ტერაქტის მცდელობა და სახელისუფლებო დივიდენდები

ტერაქტის მცდელობა და სახელისუფლებო დივიდენდები

     26 მაისის მოახლოებამ კარგა ხნით ადრე აღძრა (ცნობილი მიზეზების გამო) საზოგადოებაში ავისმომასწავებელი მოლოდინი. მართალია, გალის ტრაგედია აღარ განმეორებულა, მაგრამ ეს «დანაკლისი» სხვა არანაკლები მნიშვნელობის მოვლენებმა «შეავსო».
მართლაც, შარშანდელისაგან განსხვავებით, წლევანდელი «მაისის კატაკლიზმები» თავისებური «ორიგინალობით» გამოირჩეოდა – ჰუმანური და «აგრესიული» აქტები ერთმანეთის პარალელურად განხორციელდა და თენგიზ კიტოვანისა და სხვა ე.წ. პოლიტიკოსების შეწყალების შემდეგ საპატიმროში «გამოთავისუფლებულ ვაკანსიებს» სულ მალე, ალბათ, ის პირები «შეავსებენ», რომლებსაც შევარდნაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ედებათ ბრალი.
        სავარაუდოდ, ხელისუფლება დიდი ხანია ფლობდა ინფორმაციას მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, მაგრამ ამჯერად «არატრადიციული» მიდგომა ამჯობინა, ანუ აღნიშნულ ძალებს მოქმედება აცალა ამ აქციის მონაწილეთა ფართო არეალისა და მის ორგანიზატორთა გამომჟღავნებისათვის, შემდგომ კი რადიკალურ ზომებს მიმართა.
        იმას, რომ ხელისუფლებამ შეიძლება რამდენიმე თვით ადრე უწყოდა მოსალოდნელი გართულებების შესახებ, მაღალი თანამდებობის პირების ადრინდელი განცხადებებიც ადასტურებს. ეს უკანასკნელები უკვე კაი ხანია გაიძახოდნენ - «ტერაქტი კვლავ მზადდება და ძალოვან უწყებებსა და პარლამენტში გარკვეული პირები «ზოგიერთი» ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობენო».
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, შევარდნაძეზე მოსალოდნელი ტერაქტის (თუ სახელმწიფო გადატრიალების) გამოაშკარავებას არცთუ შემთხვევით უსწრებდა წინ კიტოვანისა და ე.წ. პოლიტპატიმართა გათავისუფლება.
        მაისის განუხორციელებელ ტერაქტზე ეჭვმიტანილთა დაჭერის შემდეგ მოსალოდნელ საზოგადოებრივ გართულებათა შენელების ერთ-ერთ ბერკეტად, ხელისუფლებამ ალბათ სწორედ აღნიშნული ჰუმანური აქტი მიიჩნია და რაკი პოლიტპატიმრები ადრე თუ გვიან უნდა გაეთავისუფლებინა, ეს გადაწყვეტილება «მაისის ტერაქტის» წინა პერიოდს დაემთხვა; თანაც ამ ჟესტით, საქართველოს მთავრობამ ყველას მიანიშნა, რომ რამდენადაც აუცილებელია ევროსაბჭოს მოთხოვნათა გათვალისწინება, იმდენადვე დაუშვებელია ტერორისტთა შენდობა, რადგანაც ეს უკანასკნელები არავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრები არ არიან.
        ყოველივე ამასთან ერთად, ხელისუფლების მიერ არაერთხელ აპრობირებულმა მეთოდმა – გარკვეული ძალების თავის ნებაზე მიშვებამ, ხოლო შემდეგ ყველაფრის ერთბაშად გამოაშკარავებამ ყველა დაარწმუნა, რომ მოსალოდნელი ტერაქტი სულაც არ არის ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი.
        პირიქით, იგი ალბათ მართლაც რეალურად მზადდებოდა. ამ სამზადისს ასევე უეჭველად დაუკავშირდება ძალოვანი უწყებების თანამდებობის პირთა და პარლამენტართა გარკვეული ჯგუფიც. ამიტომ, პარლამენტში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა გემის მთელმა ეკიპაჟმა იცის, რომ მათ შორის რომელიღაც გამცემია, მაგრამ ხმელეთის გამოჩენამდე რადიკალური ზომების მიღებას არ ჩქარობენ.
        ცეცხლზე ნავთს ასხამს სამართალდამცავთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი ამა თუ იმ თანამდებობის პირებსა და პარლამენტარებზე ფლობენ იმ მასალებს, რომელთა საფუძველზეც, აღნიშნულ პირთა სამართალში მიცემა, სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დარღვევის გარეშეა შესაძლებელი.
        თუმცა, ძალოვნები დასძენენ, რომ ჯერჯერობით გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ ეჭვმიტანილი პარლამენტარებისა და სხვა თანამდებობის პირთა დასახელებისაგან.
        ქართველ სამართალდამცავთა ასეთი «თავშეკავების» მოტივაცია, რა თქმა უნდა, ადვილი გამოსცნობია: პარლამენტში შექმნილი სიტუაცია საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ «ეჭვმიტანილებმა» ჯერ თავადვე გამოააშკარავონ თავი და ხელისუფლებამ მალევე შეძლოს მათი მოთოკვა (თუ გათოკვა); ალბათ იმავე მიზანს ემსახურება სამართალდამცავთა ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, რომ ზუსტად იციან, თუ ვინ იქნებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები შევარდნაძის მოშორების შემთხვევაში.
        შექმნილი მდგომარეობის ფონზე პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილის აჭარისაკენ მიმართული მზერა ადვილი შესამჩნევია. ამ უკანასკნელთ «საეჭვო» ძალებთან აბაშიძის ლოიალური დამოკიდებულება აჭარის ლიდერის მიმართ გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს. მით უმეტეს, როცა ისინი ღიად აცხადებენ - «აბაშიძე თავის სიძლიერის გარანტად, აჭარაში განლაგებულ რუს სამხედროებს მოიაზრებსო».
        ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია ლუსტრაციის კანონზე ყურადღების გამახვილება. როგორც ჩანს, უამისოდ მართლაც არაფერი გამოვა. შექმნილი რთული მდგომარეობა იმასაც ადასტურებს, რომ ლუსტრაციის კანონის მიღება, ძალოვანი უწყებების «ფილტრაცია», რუსეთის სამხედრო ბაზების გაუქმება და იმ ბერკეტების ამოქმედება, რომლებიც საქართველოს რუსეთისა და დსთ-ს სივრცისგან დაშორებას შეუწყობს ხელს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გასამყარებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია.
        რაც ყველაზე მთავარია, შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების გამოაშკარავებით, საქართველოს ოფიციალურმა ხელისუფლებამ ნამდვილად შეძლო ისეთი ფონის შექმნა, რომლის მეშვოებითაც წესით, ადვილად უნდა განახორციელოს არამარტო ადგილობრივი «მოწითალო» ძალების, არამედ მთლიანად ოპოზიციის ჩამოშორება, თანაც ისე, რომ რადიკალური მოქმედების შემთხვევაშიც. ვერავინ გაამტყუნოს. ამგვარად, ტერაქტის მცდელობამ, ისევ და ისევ დღევანდელი ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი.

მერიდიანი, 31 მაისი, 1999 წელი