სახელმწიფო ვერ დაიღლება

სახელმწიფო ვერ დაიღლება

    ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ აჭარის თემატიკა ქართული პოლიტიკის დომინანტი ხდება. ეს არა მხოლოდ «ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი შედეგია, რაკი აჭარის ხელისუფლებამ საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა (ესოდენ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ედუარდ შევარდნაძის უშუალო გარემოცვის მრავალ წევრსაც კი არ ჰქონია), არამედ ახალი ხელისუფლების წინაშე ერთბაშად წამოჭრილი პრობლემების ნაკრები, მათი «მტკივნეული კვანძი», რომელთა გადაჭრის გარეშე არათუ წინარევოლუციური დაპირებების შესრულება, არამედ საერთოდ, ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა შეუძლებელია.
    აჭარის რეჟიმი ამ მხრივ ერთგვარ «სასინჯ ქვად» იქცა, მაგრამ არა მხოლოდ. ვინაიდან ბევრი ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაც მჭიდროდ უკავშირდება აჭარის ტერიტორიაზე გამავალი რესურსების კონტროლს.
    მხარეებმა უკვე განვლეს «უკანმოუბრუნებლობის» წერტილი», რის შემდეგაც სტრატეგიული კომპრომისი შეუძლებელი ხდება.
    განმეორებითი არჩევნები აჭარაში ჩაიშალა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აჭარაში ვერ აირჩიეს, გრძელდება ჟურნალისტების ცემა, კამერების დამტვრევა; უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თარეში და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ბუნებრივად ღლის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც იწყებს ყრუ დრტვინვას: «როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?», «ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყოველივეს ბოლო?», «გადაჭრან ბოლოს და ბოლოს ეს პრობლემა»«სადამდე ვიცხოვროთ სტრესის ვითარებაში? « და ასე შემდეგ.
    არადა, ალბათ, უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ საქართველო არ არის და ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება შვეიცარიასავით «აწყობილი» და საათივით გამართული მექანიზმი.
    გართულებებს, უბრალოდ, ვერ ავიცილებთ თავიდან და ვერც ხელისუფლებას მოვთხოვთ, მკაფიოდ გვითხრას, «როდის მოეღება დაძაბულობას ბოლო, როდის დამშვიდდება ქვეყანა».
    საზოგადოებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო ვერ დაიღლება და ვერ შეწყვეტს მუდმივ ძალისხმევას - თავისი ინტერესების დასაცავად. უფრო მეტიც: სიმშვიდე და სტაბილურობა იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფოს სტრატეგიული პრობლემები აქვს გადასაწყვეტი, სწორედაც ყველაზე საშიში, მომაკვდინებელი სიმპტომი შეიძლება იყოს.
    რევოლუციის ავტორები მშვიდ ცხოვრებას არ შეგვპირებიან. და ასეთი ცხოვრება არც გვექნება უახლოესი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში.
    როგორ გამოვლინდება და რაში გამოიხატება დაძაბულობა, - მომავალი გვიჩვენებს. არც ერთი სცენარი გამორიცხული არ არის, რაკი სახელმწიფო ცდილობს განვითარდეს და მის წინაში არსებული პრობლემები გადაჭრას.
    ბევრი მიმართულებით, დაძაბულობა და დაპირისპირება (როგორც ინტერესთა ღრმა კონფლიქტის გამოხატულება) უდავოდ პერმანენტული იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თაობისთვის მაინც.
    ამას უნდა შევურიგდეთ და ვცადოთ, სახელმწიფომ თანდათან დააგროვოს რესურსები სტრატეგიული პრობლემების გადასაჭრელად - ჯერ «აჭარის რეჟიმის», შემდეგ, მასზე დაყრდნობით, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების, ეკონომიკური საზღვრების კონტროლის, სამხედრო პოტენციალის ზრდის, აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრის და სხვა.
    სანამ სახელმწიფო არსებობს, მისი ფუნქცია სწორედ ამგვარი პრობლემების გადაჭრაა და არა სიმშვიდისა და უზრუნველობის დამკვიდრება, რაც ჩვენს პირობებში თანდათანობითი კვდომის გამოვლინება თუ იქნება.
    პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მხრივ ნამდვილად არ არის შემთხვევითი ფიგურა. ისევე, როგორც მთლიანად ახალი ხელისუფლება. «მშვიდ ცხოვრებას» ისინი ჩვენ არასდროს დაგვპირებიან (ვიმეორებ) და ვერც დაგვპირდებოდნენ.

