სკანდალი სამების ტაძართან

სკანდალი სამების ტაძართან

        გასული კვირის მთავარი ინტრიგა საპატრიარქოს დაუკავშირდა. ეკლესია საერო საქმეებში, რასაკვირველია არ უნდა ერეოდეს, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მოვლენები ისე განვითარდა, - უბრალოდ იძულებულია ჩაერიოს, რათა ამ ქვეყნის საბოლოო დაქცევა და განადგურება არ დაუშვას.
        საპატრიარქოში სარწმუნო წყარომ «პრაიმ-ტაიმს» აცნობა, რომ სტადიონზე დაგეგმილ მიტინგამდე ერთი დღით ადრე, ამჟამინდელი «რევოლუციის» მთავარი იდეოლოგი და «იმიჯმეიკერი», გიორგი გაჩეჩილაძე (იგივე უცნობი) საპატრიარქოში შეხვდა უწმინდესს და აცნობა, რომ მიტინგის შემდეგ ასეულობით ათასი ადამიანი დაიძვრება სამების ტაძრისაკენ და სულიერ მამას შესთხოვს რჩევას, თუ როგორ მოიქცეს.
        ეს საკითხი ოპოზიციის საბჭოზეც განიხილებოდა და «ეროვნული ფორუმი» წინააღმდეგიც იყო, რაკი კოლეგებზე უფრო ჭკვიანები და შორსმჭვრეტელები აღმოჩნდნენ.
        უცნობისა და ოპოზიციის იმ ნაწილის გათვლა, რომელიც გაჩეჩილაძის იდეას მიემხრო, აშკარად იმაში მდგომარეობდა, რომ თუ კათოლიკოს – პატრიარქს ფაქტის წინაშე დააყენებდნენ, იგი იძულებული გახდებოდა თავისი პოზიცია გამოეხატა პოლიტიკური პროცესების მიმართ.
        ოპოზიციონერები დაახლოებით ასე მსჯელობდნენ: «პატრიარქი ან ნეიტრალურ განცხადებას გააკეთებს, ან (ასი ათასი ადამიანი რომ მიადგება), იძულებული გახდება მოუწოდოს სააკაშვილს გადადგეს».
        მაგრამ ოპოზიციონერებმა ვერ გაითვალისწინეს მთავარი: ილია მეორე (ირაკლი ღუდუშაური) ადამიანია და ადამიანური განწყობები მისთვის უცხო სრულებითაც არ არის – აკი «კაცნი ვართ».
        მისთვის აშკარად გამაღიზიანებელი იქნებოდა საკითხის ასე დაყენება და ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც იძულებული გახდებოდა პოზიცია დაეფიქსირებინა ან ორივე მხარეს გამიჯვნოდა. ამიტომაც მოხდა ის, რასაც ოპოზიციური ლიდერები ვერც კი წარმოიდგენდნენ: მისი მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენების და იძულების მცდელობით გაღიზიანებულმა პატრიარქმა არა ოპოზიციის სასარგებლო ან თუნდაც ნეიტრალური, არამედ ისეთი განცხადება გააკეთა, რაც ოპოზიციონერებისათვის უბრალოდ კატასტროფული გამოდგა.
        ფაქტობრივად პატრიარქმა სამი უმნიშვნელოვანესი აქცენტი გააკეთა. პირველ რიგში მან თქვა, რომ პრეზიდენტის გადადგომას მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი(!) ითხოვს და არა «მთელი საქართველო», როგორც ლიდერები აცხადებენ; გარდა ამისა, მან ისიც აღნიშნა, რომ 20 წლის განმავლობაში გადატრიალებებმა – გადმოტრიალებებმა ამ ქვეყანას სასიკეთო არაფერი მოუტანა და, რაც მთავარია, საკმაოდ გამჭვირვალედ «შეახსენა» ამჟამინდელი ოპოზიციის ზოგიერთ «რადიკალურ ლიდერს» (პირველ რიგში ქალბატონ ბურჯანაძეს) რომ დღევანდელი ხელისუფლება მათი ხელდასხმულია და მათი მოყვანილია – სწორედ იმ «ვარდების რევოლუციის» შედეგად, რომელსაც, ისევე როგორც წინა გადატრიალებას «სასიკეთო არაფერი მოუტანია».
        ეს განცხადება ოპოზიციისათვის იმდენად მოულოდნელი და აღმაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ ლიდერების განცხადებებში, რომლებიც, ტელეკამერების თანდასწრებით, ხშირად პატრიარქის წინ მუხლებზე ფორთხავენ, უკვე სხვა ნოტებიც გაჩნდა: «პატრიარქმა არ მოგვისმინა» და «პატრიარქი ყველას პატრიარქი უნდა იყოს». იგულისხმება: «და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა».
        მას შემდეგ, რაც მრავალ ბრძოლაში გამოცდილ-გამობრძმედილმა პატრიარქმა მისი «გამოყენების» მოსურნე პოლიტიკოსებს ცხვირში მწარე წკიპურტი ჰკრა, მან მეორე განცხადებაც გააკეთა, რაც უკვე ხელისუფლებისათვის არ იქნებოდა სასიამოვნო, რაკი ილია მეორემ «რიგგარეშე არჩევნები» არ გამორიცხა, თუმცა არ დაუკონკერტებია, საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობდა თუ საპრეზიდენტოს.
        სახელისუფლო გუნდი ამ შემთხვევაში უფრო გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ოპონენტები, რაკი ხელისუფლებას (განსხვავებით ოპოზიციისაგან) პატრიარქის ნეიტრალიტეტი აკმაყოფილებდა, ოპოზიცია კი ამ ნეიტრალიტეტმა არ დააკმაყოფილა, უფრო მეტის მიღება სცადა და . . . . შედეგიც შესაბამისი მიიღო!
        გარდა ამისა, რაკი ოპოზიციის მოთხოვნა მაქსიმალისტურია და მათ თავად მიანიჭეს ეკლესიის მეთაურს უმაღლესი ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია, რას იზამენ, თუკი პატრიარქი გამოვა და უფრო კონკრეტულ გეგმას შესთავაზებს ორივე მხარეს: მაგალითად, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას?
        ეს წინადადება ოპოზიციისათვის (მისი რადიკალური ნაწილისთვის) გაცილებით ნაკლებ მისაღებია, ვიდრე ხელისუფლებისთვის.