საქართველოში პრორუსული განწყობა საბოლოოდ მარცხდება

საქართველოში პრორუსული განწყობა საბოლოოდ მარცხდება

  

    ედუარდ შევარდნაძის ბოლო რადიოინტერვიუ შეიძლება მისი საგარეო პოლიტიკის ახალი შინაარსის გამოხატულებად მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მიმართ ასეთი მკვეთრი გამონათქვამები საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს ადრე საერთოდ არ ახასიათებდა, მაგრამ შევარდნაძის მთავარი თვისება მისი არადოგმატურობაა - იგი ხომ ძალიან ადვილად ეგუება ახალ პირობებს და ტაქტიკასაც იოლად ცვლის.
    ზემოხსენებული რადიოინტერვიუში ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ის ფრაზა იყო, რომლითაც შევარდნაძე ენის საკითხსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას შეეხო. მისი თქმით, სტრასბურგში, საერთო-ევროპულ უმაღლესი დონის სამიტზე ქართულად გამოსვლისას, «გაკვირვება ვერავის შეატყო, ვინაიდან ევროპაში მშობლიურ ენაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა რეაქცია მოჰყვება მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეკრებაზე ან სხვა სახის ფორუმზე ვინმე რომ გამოვიდეს არარუსულად?!»
    ყველაზე მეტად საინტერესო აქ დსთ-ს ხსენებაა. შევარდნაძეს «ბრეჟნევის ეპოქა» ან ზოგადად კომუნისტური წარსული რომ მოეყვანა მაგალითად, ეს ჩვეულებრივი იქნებოდა, მაგრამ დსთ-ს მაგალითმა ცხადყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ თანამეგობრობასაც, გარკვეულწილად, იმპერიულ-შოვინისტურ მისწრაფებებს მიაწერს. არ მახსოვს შევარდნაძის გამოსვლა 1992 წლიდან დღემდე (მით უმეტეს, 1985 წლამდე), რომელშიც ამგვარ ნოტას გაეჟღეროს: ეს რაღაც ახალია. ადრე მისთვის უცხო და მიუღებელი. გასაგებია საყვედური გენერალ ნიკოლაევის მიმართ („როდესაც საეროთ ბაზრის შექმნას, საზღვრების მოშლას მთავაზობ და ამავე დროს, საავიაციო დაბომბვით მემუქრები...“), ბუნებრივია, ისიც «სად გაგონილა, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ინტეგრაციას მთავაზობდე, ხოლო მეორე მხრივ მიზანმიმართულად ცდილობდე მეზობელი, მოკავშირე ქვეყნის სატრანზიტო ავტორიტეტის დაკანონებას?»
    მაგრამ ენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყურადღების აქცენტირება, რუსული ენის ხსენება ამ კონტექსტში, უკვე სულ სხვა, შინაარსობლივი ცვლილების მაჩვენებელია და ამ ცვლილებით შევარდნაძე ძალიან დაუახლოვდა იმ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ფენომენს, რომელმაც წარმოშვა საქართველოში ე.წ. «ეროვნული მოძრაობა» - იმ ფორმით, რომლითაც ჩვენ მას ვიცნობთ.
    შეუძლებელია ეს ცვლილება  შევარდნაძის ფსიქოლოგიური თავისებურებებით ან მისი «უკომპრომისობით», «რადიკალურობით» აიხსნას - ამ კატეგორიებით ოპერირება აქ სასაცილოც კი იქნებოდა. როგორც ჩანს, თვით საქართველოში და მის გარშემო არსებული ვითარება იცვლება შინაარსობლივად, ქმნის ახალ მიმართებებს, ახალ მოთხოვნებს, საზოგადოების სხვა განწყობას (განსხვავებულს, ვთქვათ, 1992 წლის განწყობისაგან), პრეზიდენტი კი ამის მიხედვით ახდენს საკუთარი პოზიციის, ტაქტიკის კორექტირებას, რათა არ ჩამორჩეს პროცესებს და პოლიტიკური რეალობაც გაითვალისწინოს.
    უეჭველი რეალობის თანახმად კი, საქართველოში «პრორუსული განწყობა», როგორც არა მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, არამედ ფსიქოლოგიური ფენომენი, საბოლოოდ მარცხდება და ეს, უპირველეს ყოვლისა, თვით რუსეთის ბრალია.
