სკანდალი: საკონსტიტუციო სასამართლო კორპორაციული სულისკვეთებით მოქმედებდა

სკანდალი: საკონსტიტუციო სასამართლო კორპორაციული სულისკვეთებით მოქმედებდა


   

    საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც «რეფორმატორთა გუნდმა» ესოდენი იმედითა და რწმენით შექმნა, პირველივე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით გულში დანა ჩასცა მისივე შემოქმედს და, ფაქტობრივად, ვეტო დაადო სასამართლო რეფორმას საქართველოში.
    საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტით, დაკმაყოფილდა მოსამართლე ჭაჭუას სარჩელი (მას შეუძლია იამაყოს, იგი უკვე შევიდა ისტორიაში და ამ საქმეს «ჭაჭუა-სააკაშვილის საქმე» დაერქმევა) და ანტიკონსტიტუციურად სცნო კომიტეტის მიერ მიღებული კანონი «საერთო სასამართლოების შესახებ» იმ ნაწილში, რომელიც 1999 წლის იანვარში მოქმედ მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებდა.
    თუმცა მათ საშუალება ეძლეოდათ, ჩაეტარებინათ გამოცდები (ნებისმიერ სხვა იურისტთან ერთად) და კვლავ დაეკავებინათ პოსტი. მაგრამ საქმე სწორედ ის გახლავთ, რომ მოსამართლეთა უმრავლესობას გამოცდების ჩაბარება არ ეპიტნავება, ვინაიდან «ფონს გასასვლელად» შესაბამისი ცოდნა არ გააჩნია.
    ამიტომ მიმართეს თავიანთ ძველ კოლეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში. რამდენიც არ უნდა იძახონ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა «არა პოლიტიკური, არამედ კანონიერი გადაწყვეტილება მივიღეთო», სავსებით აშკარაა, რომ ისინი მოქმედებენ კორპორაციული («ამქრული») სულისკვეთებით: მოსამართლე - მოსამართლეს რომ ასე ადვილად არ გაწირავდა, ეს ცხადზე უცხადესი იყო.
    ჭაჭუამ სწორედ ეს მომენტი გაითვალისწინა. ჩვენდა სამარცხვინოდ, აშკარაა აგრეთვე ტრაიბალისტური მოტივაციაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (სასამართლო მართლაც არაა ვალდებული პოლიტიკური ვითარება გაითვალისწინოს) ეს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისითაც ელემენტარული იდიოტიზმია: მოსამართლეები აპელირებდნენ 1991 წლის კონსტიტუციასა და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ამ კონსტიტუციის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე; მაგრამ საქართველოს დღეს მოქმედ კონსტიტუციაში «1991 წლის კონსტიტუცია» არც ერთხელ არ არის ნახსენები. უფრო მეტიც, მოქმედი «ძირითადი კანონის» მთელი იდეოლოგია მიმართულია «1991 წლის კონსტიტუციის» უარყოფისაკენ და აღიარებულია 1921 წლის კონსტიტუცია.
    გარდა ამისა, არავითარი «1991 წლის კონსტიტუცია» იურიდიულ ბუნებაში არ არსებულა და არ არსებობს. არსებობდა 1921 წლის კონსტიტუცია და შემდგომდროინდელი, კომუნისტური რეჟიმის მიერ შეთითხნილი კონსტიტუციები, რომელთაგან უკანასკნელში (ბრეჟნევის 1977-78 წლების კონსტიტუციაში) ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა.
    მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა დაიცვას 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია - ამის ნაცვლად დაიცვა ბრეჟნევის «საბჭოთა კონსტიტუცია», რომელსაც არანაირი იურიდიული, პოლიტიკური და ისტორიული ღირებულება არ გააჩნდა.
    ამ კონსტიტუციის ღირებულება საპირფარეშოს ქაღალდისას არ აღემატება.
