სეპარატისტებმა გალურ თხილზე კბილები წაიმტვრიეს

სეპარატისტებმა გალურ თხილზე კბილები წაიმტვრიეს

        ედუარდ შევარდნაძის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და თვით საარჩევნო პროცესის დამთავრება თავისებურად აღნიშნეს ქართველმა პარტიზანებმა.
        უკანასკნელი მონაცემებით, სოფელ თაგილონთან მომხდარი შეტაკებისას ე.წ. «აფხაზი მილიციელი» მოკლეს. სამი მათგანი დაჭრილი გადაიყვანეს სოხუმის საავადმყოფოში, სადაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსმა სამხედრო ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. ერთი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.
        საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები, ისევე, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციოზი, აცხადებენ, რომ შეტაკება თვით «აფხაზ მილიციელებს» შორის მოხდა «თხილის ბიზნესის» გამო. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, - «თხილის ბიზნესის» პერიოდი კარგა ხნის წინათ დამთავრდა აფხაზეთში, მაგრამ ოფიციოზმა, რა თქმა უნდა, ასე უნდა ილაპარაკოს, რათა სეპარატისტებს მათთვის სასარგებლო «საინფორმაციო ტალღის» აგორების საშუალება არ მივცეთ.
        მეორე მხრივ, თუ ეს აქცია ქართველმა პარტიზანებმა განახორციელეს – მაშასადამე, ხმები აფხაზეთში «პარტიზანული მოძრაობის» დამთავრების შესახებ ძლიერ გადაჭარბებული ყოფილა - «ტყის ძმებმა» და «თეთრმა ლეგიონმა» შეინარჩუნეს ბრძოლისუნარიანობა და კვლავაც მზად არიან მტერს სერიოზული ზიანი მიაყენონ – ყოველ შემთხვევაში, სამურზაყანოში მაინც არ მისცენ თავისუფლად პარპაშისა და აფსუანური იურისდიქციის განხორციელების საშუალება.
        მთავარია, ეს დარტყმები იყოს «წერტილოვანი», რათა არ განმეორდეს 1998 წლის მაისის ვითარება, როდესაც პარტიზანებმა «მეტისმეტი» მოინდომეს, მარულები გამართეს და სეპარატისტებს ფართომაშსტაბიანი ოპერაციების განხორციელების საშუალება მისცეს.
        გარდა ამისა, 1998 წლის შემდეგ კავკასიაში ბევრი რამ შეიცვალა – მძვინვარებს ომი ჩეჩნეთში, რომელმაც საქართველოს ორმაგი სარგებელი მოუტანა: ჯერ ერთი, სრულებით დისკრედიტირებულნი არიან ე.წ. «აფსუა-ადიღეური ხალხები», რომლებიც მშვიდად შესცქერიან «მოძმე ჩეჩენი ერის გენოციდს»; გარდა ამისა, რუსეთიც დაინტერესებულია დაარწმუნოს საქართველო, რომ ხელს აღარ შეუშლის «ტერიტორიული მთლიანობის აღდეგნაში», თუ საქართველოც ასეთივე პოზიციას დაიკავებს მის მიმართ.

7 დღე, 17 აპრილი, 2000 წელი