სკანდალი «რუსთავი 2»-ის გარშემო სულ უფრო მძაფრდება

სკანდალი «რუსთავი 2»-ის გარშემო სულ უფრო მძაფრდება

 

    ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეკომპანია «რუსთავი-2»-ის ინციდენტთან დაკავშირებულმა ძალებმა და დაპირისპირებულმა მხარეებმა «პარალელური» პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და სცადეს, საზოგადოება თავიანთ სიმართლეში დაერწმუნებინათ.
    ყველაზე საინტერესო კი მთელ ამ ისტორიაში მაინც ის არის, რომ ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა საინტერესო განცხადება «მოქალაქეთა კავშირიდან» გასვლის შესახებ, რაც, მისი თქმით, გამოწვეულია მმართველი პარტიის პოზიციით ზემოხსენებულ დაპირისპირებაში.
    ფიქრია ჩიხრაძე განაწყენებულია იმით, რომ «მოქალაქეთა კავშირმა» მის მის მოწინააღმდეგეებს დაუჭირა მხარი. თუმცა, ბოლომდე ჯერ გაურკვეველია, მაინც რაში გამოიხატება «მოქალაქეთა» მხრივ «რუსთავი-2»-ის მხარდაჭერა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარეს აქვს სათანადო არგუმენტები - ფიქრია ჩიხრაძე საკუთარი პარტიისაგან დაცვასა და მხარდაჭერას ელოდა, ხოლო «მოქალაქეებს» შეეშინდათ, რომ დამოუკიდებელი კომპანიის დახურვასთან დაკავშირებული ხმაური შელახავდა, მთლიანობაში, ხელისუფლების პრესტიჟსა და ავტორიტეტს.
    მით უმეტეს, რომ დაპირისპირებაში აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელიც აღმოჩნდა ჩართული. «მოქალაქეთა კავშირი» უკვე მეორედ დგება არასასურველი არჩევანის წინაშე და ცდილობს დაიცვას «ოქროს შუალედი» პარტიული დისციპლინის პრინციპებსა და პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის.
    პირველად ეს დილემა წარმოიშვა ედპ-სა და თეატრალურ ინსტიტუტს შორის შტაბ-ბინის თაობაზე გამართული დავისას. პოლიტიკურმა პრაგმატიზმმა აიძულა «მოქალაქეები», პარლამენტში თავისი მოწინააღმდეგის - «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისათვის» დაეჭირათ მხარი, რითაც თეატრალური ინსტიტუტის ხელმძღვანელობა განაწყენდა.
    რაც შეეხება ფიქრია ჩიხრაძეს, იგი არასდროს ყოფილა შებორკილი განსაკუთრებული ვალდებულებებით მმართველი პარტიის მიმართ. «მოქალაქეთა კავშირის» სიაში იგი ფაქტობრივად შემთხვევით აღმოჩნდა მას შემდეგ რაც ჯუმბერ პატიაშვილის წინააღმდეგ გაილაშქრა და იგორ გიორგაძესთან დაპირისპირების გამო ედუარდ შევარდნაძეს დაუჭირა მხარი, რაკი იგორ გიორგაძე და მისი ბანდა უდიდეს ბოროტებად მიაჩნდა.
    ასეა თუ ისე, «მოქალაქეთა კავშირში» მიმდინარეობს ერთგვარი «თვითგამორკვევის» ობიექტური პროცესი, რომელიც შეიძლება ორგვარად დასრულდეს: ან ეს პარტია თანდათანობით დაიშლება, ან პირიქით - შენარჩუნდება მძლავრი და სტაბილური ბირთვი, რომელიც ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა. პარადოქსია, მაგრამ, ორივე შემთხვევაში მიზეზი საზოგადოების მენტალიტეტში უნდა ვეძიოთ.

«მერიდიანი», 30 ივლისი, 1996 წელი