სოლიკო ხაბეიშვილი - მართვადი ქაოსის მორიგი მსხვერპლი

სოლიკო ხაბეიშვილი - მართვადი ქაოსის მორიგი მსხვერპლი


   

    ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უეჭველად მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში მოქმედი სისხლიანი სისტემა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას და ტერორის ტალღის შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
    ხაბეიშვილი მოკლეს ზუსტად ისეთივე სცენარითა და ხელწერით, როგორც გია ჭანტურია, როგორც სხვა ბევრი პოლიტიკური მოღვაწე. არავინ იცის, ვინ გახდება მორიგი მსხვერპლი, თუმცა ყველა ხვდება, რომ ახალი მსხვერპლი უეჭველად იქნება. ეს გასისხლიანებული მანქანა ძალუმად მოქმედებს და მისი შემჩერებელი საქართველოში არავინ ჩანს.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ხაბეიშვილის მკვლელობა სწორედ პოლიტიკური აქტია და არ არის პირდაპირ დაკავშირებული მის მიერ წარმოებულ ფინანსურ საქმიანობასთან, როგორც ეს ზოგიერთს სურს წარმოადგინოს.                               ,
    ამ დებულების დამტკიცება სულ ადვილად შეიძლება: 1993-1995 წლებში განხორციელებული უკლებლივ ყველა ტერორისტული აქტის მსხვერპლნი სწორედ ის პიროვნებანი ხდებოდნენ, რომლებსაც გარკვეული, პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნდათ. არ განხორციელებულა ტერორისტული აქტი ცნობილი ბანკირების, ბიზნესმენების, მრეწველების წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, ხაბეიშვილი პირველი ყოფილიყო ამ რიგში.
    როგორც ჩანს, მისი მკვლელობაც იმავე კატეგორიას განეკუთვნება - ხაბეიშვილი მოკლეს პოლიტიკური მოტივებით; მისი მკვლელი მიზნად ისახავდა გარკვეული პროცესების პროვოცირებას; პოლიტიკურ ოლიმპზე დაძაბულობისა და ეჭვიანობის ატმოსფეროს გაძლიერებას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა გადამწყვეტ კრიზისს უახლოვდება - ოქტომბრისათვის დაგეგმილია ახალი არჩევნების ჩატარება, მისაღებია კონსტიტუცია და ა.შ.
    ხაბეიშვილის მკვლელი შევარდნაძეს უმიზნებდა - ეს უეჭველია, ვინაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით ფონდ «დემოკრატიისა და აღორძინების» თავმჯდომარეს განყენებული, დამოუკიდებელი მნიშვნელობა ნამდვილად არ გააჩნდა. სამაგიეროდ, ეს ფიგურა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო შევარდნაძისათვის, რომელსაც მომავალი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად მყარი დასაყრდენი ესაჭიროებოდა. ხაბეიშვილი უზადო ორგანიზატორული ნიჭით იყო დაჯილდოებული და როგორც ჩანს, სავსებით შეეძლო პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე სოციალური პროცესების მართვაც.
    გარდა ამისა, სოლიკო ხაბეიშვილს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ქონდა რუსეთის ფინანსურ ისტებლიშმენტთან, რომლის კაპიტალი (საქართველოში საჭირო დოზით ინვესტირების შემთხვევაში) შევარდნაძისათვის შეიძლებოდა უაღრესად მნიშვნელოვანი გამხდარიყო არა მხოლოდ არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგაც.

    ამ ტერორისტულმა აქტმა უკვე მოახდინა დესტაბილიზაცია აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონში - სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მის «პატივისცემას ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელთა მიმართ საზღვარი აქვს და თუ ეს მკვლელობაც გაუხსნელი დარჩა, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი, აგრეთვე უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე, დაკარგავენ მეთაურის ნდობას».
    რაკი არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ეს უწყებები შეძლებენ მკვლელობის გახსნას, დღესვე შეიძლება ვივარაუდოთ შევარდნაძის ძალისმიერი დასაყრდენის დასუსტება (გაურკვევლობის ატმოსფერო ხელს არ უწყობს მათ განმტკიცებას).
    მეორე მხრივ, შევარდნაძეს უბრალოდ აღარ ძალუძს დაუსჯელი დატოვოს არაპროფესიონალიზმი, ვინაიდან ეს უკვე მის დისკრედიტაციას იწვევს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც: პოლიტიკური ალიანსი ჯაბა იოსელიანსა და პანტელეიმონ გიორგაძეს შორის სახელმწიფოს მეთაურის მზარდ უკმაყოფილებას იწვევს. იგორ გიორგაძეს ერთდროულად დაუპირისპირდა როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფოთის პორტის მმართველი ელიტა.
    შევარდნაძემ შეიძლება ერთბაშად გადაწყვიტოს ყველა პრობლემა უშიშროების თავკაცის გათავისუფლებით და ამით საკუთარი «იმიჯის» განმტკიცებასაც შეუწყოს ხელი, მაგრამ მისი «მოხსნა» დღეს უკვე აღარაა იოლი საქმე.

«მიმომხილველი», 29 ივნისი, 1995 წელი.