    1992-1993 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა რუსულ პოლიტიკურ ელიტას ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს საქართველო უკვე საბოლოოდ იყო გასწორებული მიწასთან და მისი ინტერესების გათვალისწინება საერთოდ აღარ იყო საჭირო. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა: პოლიტიკაში შინაარსობლივი ცვლილება ესოდენ მოკლე დროში, ასე იოლად არ ხდება. უკომპრომისობითა და შეურიგებლობით რუსეთმა შევარდნაძე აიძულა, მოეძებნა ისეთი პოლიტიკური და ეთნოფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელსაც იგი დაეყრდნობოდა ახალ პირობებში. აქედან გამომდინარეობს სწორედ, «მოულდნელი» მსჯელობა რუსული და მშობლიური ენის თაობაზე, თანაც არა მხოლოდ «კომუნისტურ წარსულში», არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირობებშიც.
    შევარდნაძემ, როგორც იქნა, იგრძნო, რისი აღქმაც დღესაც არაფრით სურს მის ზოგიერთ «პრორუსულ ოპონენტს»: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, ამ მოვლენებში რუსეთის როლს, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამკვიდრებას, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ნიშან-თვისებათა მოპოვებას, მსოფლიო არენაზე მიმდინარე «გლობალურ თამაშში» ჩართვას უკვალოდ არ ჩაუვლია საქართველოსთვის. ყველაფერი ეს ღრმად და მკვიდრად «დაილექა» საზოგადოებრივ ცნობიერებაში. ახლა «ცხოვრების ახლიდან დაწყება» - თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არ ყოფილა 9 მარტი და 9 აპრილი, თითქოს არ ყოფილა რუსული ტელევიზიის შხამიანი ირონია და პროვოკაციული როლი აფხაზეთის ომის დროს, თითქოს არ ბომბავდნენ რუსული თვითმფრინავები ქართულ ქალაქებს - შეუძლებელია.
    საქართველოში მოხდა შეუქცევადი, შინაარსობლივი ცვლილება, რომელსაც უკვე «აღარაფერი ეშველება».
    თუ «პოლიტიკური კომპრომისის» დოქტრინა (ანუ «მცირე ბოროტების» თეორია) დამარცხდა, იგი სხვა ზნეობრივმა და პოლიტიკურმა მაქსიმამ უნდა შეცვალოს. დავაკვირდეთ კიდევ ერთ ფრაზას შევარდნაძის იმავე ინტერვიუდან: «საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ უპირველესად ზნეობრივი არჩევანი იყო, რომელიც თავის თავში გულისხმობდა (და ახლაც გულისხმობს) მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ ეს არჩევანი არ ყოფილა მხოლოდ რაციონალური განსჯის შედეგი - წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი ასახსნელია, რატომ ღვრიდა სისხლს ქართველობა საუკუნეთა განმავლობაში საკუთარი თვითმყოფადობის, მამა-პაპათა წეს-ჩვეულების, რწმენის შესანარჩუნებლად მაშინ, როდესაც პრაგმატული კომპრომისით თითქოს უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა».
    ეს ფრაზა გაცილებით მეტის მთქმელია, ვიდრე ნებისმიერი დეკლარაცია ან საპროგრამო დოკუმენტი. იგი ძალიან ღრმა, შინაარსობლივი ცვლილების მაჩვენებელია შევარდნაძის პოლიტიკაში. ამჟამინდელი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, უკვე იმ ფასეულობათა სისტემას ეყრდნობა, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული კომპრომისის მომხრეებს მცირე შანსსაც აღარ უტოვებს.

7 დღე, 15 ოქტომბერი, 1997 წელი