სვანეთში სიტუაცია იძაბება

სვანეთში სიტუაცია იძაბება

        ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ მოზაიკაში კიედვ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, არცთუ ადრე უცნობი, მაგრამ დღემდე «მთვლემარე» ფაქტორი ჩნდება.

        ხელისუფლების მხარდამჭერი «სვანური» მოძრაობის შექმნის შემდეგ, სვანეთში მოქმედმა დაგჯუფებებმა იგრძნეს, რომ სახელისუფლებო პროცესი მათ შეიძლება უშუალოდ შეეხოთ, ვინაიდან მოძრაობის ლიდერებს არა მხოლოდ პრვიილეგიები,უ ფლებები და კვოტები, არამედ გარკვეული პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ რეგიონში პროცესთა მართვის თვალსაზრისით. სწორედ ეს არის აქ განმსაზღვრელი და არა ის, თუ რომელი მხარე უერთგულებს ხელისუფლებას და რომელი – ოპოზიციას.
        სვანეშთი, ისევე როგორც საქართველოს რეგიონთა უმრავლესობაში, ამგვარი დისკურსი, ან საერთოდ გამორიცხულია, ან არათვისებრივი (ფორმალური) ხასიათისაა.
        ბუნებრივია, ყურადღებას იპყრობს ისეთი «დამთხვევები», როგორიც არის, ამის შემდეგ თბილისის ცენტრში ჯანსუღ ჩარკვიანის სიძეზე (ჯონი გიგანზე) თავდასხმა, რასაც კინაღამ ათეულობით ადამიანი შეეწირა, გიორგი ფილფანის იდუმალებით მოცულიგატაცება და ვითარების დაძაბვა სვანეთში (მათ შორის, კოდორის ხეობაში) დისლოცირებულ სამხედრო ფორმირებათა დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.
        შესაძლოა, ეს თემა მომავალი დაპირისპირების კატალიზატორადაც გადაიქცეს და სვანეთი, პირველად 1990 წლიდან, პარტიულ ამბიციათა შეჯახების ასპარეზად იქცეს.
        ადრე იქ ამგვარი რამ (განსხვავებით სამეგრელოსა და კახეთისაგან) არასდროს მომხდარა. ყველა არჩევნებში დისპოზიცია თავიდანვე გარკვეული იყო, დაწყებული 1990 წლის 28ოქტომბრის არჩევნებიდან, დამთავრებული 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით.
        მაგრამ ამგვარმა ვითერაბამ არცთუ კეთილისმოყფლად იმოქმედა სვანეთში კრიმინოგენულ ვითარებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში აღიარებენ, რომ სვანეთს და კოდორის ხეობას (თუმცა, დალი-სვანეთს თავისი სპეციფიკა აქვს) არაფორმალურად აკონტროლებს რამდენიმე საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება, რომელთა თანხმობის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სერიოზულ რისკს უკავშირდება.
        ამ დაჯგუფებებს «თათი» აქვთ დადებული თბილისში რამდენიმე ბიზნესსფეროს მნიშვნელოვან სეგმენტებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილობრივ უბადრუკ «ბიზნესზე», რომელიც ამ და სხვა მიზეზების გამო, ფაქტობრივად, არ ვითარდება.
        ამ სოციალურ კატეგორიას კატეგორიულად არ აძლევს ხელს რაიმე სახის «ლეგალიზაცია» და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან პროცესთა ნებისმიერ პოლიტიზებას _ არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის თუ ხელისუფლების სასარგებლოდ.
        ეს მოტივი უდევს საფუძვლად, აგრეთვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის გაყოფის მოთხოვნას.
        თვით გიორგი ფილფანის გატაცებაც ამ მხრივ საკმაოდ სიმპტომატურია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რუბენ ასანიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, ფილფანი გაიტაცეს არა გამოსასყიდის მიზნით, არამედ დაქირავებული მშენებლების მიმართ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო.
        რასაკვირველია, ეს შესაძლებელია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ფილფანი ადგილობრივმა კლანებმა და კრიმინალურმა ბანდებმა ბიზნესის მათთან «შეუთანხმებლობისა» და წილის გადაუხდელობის გამო მოიტაცეს.
        საქართველოს რეგიონთა დიდ ნაწილში, საბედნიეროდ, ეს უკვე გამორიცხულია – ბიზნესმენები «ეთნიკური ნიშნით» ადგილობრივ ბანდ-ჯგუფებს წილს არ უხდიან, მაგრამ სვანეთში ასეთი რამ კვლავაც რეალობაა და აქ განსაკუთრებულ როლს ასრულებს სწორედ ახლომდებარე კოდორის ხეობა, სადაც არანაირი კანონი და ძალაუფლება არ ვრცელდება.
        შესაბამისად, არ შეიძლება ადგილობრივ კრიმინალთა განაწყენება და შეშფოთება არ გამოეწვია თბილისის გეგმებს, რომლებიც სასაზღვრო და სხვა შეიარაღებულ ფორმირებათა დაკომპლექტების ნაწილობრივ ექსტერიტორიულობის პრინციპს ითვალისწინებს.
        ჯერ კიდევ 1994 წლიდან, ყველა ეს ფორმირება კომპლექტდებოდა ადგილობრივი მცხოვრებლებით. კოდორის ხეობაში კი ეს თითქმის ასი პროცენტით ხდებოდა. გათვალისწინებული იყო შესაბამისი სახელფასო ფონდი, აღჭურვილობა, იარაღი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ამ ფორმირებათა დიდი ნაწილი (თუ მთლიანად არა) დაუყოვნებლივ მოექცა იმავე დაგჯუფებათა და კლანთა გავლენის სფეროში.
        თავის დროზე ამგვარი გადაწყვეტილება კარგი ცხოვრებით არ იყო განპირობებული (მაშინ საქართველოს სახელმწიფოს კიდევ უფრო მწირი რესურსები ჰქონდა(, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ნორმალური სისტემის აღდგენა (არადა, ექსტერიტორიულობა ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის ძალისმიერ ქვედანაყოფთა დაკომპლექტების უმთავრესი პრინციპია) მრავალ ხიფათს და სირთულეს წააწყდება.
        მაშასადამე, შეიძლება ვივარაუდოთ (ღმერთმა ქნას არ გამართლდეს), რომ უახლოეს მომავალში, მით უმეტეს, არჩევნების მოახლოების კვალობაზე, სვანეთთან დაკავშირებულ ექსცესთა რაოდენობა სულ უფრო მოიმატებს.

დილის გაზეთი, 13 მაისი, 2003 წელი