    ვითომ არ იცოდნენ, ყოველივე ეს საკონსტიტუციო სასამართლოს «ღირსმა მამებმა»? საეჭვოა არ სცოდნოდათ! მაგალითად, შეუძლებელია მათ არ სცოდნოდათ, რომ ვთქვათ 1991 წლის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი «1991 წლის კონსტიტუციიდან» კი არ გამომდინარეობს, არამედ პირიქით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის არსს და ფაქტობრივად 1995 წლის კონსტიტუციის საფუძვლებს წარმოადგენს.
    საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დღევანდელ საქართველოში ძალზე საშიში პრეცედენტი შექმნა. მან კომუნისტურ წარსულში დაგვაბრუნა, ნაცვლად იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოეკვეთა ეს წარსული, რომელიც კვლავაც უმძიმეს ტვირთად გვაწევს და ჭაობში გვექაჩება.
    თუ არსებობს ასეთი ცნება «იურიდიული დემაგოგია», სწორედ იგი მიესადაგება საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ არგუმენტს. აქაოდა, პარლამენტმა ზემოხსენებული კანონით დაარღვია მოქმედი კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც კრძალავს შრომითი ხელშეკრულების არამოტივირებულ შეწყვეტას.
    ეს მართლაც პირწავარდნილი დემაგოგიაა! კანონი «საერთო სასამართლოების შესახებ» მოქმედ მოსამართლეებს არ უკრძალავდა თავადაც ჩაებარებინათ გამოცდები და შეენარჩუნებინათ თანამდებობა. თვით გამოცდების ობიექტურობაში ეჭვი არავის შეუტანია. რაიმე საფუძველი რომ არსებულიყო ეჭვისა, ნამდვილ ისტერიკას ატეხდნენ; მაშასადამე, აქ საქმე ეხება კვალიფიკაციას. მოქმედი მოსამართლეებისათვის ეს გამოცდები, ფაქტობრივად ატესტაცია იყო. კი ბატონო, ჩაებარებინათ გამოცდები და შეინარჩუნებდნენ ადგილს, თუ ვერ ჩააბარებდნენ (ანუ ვერ დაადასტურებდნენ თავის კვალიფიკაციას) მაშინ, რა თქმა უნდა, გამოეთხოვებოდნენ «თბილ სკამს».
    რატომ არის ეს არამოტივირებული შეწყვეტა? იმაზე მეტი მოტივი რაღა უნდა იყოს, რომ მოსამართლე (მით უმეტეს, მოსამართლე, ვისაც ადამიანის ბედი აბარია) თავისი კვალიფიკაციით დაკავებულ თანამდებობას და ფუნქციას არ შეესაბამება? ამ ლოგიკით, მაშინ გამოდის, ნებისმიერი ატესტაცია უკანონოა. მაგალითად, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ჩაატარებს ატესტაციას ექიმთა კვალიფიკაციის შესამოწმებლად ან (რაც არსობრივად ერთი და იგივეა) გამოაცხადებს გამოცდებს ამა თუ იმ სამედიცინო პოსტის დასაკავებლად, ესეც უკანონო იქნება, ვინაიდან მოქმედმა ექიმებმა შეიძლება ვერ დაამტკიცონ თავიანთი კვალიფიკაცია, ხოლო ვადამდე (შრომითი ხელშეკრულების დამთავრებამდე) მათი უფლებამოსილების შეწყვეტა «არამოტივირებულად» ჩაითვლება.
    მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ხშირად ამგვარი გამოცდა-ატესტაციების ჩატარება მართლაც შეიძლება აბსურდულად ჩაითვალოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნებისმიერი შრომითი ხელშეკრულება აზრს კარგავს ან მასში უნდა იყოს გათვალისწინებული ვადა, მაგრამ მოსამართლეთა შემთხვევაში სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, - ისინი მოსამართლეებად დამტკიცებულნი იყვნენ 1978 წლის ბრეჟნევის კონსტიტუციის საფუძველზე. ნუთუ 1995 წლის დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე კანონს მასზე აღმატებული იურიდიული ძალა არა აქვს?
