სოჭის ოლიმპიადა – სისხლსა და ძვლებზე

სოჭის ოლიმპიადა – სისხლსა და ძვლებზე

        გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში იმსჯელეს ქართველი სპორტსმენების მიერ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების შესახებ.
        როგორც ჩანს, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ჩვენები სოჭში არ გაემგზავრებიან. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველაფერს იღონებს, რათა სხვა ქვეყნებიც დაარწმუნოს ოლიმპიადის ბოიკოტირების სამართლიანობაში, რათა პუტინის ეს უსაყვარლესი ნაშიერი საერთოდ ჩაიშალოს.
        პრეცედენტი არსებობს: 1980 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის დაპყრობის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს. თუმცა, ოლიმპიადა მაინც გაიმართა, მაგრამ ისეთი აღარ იყო, როგორიც ბრეჟნევს უნდოდა.
        განსხვავება აქ ისაა, რომ თუ დასავლეთი სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებს, მაშინ ეს ოლიმპიადა უბრალოდ ჩაიშლება: 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ევროპამ და ამერიკამ მონაწილეობა არ მიიღო, სამაგიეროდ ჩამოვიდნენ «კოლონიალიზმისაგან» გათავისუფლებული აფრიკისა და აზიის ქვეყნები. ამ ქვეყნებში კი რა დალევს ბავშვობიდან ფეხშიშველი სირბილს მიჩვეულ სპორტსმენებს ან კუნთმაგარ და ჭკუასუსტ ჯეელებს?
        სულ სხვაა ზამთრის ოლიმპიადა და მისი ელიტარული სპორტის სახეობები, რომლებიც მხოლოდ ატლანტიკურ სივრცეშია გავრცელებული: გსმენიათ რამე აფრიკელ ან აზიელ მოთხილამურეებზე თუ მოციგურავეებზე.? ერთადერთი გამონაკლისია იაპონია, მაგრამ ისიც მხოლოდ გეოგრაფიულადაა აზია.
        მაშასადამე, დასავლეთის პოზიცია აქ განმსაზღვრელი იქნება, ხოლო სოჭის საერთაშორისო ბოიკოტი არც ისეთი ფანტასტიკაა, როგორც ზოგიერთს ეჩვენება. ჯერ ერთი, სამხერთ კორეა, რომელმაც წააგო კონკურსი 2014 წლის ზამთრის თამაშების მისაღებად, ყოველნაირად ცდილობს (და დიდ ფულსაც ხარჯავს), რათა სოჭის ნაცვლად პრიორიტეტი კვლავ სამხერთ კორეულ ფხენჩხანს მიენიჭოს.
        რუსეთში დარწმუნებულნი არიან, რომ კორეელები ბევრ ცნობილ მოღვაწეს უხდიან ფულს ამ მიზნით. მაგალითად, ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, სერგეი მარკოვი პრაიმ-ტაიმთან ინტერვიუში ღიად აცხადებდა, რომ სწორედ კორეელებმა მოისყიდეს ედუარდ შევარდანძე, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ მოუწოდა მსოფლიოს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ.
        რაც მთავარია, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საქმეში ქართველებს გვყავს ძალიან სერიოზული მოკავშირე, რომელთან მოქმედების კოორდინაციის შემთხვევაში, ეს იდეა რუსებს აღარ მოეჩვენებათ ისე სასაცილოდ, როგორც ზოგჯერ ცდილობენ წარმოაჩინონ. Eეს მოკავშირეა ჩერქეზული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ მთელ მსოფლიოში და სამართლიან პროტესტს გამოთქვამენ სოჭში ოლიმპიადის გამართვის გამო.
        საქმე ისაა, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა იმართება იმ ტერიტორიაზე, სადაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში საშინელი გენოციდი განხორციელდა: რუსებმა დედა-წულიანად აყარეს, გაჟლიტეს და სამშობლოდან გაასახლეს ასეულობით ათასი ჩერქეზი, რის შედეგადაც ამ ერმა ფაქტობრივად დაკარგა სამშობლო და თურქეთში თუ აზიის სხვა ქვეყნებში გადაიხვეწა.
        უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა ქბაადას ველზე, რომელიც რუსებმა წითლად მორწყეს ჩერქეზთა (მათ შორის მშვიდობიან ჩერქეზთა) სისხლით და «კრასნაია პოლიანა» უწოდეს. სწორედ ამ «კრასნაია პოლიანაზეა» დაგეგმილი მთავარი სპორტული ღონისძიებების გამართვა და ჩერქეზები აღშფოთებას არ მალავენ იმის გამო, რომ მოთხილამურეები მათი პაპების ძვლებზე ისრიალებენ.
        აქვე უნდა ითქვას: უბრალოდ სასაცილოა რუსი პროპაგანდისტების მცდელობა (განსაკუთრებით ე.წ. რუსული ინტელიგენციისა») «გენოციდად» გაასაღონ საქართველოს შეტევა ცხინვალზე, რომლის დროსაც არც ერთი ქალი თუ ბავშვი არ დაღუპულა და უარყონ ჩერქეზთა ან ჩეჩენთა გენოციდი. საქართველოს ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს საიმისოდ, რათა მთელ მსოფლიოს მიაწვდინოს ხმა «კრასნაია პოლიანას საზარელ დანაშაულთან» დაკავშირებით.
        თავდაცვის სამინისტროს საიტზე გაჩნდა კიდეც ვიდეო-კლიპი შესაბამისი შინაარსით, რაც მეტყველებს, რომ ამ შესაძლებლობას თბილისში აცნობიერებენ და გამოიყენებენ კიდეც. და თუ შედეგად ქართველები და ჩერქეზები სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას ვერ მიაღწევენ, ის მაინც გახდება შესაძლებელი, რომ ჩერქეზებმა მსოფლიოს თავისი გენოციდი შეახსენონ, ხოლო ქართველებმა საბოლოოდ აიძულონ რუსები ხელი აიღონ ყოველგვარ საუბარზე «ოსთა გენოციდის» შესახებ.