სუამი - მაშველი რგოლი საქართველოსათვის?

სუამი - მაშველი რგოლი საქართველოსათვის?

  

    საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას კავშირი (სუამი), რომელიც 10 ოქტომბერს სტრასბურგში დაფუძნდა, სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს რუსეთსა და მთელს მსოფლიოში.
    ამაზე მეტყველებს «ეს-ენ-გე»-ს ინსტიტუტის ანალიზური მასალა, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობმა «გეოპოლიტოლოგმა» ვარდანიკ მიგრანიანმა და კონსტანტინე ზატულინმა შეადგინეს; აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრის საინფორმაციო ბაზა, რომელშიც «სუამი» მოხსენიებულია, როგორც «ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გაერთიანება».
    მართლაც «ცენტრალურ აზიურ კავშირს» (უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი) თუნდაც «ოთხთა კავშირს» (ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ბელარუსი) არ გამოუწვევია ისეთი აჟიოტაჟი, როგორც სუამს. ამის მიზეზი ადვილად ასახსნელია.
    მიუხედავად იმისა, რომ ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის აბრევიატურა საქართველოთი იწყება, ცენტრალური სახელმწიფო მაინც უკრაინაა. ეს ქვეყანა ერთადერთია ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც (მაშტაბით) შეიძლება რუსეთს შეედაროს. იგულისხმება სამრეწველო პოტენციალი, ტერიტორია, მოსახლეობის რაოდენობა და ა.შ.
    ამ თვალსაზრისით იგივე უკრაინას, ვთქვათ, ყაზახეთთან ის უპირატესობა აქვს, რომ უფრო ახლოსაა ევროპასთან და უშუალოდ მონაწილეობს ევროპულ პროცესებში. ყაზახეთი მას მოსახლეობის რაოდენობითაც ვერ შეედრება. ამიტომ, თუ უკრაინამ გადაწყვიტა, ესენგეს სივრცეზე «გეოპოლიტიკური ძალის ალტერნატიული ცენტრი» შექმნას, იგი ამას უეჭველად შეძლებს.
    სუამის დაფუძნება ოფიციალური კიევის პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ გამოიწვია სუამმა სერიოზული შეშფოთება მოსკოვში. კრემლის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ესენგეში სხვა «ცენტრი», რუსეთის გარდა არ უნდა არსებობდეს. ამდენად, სავსებით ბუნებრივია მათი ეჭვიანობა და ერთგვარი შიშიც უკრაინის გააქტიურებასთან დაკავშირებით.
    საქართველოსთვის კი «სუამი» გეოპოლიტიკური პოტენციალის რეალიზების საშუალებაა. შავი ზღვა მართლაც ხდება ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე. მის გარშემო კონცენტრირდება ყველა ის ფაქტორი, რომელთა მეშვეობითაც საქართველომ პერსპექტივაში მართლაც შეიძლება მოიპოვოს დამოუკიდებლობა და რეგიონში დამკვიდრდეს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფო.
    რა თქმა უნდა, სუამი ვერ გადაწყვეტს აფხაზეთის პრობლემას, მაგრამ იგი უეჭველად შექმნის კონფლიქტის შემდგომი ინტერნაციონალიზაციის პირობებს. უკრაინას ევროპასა და მთელს მსოფლიოშიც სერიოზულ ანგარიშს უწევენ. თუ ვაშინგტონის, პარიზისა და ლონდონის დონეზე მოხერხდა ახალი პოლიტიკური განწყობის შექმნა და დასავლეთმა აღიარა კონფლიქტის დარეგულირებისას რუსული პრიორიტეტის აბსურდულობა, ძალისმიერ ბერკეტად (სამშვიდობო ძალთა ჩანაცვლებისათვის) შეიძლება უკრაინული კონტიგენტი იქნეს გამოყენებული.
    ჯერჯერობით ეს თითქოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ სოხუმთან რეალური კომპრომისის შემთხვევაში, უკრაინის მზადყოფნა, საკუთარი კონტიგენტი გააგზავნოს აფხაზეთში, ნამდვილად იქცევა სერიოზულ პოლიტიკურ ფაქტორად.
    ოღონდ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინა სოხუმის ნების საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და მოლდოვას, მათთან ურთიერთმოქმედებით საქართველომ უკრაინის მზარდი გავლენის «დაბალანსება» უნდა შეძლოს. აზერბაიჯანის (კასპიის) ენერგომატარებლები შავი ზღვით უკრაინაშიც უეჭველად მოხვდება. თუ მათ ტრანსპორტირებაში (დუნაის შესართავთან მშენებარე ტერმინალის გამოყენებით) მოლდოვაც ჩაერთო, საქართველოს კიდევ უფრო გაუადვილდება კონტაქტი რუმინეთთან, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საკვანძო სახელმწიფოდ ითვლება.
    სუამის ეგიდით აზერბაიჯან-ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებისათვის კიდევ ერთი ალტერნატიული მარშრუტის შექმნა მართლაც იქცევა სერიოზულ გეოპოლიტიკურ არგუმენტად იმ შემთხვევისათვის, თუ მოსკოვი და ანკარა მაინც მიაღწევენ კონსენსუსს და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ნავთობის ტრანსპორტირება აუცილებელი გახდება არა ბოსფორის, არა ჩრდილოეთ კავკასიის, არამედ შავი ზღვის აუზში შემავალი მდინარეების გავლით.

მერიდიანი, 5 დეკემბერი, 1997 წ.