საქართველოში «ლარის იდიოტები» აღარ არიან

საქართველოში «ლარის იდიოტები» აღარ არიან

             გასულ კვირას საქართველოს საფინანსო ბაზარზე თითქოსდა სერიოზული მიწისძვრა მოხდა, მაგრამ როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იგი «ჭიქა წყალში ამტყდარი ქარიშხალი იყო». ნამდვილად არ არის გამორიცხული, ამ ქარიშხლით ვიღაც-ვიღაცებმა ხელი გვარიანად მოითბეს, თუმცა, ისე ვეღარ, როგორც 2 წლის წინათ.
        შეგახსენებთ: 2 წლის წინ, დაახლოებით ამ დროს (როდესაც ქვეყნის საგადამხდელო-სავაჭრო ბალანსი ყველაზე მეტად უარესდება) მთავრობამ «თელასის» პრივატიზების შედეგად მიღებული თანხა (25-30 მილიონი დოლარი) «გადაახურდავა» და ერთბაშად გაუშვა ბაზარზე. შედეგად, ლარის კურსი 2,50 ნიშნულამდე დაეცა - დღეს კი, 2,18-იც «კრახად» გვეჩვენება.
        ამჟამად ვითარება კიდევ უფრო რთულია, ვინაიდან გასული წლის მიწურულს ქვეყნიდან 22 მილიონი დოლარი გავიდა, რასაც დაემატა ფინანსური რყევები რუსეთში (პრემიერ კასიანოვის გადაწყვეტილება «პარიზის კლუბისათვის» ვალების გადასახდელად ბიუჯეტის კორექტირების შესახებ) და განსაკუთრებით თურქეთში, სადაც საფონდო ბირჟის დამხობამ თურქული ლირის დევალვაცია გამოიწვია.
        თურქეთში სახელმწიფოებრივი კრიზისი და სამხედრო გადატრიალება (მორიგი სამხედრო გადატრიალება, ვინაიდან ამ ქვეყანაში, რუსეთის, ამერიკისა და ჩინეთისგან განსხვავებით რეალური ძალაუფლება სამხედროებს ეკუთვნით) გარდაუვალი იქნებოდა, რომ არა «წყეული, იმპერიალისტური» სავალუტო ფონდი.
        მან თურქეთს მთლიანობაში 15 მილიარდი დოლარის (!) კრედიტი გამოუყო სწორედ ფინანსური სისტემის სტაბილიზებისთვის და, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტა გადაარჩინა.
        თურქეთიც და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უეჭველად იქონიებენ ზეგავლენას ჩვენს ქვეყანაზეც. მით უმეტეს, ეკონომიკური საზღვრების სისუსტის გათვალისწინებით.
        მიუხედავად ამისა, ლარის ამჟამინდელი «დაცემის» მთავარი მიზეზი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შარშან სავაჭრო ბალანსის შედარებით გაუმჯობესებასა და წარმოების ზოგიერთი დარგის გამოცოცხლებაშია საძიებელი.
        პარადოქსია? მაგრამ ეკონომიკური თეორიისთვის ამგვარი პარადოქსები ჩვეულებრივი რამ არის.
        საქმე ის არის, რომ 2000 წლის განმავლობაში (განსაკუთრებით, სადღაც ივნისიდან) მკევეთრად გაიზარდა მოთხოვნა ლარზე. ამას შეიძლება მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდეს: ექსპორტის ზრდა და იმპორტის შემცირება. ექსპორტის ზრდა კი მხოლოდ წარმოების ზოგიერთი დარგის «საკვირველი რეანიმაციის» შედეგი შეიძლება იყოს.
        თანაც, ეს ყოველივე მაშინ, როცა გვალვის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად განადგურდა და ექსპორტი შემცირდა. ექსპორტი შემცირდა, აგრეთვე, სავიზრო რეჟიმის შედეგად - თუმცა, მხოლოდ წლის მიწურულს, რაც სერიოზული ფაქტორი ჯერ ვერ იქნებოდა.
        ამის მიუხედავად, წარმოების ზრდამ ლარზე მოთხოვნა მაინც გაზარდა. ეს ვითარება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის «დიქტატის» და «ტირანიის» შედეგად ასე თუ ისე საქართველოში მიანც შეიქმნა ჯანსაღი ეკონომიკური სისტემის პირველი ყლორტები, რომლებიც ნაყოფს უეჭველად გამოიღებენ ადრე თუ გვიან, ოღონდ კი დემაგოგმა «მემარცხენეებმა» ვერ შეძლონ მათი მოშთობა ძველი, ნაცადი მეთოდებით, ანუ, ეგრეთ წოდებული «შეღავათიანი რკედიტებით», «პროტექციონიზმითა» და სხვა მარაზმით, რაც უეჭველად «დამზადებისა და «კუპონების» აღდგენით დასრულდება.
        გასაგებია, რომ მშიერი ადამიანისთვის ასეთი «პოლიტეკონომია» მიუღებელია, მაგრამ ჯერ კიდევ კეინსი ამობდა მეცნიერული პოლიტეკონომია არ შეიძლება «ანტისახალხო» არ იყოს თავისი არსით.
        სხვაგვარი ახსნა ამ უცნაურობისა მართლაც არ არსებობს - თუკი საქართველოში არაფერი მუშაობს, ყველაფერი გაჩერებულია, ეკონგომიკა არ არსებობს, როგორ შეიძლება ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდებოდეს?
