სოსლანბეკოვის დანიშვნით ჩეჩნეთმა აშკარად გვიმტრო

სოსლანბეკოვის დანიშვნით ჩეჩნეთმა აშკარად გვიმტრო

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, იჩქერიის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ბრძანებულებით, ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ამიერიდან იუსუფ სოსლანბეკოვი შეასრულებს; სოსლანბეკოვი ჩეჩნეთში და მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში ძალზე პოპულარული და ავტორიტეტული ფიგურაა. 1992 წლიდან იგი «მთიელ ხალხთა კონფედერაციის» ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხოლო ჩეჩნეთში ომის დაწყებისთანავე ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი გახდა;
    თუმცა, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს კონფედერაცია გაცილებით ნაკლებ აქტიურობდა, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ, - 1992-1993 წლებში.
    იმ დროს კი სოსლანბეკოვი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო აფხაზეთში «კონფედერატთა ლაშქრობისა» და ყველანაირად ცდილობდა ჩვენი ქვეყნის დამცირებასა და განადგურებას.
    ასლან მასხადოვმა არ შეიძლება არ იცოდეს, რა რეაქციას გამოიწვევს სოსლანბეკოვის დანიშვნა საქართველოში, მაგრამ მაინც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, თანაც უკვე მეორედ.
    გასულ წელს მასხადოვმა ჩვენთვის კარგად ცნობილი შამილ ბასაევი დანიშნა «მთავრობის მეთაურად». ყველა ამ ნაბიჯს «იჩქერიის პრეზიდენტი» აშკარად იმისთვის დგამდა, რომ რუსეთის «გული მოეგო» და კრემლისათვის «კოჭი გაეგორებინა», მაგრამ თუ ბასაევის დანიშვნა კიდევ შეიძლებოდა «ორმაგ თამაშად» ჩათვლილიყო (ვინაიდან «აფხაზეთის ბატალიონის მეთაური» ბუდიონოვსკის რეიდის შემდეგ არც რუსეთში ეხატებათ გულზე), სოსლანბეკოვის დაწინაურება აშკარად ანტიქართული ნაბიჯია.
    ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩეჩნეთი რუსეთს სთავაზობს ერთობლივ მოქმედებას კავკასიაში (იჩქერიის სუვერენიტეტის პატივისცემის პირობით), მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ.
    9 თებერვლის ტერორისტულ აქტში სავსებით თვალსაჩინო იყო «რუსული კვალი», ანუ ეს დივერსია ერთდროულად მოაწყვეს რუსეთის სპეცსამსახურებმა და ჩეჩენმა ექსტრემისტებმა. იჩქერიის ექს «საგარეო საქმეთა მინისტრი» მოვლადი უდუგოვი ერთმნიშვნელოვნად აცხადება, რომ ტერაქტი დაიგეგმა და განხორციელდა გრუ-ს მიერ ჩეჩნეთის გარკვეულ წრეებთან ერთად. თანაც ამას ამბობდა არა გულისწყრომით ან ბრალმდებლის ტონით, არამედ ელემენტარულად, ინფორმაციისათვის, რათა «მოსკოვური ელიტა» ამ თვალსაზრისით ჩეჩნეთის «საჭიროებაში» დაერწმუნებინა.
    სოსლანბეკოვის დანიშვნის შემდეგ საქართველო-ჩეჩნეთის «მეგობრობაზე» ლაპარაკიც ზედმეტია, არა თუ რაიმე სახის თანამშრომლობაზე. ყოველ შემთხვევაში, სანამ არ გაირკვევა სოსლანბეკოვის პოზიცია (რუსეთის მიმართ).
    ბევრი მას რუსული სპეცსამსახურების აგენტად მიიჩნევს (და ალბათ საფუძვლიანადაც), თუმცა არც ისაა გამორიცხული, სოსლანბეკოვის დანიშვნით მასხადოვი ცდილობდეს მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ იწყებს «დემოკრატიული იჩქერიის» გავლენის გავრცელებას მთელ ჩრდილოეთ კავკასიაზე – მით უმეტეს რუსეთის კრიზისის გათვალისწინებით და დაღესტნის ომის წინ.

მერიდიანი, 11 სექტემბერი, 1998 წ.