    მაგრამ ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური ზრახვები იმალება. ცხადია, «საერთო სასამართლოების შესახებ» კანონის შემოქმედნი ან თვით რეფორმის ინიციატორები ითვალისწინებდნენ: სასამართლოები და მოსამართლეები ფაქტობრივად ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც კომუნისტური ეპოქიდან პირდაპირ გადმოგვყვა.
    პრეზიდენტის ინსტიტუტი, ადგილობრივი მმართველობები, გამგებლები, სამხარეო ადმინისტრაცია - ეს ყოველივე სრულიად ახალია;
    ხაზს ვუსვამ: შეიძლება (დავუშვათ) გამგებლის, გუბერნატორის, პრეზიდენტის პოსტი იმ ადამიანს ეკავოს, რომელიც მანამდე «ცკ»-ს ან «რაიკომის» მდივანი იყო, მაგრამ აქ საუბარი ინსტიტუციაზეა და არა პერსონალიაზე.
    მოქმედი მოსამართლე კი (როგორც ინსტიტუტი) უწყვეტად, უცვლელად, ხელშეუხებლად შემოვიდა ახალ სისტემაში. ფაქტობრივად, ამით საქართველოში გრძელდებოდა კომუნისტური ეპოქა.
    ეს გარკვეულწილად სიმბოლური ნაბიჯიც იქნებოდა, - ხალხის თვალწინ ახალი საქართველო საბოლოოდ ჭრიდა ყველა იმ ძაფს, რომელიც მას კომუნისტურ საქართველოსთან აკავშირებდა. მაგრამ «საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ» უკანასკნელად იძია შური, უკანასკნელად შემოგვაორთქლა საფლავიდან თავისი სიმყრალე: მოსამართლეთა გამოცდები საზოგადოებისათვის, ქართველი ხალხისათვის, რომელსაც ჭირის დღესავით სძულდა და ეზიზღებოდა კომუნისტური რეჟიმი, გახდებოდა თვალსაჩინო დადასტურება იმ ეპოქის საბოლოო დამარხვისა.
    დიახ, ამ რეფორმით საბოლოოდ დაიმარხებოდა საზოგადოება, სადაც ნაძირალა მოსამართლე, დისიდენტური მოღვაწეობისათვის იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას უსჯიდა ნაზი შამანაურს, იმავდროულად კი ქრთამს იღებდა «ცეხავიკისაგან», რომელიც, თავის მხრივ, რაიკომის მდივანს უყოფდა «წილს». რაიკომის მდივანი ცკ-ს მდივანთან შეთანხმებით მოსამართლის თანამდებობას 50 ათას რუბლად ყიდდა. დიახ, იმ რუბლად, იმ ასმანეთიანებად (ხომ არ დაგავიწყდათ?), რომელზედაც ლენინის თავი იყო გამოსახული.
    მთელ ამ სიბინძურეში იხრჩობოდა ქართველი ხალხი 70 წლის განმავლობაში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ მას წაართვა უაღრესად მნიშვნელოვანი, - რწმენა, რომ წარსული დაიმარხა და ვეღარ ააყროლებს თავისი სიბინძურით.
    შესაძლოა იმ მოსამართლეთა შორის, ვინც გამოცდებს წარმატებით ჩააბარებდა, «ძველი მოსამართლეებიც» ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია წარსული სისტემის საჯარო «მოკვეთა». საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ «განმათავისუფლებელი», ეროვნული კათარზისის ტოლფასი ვერდიქტის წინააღმდეგ გაილაშქრა.
    ამრიგად, მან მიიღო არა მხოლოდ იურიდიულად უკანონო, არა მხოლოდ პოლიტიკურად გაუმართლებელი და უდიდესი ზიანის მომტანი, არამედ ზნეობრივად ერთობ საეჭვო გადაწყვეტილება.

მერიდიანი, 6 ნოემბერი, 1998 წ.