაინელები არანაირად მზად არ არიან. ამდენად, მათი აქტივობა ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშია.

მერიდიანი, 22 ივლისი, 1998 წ.