უკრაინა: მესამედი გადაგვიხადეთ ქართველებმა და ავიამზიდს აგიშენებთ

უკრაინა: მესამედი გადაგვიხადეთ ქართველებმა და ავიამზიდს აგიშენებთ

 

           უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის პირველსავე დღეს, დელეგაციათა მოლაპარაკების დროს, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ტარასიუკმა საოცარი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინას ბევრ ქვეყანასთან აქვს კარგი ურთიერთობა, შედარებით ნაკლებთან - პარტნიორული, უფრო ნაკლებთან – სტრატეგიული და მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოსთან – საგანგებო. სწორედ ამ რამდენიმე სახელმწიფოს რიცხვშია საქართველო.
           აქედან გამომდინარე, ედუარდ შევარდნაძეს უკრაინაში მართლაც განსაკუთრებული მიღება მოუწყვეს: ლეონიდ კუჩმამ მას საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმისათვის, რომ თბილისში გაიხსნა პირველი უკრაინული სკოლა. როგორც აღმოჩნდა (ამას ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტმა) ეს პირველი უკრაინული სკოლაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში - ბუნებრივია, იგულისხმება უკრაინის საზღვრებს გარეთ.
           კუჩმამ საკმაოდ მკვახე და გაგულისებული ტონით აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა «მოძმე საქართველოში სულ რამდენიმე ათასი მოძმე უკრაინელი ცხოვრობს, ხსნიან უკრაინულ სკოლას, რუსეთში, სადაც ბევრს ლაპარაკობენ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსების უფლებების დარღვევის შესახებ, არც ერთი უკრაინული სკოლა არ არის, არადა, რუსეთში მილიონობით უკრაინელია».
           ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი უკრაინაში, სწორედ ამ კეთილგანწყობილი ფონის წყალობით, საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა: განსხვავებით სომხეთში ვიზიტისაგან, სადაც არ ბეზრდებათ ლაპარაკი «მეგობრობის» შესახებ, ამ დროს კი, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთს თვალი ჯავახეთზე უჭირავს;
           კიევში ხელი მოეწერა არა მარტო დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობის თაობაზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებსაც. მაგალითად, «ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევების თავიდან აცილებისა და უკვე არსებული შემთხვევების აღმოფხვრის შესახებ».
           აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას და სავსებით მართებულადაც, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის სპეციფიკისა და ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტური განსახლების გათვალისწინებით, ეს ინსტიტუტი (ორმაგი მოქალაქეობა) სრულ განადგურებას უქადის საქართველოს; მაგრამ სომეხ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ყველანაირი ხერხით ცდილობს ხელი შეუშალოს ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას ორმაგი მოქალაქეობის თავიდან აცილების თაობაზე.
           უკრაინამ კი უმალვე თანხმობა განაცხადა და შესაბამისი დოკუმენტიც გაფორმდა. გარდა ამისა კიევში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმებას სამხედრო სფეროში და შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროებს შორის.
           მთავრობების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედებულ სატრანსპორტო დერეფანს უკრაინისათვის სტრატეგიული, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქმნის საშუალებას, ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისათვის არა მხოლოდ რუსეთის გავლით, არამედ - ალტერნატიული გზითაც.
           თავის მხრივ, საქართველომ ახლახან 30%-ით შეამცირა საპორტო მომსახურების ტარიფები, რათა მიაღწიოს ტვირთის ნაკადის გაზრდას. უპირველეს ყოვლისა, შეღავათი, რა თქმა უნდა, ეხება სარკინიგზო ბორანს, რომელიც ფოთს აკავშირებს ილიჩოვსკთან.
           ტვირთბრუნვა ამ არხით იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც არასაკმარისი ტემპებით. გადატვირთულია მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი ტონა, მაშინ როდესაც შესაძლებლობა 2 მილიონს აღწევს. საერთოდ, ეკონომიკური საკითხები ვიზიტის დროს ძალზე აქტიურად განიხილებოდა.
           ეკონომიკა მართლაც ერთადერთი მყარი საფუძველია სტრატეგიული პარტნიორობისა. «ურთიერთსიყვარულის» შესახებ სადღეგრძელოები კი მხოლოდ სულიერ კმაყოფილებას თუ მოგვგვრის.
           რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჭეშმარიტ დაინტერესებას სწორედ ეკონომიკური სარგებელი იწვევს. მაგალითად, უკრაინა უკვე მართლაც სისხლხორცეულადაა დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის დერეფნის კიდევ უფრო გაფართოებით, რათა უშუალოდ დაუკავშირდეს კასპიის აუზის სიმდიდრეებს.
           ეს ეკონომიკური ინტერესია, მაგრამ, როცა საქმე ასეთ მასშტაბს ეხება, ეკონომიკური და პოლიტიკური (სახელმწიფოებრივი სტრატეგიული) ინტერესები განუყოფელი ხდება.
           ედუარდ შევარდნაძემ ვიზიტის დროს უკრაინელ კოლეგას აღუთქვა, რომ «ვინაიდან საქართველო არანაკლებ დაინტერესებულია დერეფნის სტაბილური ფუნქციონირებით, ყველაფერს იღონებს მის დასაცავად, მაგრამ ამაში უკრაინაც უნდა დაეხმაროს».
           სწორედ ამ პოლიტიკური გათვლიდან გამომდინარეობს ის მართლაც მასშტაბური სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინისაგან ვიღებთ. უკრაინამ უკვე რამდენიმე სამხედრო გემი გვაჩუქა; მათ შორის სარაკეტო ხომალდიც. ამზადებს სამხედრო სპეციალისტებს, მზად არის მოგვაწოდოს ნებისმიერი სამხედრო ტექნიკა და ა.შ. მაშასადამე, უკრაინის სახით საქართველომ შეიძინა სამხედრო პოტენციალის ზრდის წყარო, რომელიც რუსეთის ალტერნატიულია.
           რუსეთმა საერთოდაც რომ არ გაგვიწიოს დახმარება სამხედრო სფეროში, უკრაინისაგან შეგვიძლია მივიღოთ ყველაფერი – ავტომატის ტყვიით დაწყებული, სამხედრო გემით დამთავრებული; თანაც საბჭოთა წარმოებისა, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან, დასავლურ სტანდარტებზე ქართული არმია კარგა ხანს კიდევ ვერ აეწყობა.
           უკრაინამ და საქართველომ კიევში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის დროს მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას – 140 თვითმფრინავის ერთობლივი წარმოების შესახებ. არის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებიც.
           კერძოდ, უკრაინა რომლის შეიარაღებულ ძალებშიც რამდენიმე ასეული სუ-25 და სუ-27 ტიპის თვითმფრინავი ითვლება, დაინტერესდა თურქმენეთის გამოცდილებით და შესაძლოა თავადაც შეაკეთოს ეს თვითმფრინავები თბილისის საავიაციო ქარხანაში.
           თითო თვითმფრინავის შეკეთება, როგორც ცნობილია, მილიონი დოლარი ღირს. უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვალერი პუსტოვოიტენკომ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: «ფასის მესამედი მაინც გადაგვიხადეთ ქართველებმა და უკრაინას ისეთი შესაძლებლობები აქვს, თუ გნებავთ, ავიამზიდს დაგიმზადებთო».

დრონი, 4 ოქტომბერი, 1999 წელი