სირთულე კიევურად

სირთულე კიევურად

  დღეს საქართველოს პრეზიდენტი კიევში მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა ეგრეთ წოდებული «არაფორმალური სამიტი». რასაკვირველია, «არაფორმალურ» და «ფორმალურ» სამიტებს შორის დიდი განსხვავება ნამდვილად არ არის, ვინაიდან დსთ-ის სამიტების გადაწყვეტილებები თითქმის არასდროს სრულდება – განურჩევლად იმისა, «ჰალსტუხებით» შეხვდებიან პრეზიდენტები ერთმანეთს თუ «უჰალსტუხოდ».
      საერთოდ, ეს სამიტები წმინდად ფორმალური ხასიათისაა. უფრო ზუსტად, მათ მხოლოდ ორი ფუნქცია აქვთ და ორივე რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს: დაადასტუროს კრემლის გეოპოლიტიკური სივრცის არსებობა და შექმნას ფონი რუსეთის ურთიერთმოქმედებისთვის ამა თუ იმ სახელმწიფოსთან ორმხრივ ფორმატში.
        აქ უნდა აღინიშნოს სწორედ რუსეთის ურთიერთმოქმედება, ვინაიდან ნებისმიერ სხვა ორ ქვეყანას დსთ-ის გარეშეც შეუძლია ურთიერთობის გარკვევა. ასე ურჩევნიათ კიდეც. მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს სულაც არ სჭირდებათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა შეხვედრები ერთმანეთთან ურთიერთობის გასარკვევად – ისედაც ყველაფერი გარკვეული აქვთ და დათმობას არ აპირებენ.
        ამდენად, კიევში დაგეგმილი ეგრეთ წოდებული «კავკასიური ოთხეულის» შეხვედრა სრულიად უნაყოფო იქნება. ეს არც არის განსაზღვრული (ზოგადად) როგორც «უჰალსტუხო სამიტის» მთავარი მოვლენა. მთავარი მოვლენა (რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ზემოხსენებულ ფორმატში) იქნება პუტინის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და მისივე წინადადება დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტის – ლეონიდ კუჩმას არჩევის შესახებ.
        ეს პუტინის გონებამახვილური ინტრიგაა იმ ვითარებაში, როდესაც იგი გააფთრებით ცდილობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში რუსეთის «წონის» კიდევ უფრო გაძლიერებას. ასეთი ფორმით კუჩმას «გათავმჯდომარეობა» პუტინის გავლენას უფრო გაუსვამს ხაზს. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც კიევში ჩასვლას, როგორც ჩანს, არ აპირებენ თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი და უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი. პირველი კრემლს ტერაქტის მოწყობაში ადანაშულებს. უზბეკეთის ლიდერს კი ამ ქვეყანაში ამერიკული სამხდერო ბაზის დაფუძნების შემდეგ «ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად». გარდა ამისა, უზბეკთა ლიდერს არც ლეონიდ კუჩმას თავმჯდომარეობა ეპიტნავება, მაგრამ ამას ღიად არ ამბობს – ევროპაში ვიზიტი მოიმიზეზა.
        მაშასადამე, კიევის «უჰალსტუხო» სამიტის მთავარი მოვლენა (რუსეთისთვის) ლეონიდ კუჩმას დსთ-ის თავმჯდომარედ არჩევა იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრას, ვლადიმირი პუტინი მას «საშუალედო მნიშვნელობას» ანიჭებს, რაკი უკვე ცხადია, რომ პოლიტიკური დისპოზიცია გამოიკვეთა: საქართველო არ აპირებს უკანმოუხედავად დაპირისპირებას რუსეთთან იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთს (უპირველესად, ამერიკის შეერთებულ შტატებს) ჩვენთვის მხარდასაჭერად არ სცალია. ედუარდ შევარდნაძე, როგორც ჩანს, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაარწმუნოს პუტინი შეწყვიტოს სარკინიგზო შემადგენლობის მოძრაობა აფხაზეთში და პასპორტების გაცემაც შეაჩეროს.
        ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რუსეთი ორივე საკითხს «გაყინავს» დაახლოებით იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს იმყოფება: მატარებლის მოძრაობა არ მიიღებს რეგულარულ ხასიათს, არ გაგრძელდება მოსკოვამდე (ჯერჯერობით), ხოლო რუსული პასპორტების გაცემა შემოიფარგლება სსრკ-ის პასპორტში შტამბის ჩარტყმით. ნამდვილ პასპორტებს (ჯერჯერობით) აფხაზი სეპარატისტები ვერ მიიღებენ.
        შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ექნება საშუალება, კიევის შეხვედრის შემდეგ კიდევ 6 თვით გაუგრძელოს სამშვიდობო ძალებსა და გაეროს დამკვირვებლებს მანდატის ვადა. რუსეთისთვის ამგვარი მიდგომა ხელსაყრელია, ვინაიდან სინამდვილეში, როგორც არაერთგზის ითქვა, რკინიგზაც და პასპორტებიც მას სჭირდება თბილისის შანტაჟირებისთვის გაზაფხულზე, როდესაც დადნება თოვლი უღელტეხილებზე და ისევ გამწვავდება «პანკისის პრობლემა».
        იმისათვის, რათა კრემლმა ვერ შეძლოს ამ ბერკეტის გამოყენე:ბა, აუცილებელია «ძალოვანთა» სრული მობილიზაცია და შარშან მთლიანობაში წარმატებით განხორციელებული სპეცოპერაციის გაგრძელება.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ისევ მიიღებს უამრავ პროპაგანდისტულ და ფაქტობრივ კოზირს მთავარი ბერკეტის ასამოქმედებლად. მაგრამ იმ ვითარებაში რაც ამჟამად შეიქმნა, აბსოლუტურად გაუგებარია ზოგიერთი უწყების მოქმედება. მაგალითად, გუშინ რუსეთის საინფორმაციო მანქანა ლამის «აფეთქდა» მეხთატეხით რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შემოუშვებლობის გამო. ეს მიიჩნიეს «ბლოკადის» თაობაზე საქართველოს მუქარის განხორციელებად მაშინ, როდესაც (თურმე ნუ იტყვით), თბილისში აღდგა ბუნებრივი აირის მოწოდება.
        ერთი სიტყვით, შევარდნაძე-პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე თვითმფრინავის გადაფრენაზე უარის თქმა ნამდვილი «მისწრება» აღმოჩნდა რუსი პროპაგანდისტებისთვის - თავიანთი პრეზიდენტისთვის მომგებიანი ფონის შესაქმნელად. ახლა ნებისმიერი ნაბიჯი უკვე დაგვიანებულია: ის თვითმფრინავი ბათუმში რომც დაეშვას, პროპაგანდისტულ და პოლიტიკურ ფონს აღარაფერი ეშველება. რუსეთმა შეძლო დაეფიქსირებინა, რომ ჯერ კიდევ შეხვედრამდე სწორედ საქართველო წავიდა კონფრონტაციაზე. როგორც ირკვევა, არც ტრანსპორტის სამინისტრომ და არც საავიაციო დეპარტამენტმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო აკრძალვის თაობაზე (მაინცდამაინც შეხვედრის წინა დღეს) გადაწყვეტილება, რომელიღაც «საშუალო რგოლმა» მიიღო, - 100 ათასი დოლარის ვალის მომიზეზებით მაშინ, როდესაც საქართველოს ვალი ბუნებრივი აირის სახით რუსეთის მიმართ 100 მილიონს აღწევს.

დილის გაზეთი, 28 იანვარი, 2003 წელი