მარტონი პრეზიდენტთან

    მთავრობის ბოლო სხდომაზე, რომელიც პრემიერის არყოფნის პირობებში, პრეზიდენტს მიჰყავდა, მიხეილ სააკაშვილმა იხუმრა: «ვგავართ პერსონაჟებს ფილმიდან «მარტო სახლში» და რაც გვინდა, შეგვიძლია ის გავაკეთოთო».
    ამ ხუმრობას მედიამ საკმაოდ დიდი ყურადღება მიაქცია და სავსებით გამართლებულადაც, ვინაიდან აქ მხოლოდ ხუმრობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე - ეს იყო არატრადიციული ფორმით გამოვლენილი კოლეგიალურობა პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას მიმართ და მიხეილ სააკაშვილის ხუმრობამ ამ მხრივ ბევრად მეტი გამოამჟღავნა მათი ურთიერთობების შესახებ, ვიდრე ოფიციალური განცხადებებით შეიძლებოდა ამის გაკეთება.
    მთლიანობაში, საქართველოს მთავრობის სხდომები «ოპტიმისტური ტრაგედიის» შთაბეჭდილებას ტოვებს. პრობლემათა სიმრავლის მიუხედავად, მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა (განსაკუთრებით შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები), თუ შეიძლება ასე ითქვას, ენერგიით «ბრდღვინავენ» და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ღრმა რეფორმებს ახორციელებენ.
    ზურაბ ნოღაიდელის მხრიდან ერთობ მოულოდნელიც კი იყო თანხმობა ინდივიდუალური მეწარმეების გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ, რაც მინისტრთა კაბინეტის სრულმა შემადგენლობამ ამცნო «პირიმზის» მუშაკებს. ამ საცოდავებმა კი უმალვე ამოიცნეს სიახლის არსი: სახელმწიფომ კი გაათავისუფლა ისინი გადასახადისაგან, მაგრამ ვერავითარი ძალა, სამწუხაროდ, ვერ გაათავისუფლებს გადასახადისგან, რასაც შენობის მეპატრონეს უხდიან ფართის იჯარისათვის. სწორედ ეს იყო მათთვის ძირითადი გადასახადი და არა დამატებული ღირებულებისა თუ სამეწარმეო.
    მიუხედავად ამისა, მთავრობის აქცია (ამჯერად პირადად პრეზიდენტის ხელმძღვანელობით განხორციელებული) წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, რაკი დადასტურდა მეწარმის გადასახადისაგან გათავისუფლების პრეცედენტი.
    აქ ნამდვილად არსებობდა გარკვეული შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ამგვარი აქციები მომავალშიც უეჭველად განხორციელდება. ამრიგად, «მარტომ სახლში», მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის დაუსწრებლად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ამით ანალოგიური აქციებისათვის «მთავრობის» სახლის პატრონს» (პრემიერ-მინისტრს) ნიადაგიც შეუმზადა.
    უნდა ვივარაუდოთ, რომ «სახლში» დაბრუნებული პრემიერი მინისტრთა კაბინეტს კვლავინდებურად მშვიდად წარუძღვება, რაკი მას საკუთარი სტილი აქვს, რომელიც არ გულისხმობს «ღიპიანი მინისტრების» საწყალობელ ძუნძულს თბილისის ქუჩებში.
    სამაგიეროდ ითვალისწინებს დრო და დრო გამსვლელი სხდომების ჩატარებას რეგიონებში.
    მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, მთავრობის ახალგაზრდული მობილურობა, ჯერ-ჯერობით, დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო კონკრეტული საქმე და «მარგი ქმედების კოეფიციენტი» პირველად გამოვლინდება 2004 წლის ბიუჯეტის წარდგენისას პარლამენტში.

24 საათი