სომხეთ-საქართველოს ახალი მატჩი ჯავახეთში გაიმართება

სომხეთ-საქართველოს ახალი მატჩი ჯავახეთში გაიმართება

 

    საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფეხბურთში გამართული ამხანაგური მატჩი და მისი შედეგი ნამდვილად არ ასახავს «არასაფეხბურთო» ძალთა განლაგებას კავკასიაში.
    ერევანში უკვე კარგა ხანია გაღიზიანებით აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ საქართველო «რეგიონალური ლიდერის» ფუნქციას ეპოტინება და აქტიურად ცდილობს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებას. ამგვარი პერსპექტივა კი კავკასიაში სომხეთის რეალურ გავლენას შეასუსტებს. შესაბამისად, შესუსტდება რუსეთის პოზიციაც. ამ უკანასკნელის აქტიური დახმარებით დღეს სომხეთს კავკასიაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი და მძლავრი არმია ჰყავს. ეს კი ამბიციებს მატებს სომხურ ნაციონალიზმს. მართლაც, რატომ უნდა შეურიგდნენ სომხეთში ომში დამარცხებული საქართველოს, გინდ აზერბაიჯანის ლიდერობას, როცა სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანი მდგომარეობა თავად აქვთ?.
    «სომხეთის დაწინაურება» ხელს აძლევს რუსეთს, ვინაიდან კავკასიურ სახელმწიფოთა შორის სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის «სტრატეგიულ მოკავშირედ» შეიძლება ჩაითვალოს. ეს გარემოება ზუსტად აისახა კონსტანტინე ზატულინისა და ანდრანიკ მიგრანიანის ცნობილ სტატიაში, რომელიც «ნეზავისიმაია გაზეტამ» გამოაქვეყნა.
    «მოხსენების» ავტორები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, მაქსიმალურად გაეძლიერებინა სომხეთი, გაეზარდა თავისი სამხედრო კონტიგენტი ამ ქვეყანაში და ხელი შეეწყო მისი ტერიტორიული ზრდისათვის. კერძოდ, ზატულინ-მიგრანიანის აზრით, თუ საქართველო ჭკვიანად არ იქნება, «ჯავახკად» წოდებული რეგიონი სომხეთს გადაეცემა.
    ეს დებულება საკმაოდ საინტერესოდ არის ფორმულირებული: «მოსკოვმა უნდა აგრძნობინოს სომხეთს, რომ მას უკვე შეუძლია დე-ფაქტოდ შემოიერთოს ჯავახეთი».
    საქმე მხოლოდ ისაა, თუ როდის «აგრძნობინებს» ამას რუსეთი სომხეთს. დანარჩენი, როგორც იტყვიან, «ტექნიკის საქმეა»; ისევე, როგორც «ტექნიკის საქმე» იყო «ამხანაგური» საფეხბურთო მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ჩვენი ნაკრებისათვის მას შემდეგ, რაც იგებდა ანგარიშით 7:0...
    როგორც ცნობილია, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ახალქალაქის სომხური (დიახ, სომხური და არა რუსული) დივიზიის გაუქმებას მოითხოვს; მაგრამ ეს აბსოლუტურად არარეალურია. ახალქალაქის დივიზია უმალ ერევანს დაექვემდებარება, ვიდრე დაემორჩილება ბრძანებას «დაშლის» შესახებ; ამ დივიზიის იმედით კი, ჯავახეთში მოქმედ ნაციონალისტებს საშუალება ეძლევათ აქტიურად მოითხოვონ «სომხეთთან შეერთება». ჯერჯერობით კი, საქართველოს სამხრეთ ნაწილში შეუფარავად იმუქრებიან პლებისციტის ჩატარებით და ავტონომიის მოთხოვნით.
    მართალია, საქართველოსთან კონფლიქტი სომხეთს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს იგი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და აღარ მიაწოდებს მძიმე ტექნიკასა და იარაღის ახალ-ახალ პარტიებს. ამდენად, რუსეთმა შეიძლება კიდეც აიძულოს ეს ქვეყანა ხელი შეუწყოს ვითარების დესტაბილიზაციას სამხრეთ საქართველოში. რაც შეეხება კომუნიკაციებს, ზემოხსენებული სტატიის ავტორებმა «გენიალური რეცეპტი» მისცეს ერევნელ პოლიტიკოსებს: რუსეთსა და სომხეთს შორის ძალით უნდა იქნას გაყვანილი მაგისტრალი საქართველოს ტერიტორიის გავლით, რითაც გადაწყდება გეოპოლიტიკური იზოლაციის პრობლემა. მორჩა და გათავდა!

მერიდიანი, 1 აპრილი, 1997 წ.