უკრაინა ქართულ-აფხაზური დიალოგის ალტერნატიული მედიატორი?

უკრაინა ქართულ-აფხაზური დიალოგის ალტერნატიული მედიატორი?

      

        დღეს ყირიმში იკრიბებიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის შექმნილი «საკოორდინაციო საბჭოს» წევრები. მათ შორის, «მეგობარი ქვეყნების» (საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების) ელჩები, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი.
        აფხაზურ მხარეს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ვიაჩესლავ ცუგბა, ხოლო ქართულ მხარეს - სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი.
        მთავარი მოულოდნელობაა უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში. პრეზიდენტ კუჩმას დღეს სჭირდება იმის დემონსტრირება, რომ ყველა პრობლემა მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყირიმშიც ყველაფერი ისევე დამთარვდება, როგორც აფხაზეთში დასრულდა.
        მეორე მხრივ, უკრაინის გააქტიურება, როგორც მედიატორისა, აშკარად სასარგებლოა საქართველოსთვის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა იგრძნოს ალტერნატივის არსებობა.
        როგორც ჩანს, თბილისშიც სერიოზულად ემზადებიან რაღაცისთვის, რაკი უკრაინის ჩართვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ამჟამინდელ ფორმატს მნიშვნელობა არა აქვს - მოიძებნება ისეთი ფორმატი, რომელშიც უკრაინის როლი კიდევ უფრო გაძლიერდება - მთავარია, უკრაინა ჩაერთოს ამ პროცესში და მისი როლიც თანდათან გაიზარდოს.
        კიევი პრინციპულად თანახმაა გამოაგზავნოს სამშვიდობო კონტინგენტი აფხაზეთში. ჯერჯერობით იგი ითხოვს როგორც კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის თანხმობას, ასევე გაეროს მანდატს.
        თუმცა, ამ მოთხოვნებსაც პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უკრაინამ უფრო შეიძლება წარმოაგზავნოს თავისი სამხედრო კონტიგენტი აფხაზეთში, ვიდრე რეგიონის ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, თურქეთმა.
        უკრაინა არა მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია, არამედ არის იმ სივრცის განუყოფელი სუბიექტი, რომელიც «ძალური ველის» სახით კვლავაც არსებობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამ სივრცეში აქტიური მოქმედების საშუალება უკრაინას უფრო მეტად აქვს, ვიდრე ნებისმიერ გარეშე სუბიექტს.
        იალტის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში ჩამოვიდა ვლადისლავ არძინბას «მარჯვენა ხელი», ასტამურ თანია.
        როგორც ჩანს, აფხაზეთის ხელისუფლებაც აქტიურად ემზადება იალტისათვის და წინასწარ ზოგიერთ პრინციპულ დათმობაზეც წავიდა.
        დაგეგმილია იალტის ერთობლივი განცხადების გაფორმება «მხარეთა შორის ნდობის განმტკიცების» თოაბაზე. ეს ტერმინი («ნდობის განმტკიცება») დოკუმენტის პროექტში პრევალირებს, ვინაიდან სოხუმში აშკარად დაიღალნენ მუდმივი შიშით და გარანტიებს ითხოვენ.
        თუმცა, ისიც შესანიშნავად ესმით, რომ ამგვარ გარანტიებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივი დათმობებით ვერ ეღირსებიან. ამიტომ თვითონაც მოდიან დათმობაზე.
        მაგალითად, სარწმუნო წყაროთა ცნობით, უკვე ჩვეულებრივი ხდება საუბარი «ძველ საზღვრებში გალის რაიონზე», რასაც მცირე ხნის წინ სოხუმი არასგზით არ თანხმდებოდა.
        როგორც ცნობილია, არძინბას გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ნახევარი გადაეცა ტყვარჩელის რაიონს. დღემდე სეპარატისტები «ახალ ადმინისტრაციულ დაყოფას» ფანატიკურად ებღაუჭებოდნენ, რათა არ დაეშვათ ლტოლვილთა დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობის დაფიქსირება გალის არხის ჩრდილოეთით.
        ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ სოხუმი ვეღარ მოითხოვს (სწორედ «ვეღარ», თორემ დიდი სურვილი ნამდვილად აქვთ) იმ ორი ყბადაღებული «ოქმის» ხსენებას დოკუმენტში, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთისთვის სამართლიანი ეკონომიკური ბლოკადის მოხსნას და სანაცვლოდ, ლტოლვილთა ვითომცდა დაბრუნებას გალის რაიონში, ყოველგვარი გარანტიების გარეშე.
        «სტატუსის საკითხი» ამ შეხვედრაზეც არ განიხილება, ვინაიდან სოხუმი ჯიუტად უარყოფს ამ თემაზე დიალოგის თვით შესაძლებლობასაც კი.
        ამის მიუხედავად, აქვს თუ არა აზრი ასეთ შეხვედრებსა და დიალოგს? თუ იგი მიზნად ისახავს კონფლიქტის გადაწყვეტას და საქართველოს მთლიანობის აღდგენას სწორედ ამგვარ ფორმატში, მაშინ მას, რა თქმა უნდა, პერსპექტივა არა აქვს,
        მაგრამ იალტის შეხვედრა (ისევე, როგორც მანამდე ათენის შეხვედრა და ა.შ.) ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებს აფიქსირებს და ახალ ფორმატსაც უმზადებს საფუძველს, რომელშიც რუსეთი გადამწყვეტ როლს ვეღარ შეასრულებს.
        საყურადღებოა, რომ აქ სოხუმიც მიჰყვება «დინებას» - არძინბას ძალზე ეშინია, ვაითუ, კრემლის ახალმა ბინადარმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთი საქართველოს «ჩააბაროს», ამიტომ ცდილობს დამატებითი გარანტიების შექმნას, მაგრამ ამასაც ვეღარ მოახერხებს თბილისისადმი დათმობის გარეშე.
        ზოგადად, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ახლოვდება კრიტიკული ზღვარი, რომლის მიღმა ყველა მხარე იძულებული გახდება რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს. მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებაც. «გაყინულ» მდგომაროებაში სიტუაცია დიდხანს ვეღარ შენარჩუნდება. აუცილებელი იქნება მისი «გალღობა», ოღონდ ახალი გარანტიების შექმნით, რათა «გალღობამ» ომი არ გამოიწვიოს.
        დღევანდელ ვითარებაში ახალი ომი ხელს არავის აძლევს, რუსეთის გარდა, ვინაიდან ამით იგი კიდევ უფრო განიმტკიცებს პოზიციებს. თუ სოხუმის «პოლიტიკური ევოლუცია» გაგრძელდება, შორს აღარ არის დრო, როდესაც იგი თანხმობას განაცხადებს კონფლიქტის ზონაში უკრაინელი «ცისფერჩაფხუტიანების» განლაგებაზე. თანაც, არა მხოლოდ ენგურის მარცხენა, არამედ მარჯვენა ნაპირზეც. ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იქნება, რომელიც წერტილს საბოლოოდ დაუსვამს ამჟამინდელ ფორმატს და რუსეთის მონოპოლიას.
        ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგება დსთ-ს ე.წ. სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა და რუსეთის სამშვიდობო ძალების საბოლოო გაყვანა.
        რუსეთმა მისდამი ნდობის ყოველგვარი ლიმიტი ამოწურა არა მხოლოდ თბილისში, არამედ, რაც კიდევ უფრო უცნაურია, სოხუმშიც.

მერიდიანი, 14 მარტი, 2001 წელი