        თანაც, იზრდებოდეს იმდენად, რომ შარშან ეროვნულმა ბანკმა შეძლო 75-80 მილიონი დოლარი შეეძინა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე. ესეც არნახული მოვლენაა საქართველოსთვის. ეკონომიკა ნულის ტოლია და ამ დროს ეროვნული ბანკი ლარზე მოთხოვნას ვერ აუდის - რა ვქნა, არ ხდება ასეთი რამ, ვინც არ უნდა გაღიზიანდეს. არ ხდება და მორჩა!
        მეორე მხრივ, სწორედ ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა შეძლო 75 მილიონი დოლარის შეძენა, გახდა მიზეზი (ზემოთ ჩვამოთვლილ ფაქტორებთან ერთად) ლარის ამჟამინდელი რეჟიმისა, ვინაიდან, დოლარების შეძენასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ბრუნვაში გაუშვა დაახლოებით 150 მილიონი ლარი.
        ოღონდ, აქაც არ შეიძლება სტერეოტიპული კატეგორიებით მსჯელობა. უშუალო მიმართება (პირდაპირი პროპორცია) ბრუნვაში ლარის რაოდენობასა და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს შორის არ არსებობს. ასეთი პროპორცია რომ არსებობდეს, მაშინ დღეს 1 დოლარი 3 ან 3,5 ლარი უნდა ღირდეს, მაგრამ ასე რომ არ არის?
        მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოურ და პოსკტმოუნისტურ სივრცეზე ყველა შენიღბული კომუნისტი (გულის სიღრმეში «გოსპლანის» ნოსტალგიას რომ ატარებს) ბრუნვაში ფულის ნაკლებობაზე წუწუნებს. დგას ერთი მოთქმა-გოდება. მოსკოვიდან თბილისამდე «ცოტაა ფული ეკონომიკაში».
        ამ ხალხს ვერაფრსი დიდებით ვერსად შეაგნებინეს: ნორმალურ ეკონომიკაში ფული ყოველთვის სწორედ იმდენია, რამდენიც მას სჭირდება. მეტი შეიძლება იყოს (თუ ხელისუფლება იმდენად დედალმაშო აღმოჩნდა, საბეჭდი დაზგა ჩართო), მაგრამ ნაკლები – არასოდეს.
        ოღონდ «ეკონომიკის საჭიროება» სხვადასხვა კლანთა და ფინანსურ მაფიოზურ ხროვათა საჭიროებაში არ აგერიოთ.
        როდესაც საქართველოს ეკონომიკას ლარი დასჭირდა, ხომ ხედავთ, მან მოიპოვა 150 მილიონი ლარი და ამ ფულში, ყოველგვარი «სავალუტო ფონდის კრედიტის» ან ინტერვენციის გარეშე 75-80 მილიონი დოლარი გადაიხადა.
        დიახ, ეკონომიკამ გადაიხადა დოლარი, რათა ეყიდა ლარი, ხოლო ლარის ოდენობის ზრდა ეკონომიკისთვის მართლაც სასარგებლოა, იმ პირობით, თუ ზრდა განპირობებულია ჯანსაღი ეკონომიკური მოთხოვნით (კვლავ არ აგერიოთ, ეგრეთწოდებულ, «შეღავათიან კრედიტებში») და არ იწვევს ინფლაციას.
        იანვარ-თებერვალში, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, ლარის კურსი ქვევით წამოვიდა, მაგრამ 33,5 ნიშნულს არ მიაღწია.
        რატომ? ან თუნდაც 2,5 ნიშნულამდე რატომ არ დაეცა, როგორც 2 წლის წინათ?
        იმიტომ, რომ 1998 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებამ მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თვით ლარის შემოღების შემდეგ: შეწყვიტა ინტერვენციები და (როგორც ეკონომისტები ამბობენ), გაუშვა ვალუტა «თავისუფალ ცურვაში», 1999 წლის იანვარ-თებერვალში შეიქმნა ჩვეულებრივი სეზონური რეალობა, როდესაც მოთხოვნა დოლარზე მკვეთრად გაიზარდა, ეროვნული ბანკის რეზერვები უკევე აღარ აკავებდა ლარს, დაიწყო აჟიოტაჟური მოთხოვნა და, რაც მთავარია, მოსახლეობა მიაწყდა სავალუტო ჯიხურებს, რათა ეყიდა დოლარი.
        აქ იმუშავა ცნობილმა ფსიქოლოგიურმა სინდრომმა, რაც თვისებრივი იყო ყველა ქვეყნისათვის, სადაც «გაანთავისუფლეს» ვალუტა.
        ადამიანები მიჩვეულები იყვნენ, რომ როგორ ძვირადაც არ უნდა ეყიდათ დოლარი, შემდეგ უეჭველად შეძლებდნენ მის გაყიდვას თუ უფრო ძვირად არა, იმავე ფასად მიანც.
        ასეთი ვითარება იყო, ვიდრე ეროვნული ბანკი ახორციელებდა ინტერვენციებს. მაგრამ 1999 წლის ზამთარში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: ადამიანებმა, ვინც თებერვლის შუა რიცხვებში დოლარი იყიდეს 2,5-2,5 ლარად, ორიოდე კვირაში მისი გაყიდვა 2,2 ლარადაც ვერ მოახერხეს.
        შემდგომ კი ლარი კიდევ უფრო გამყარდა. ადამიანები (მათ გულწრფელად ვუთანაგრძნობთ) სიმწრით თმას იგლეჯდნენ, თუმცა იმ გაკვეთილს ფუჭად არ ჩაუვლია.
        სწორედ ამიტომ არ დაეცა დღეს ლარის კურსი 3-3,5 ნიშნულამდე და 2,1-ზე შეჩერდა.
        Aანუ, ლარის გათავისუფლებისა და ინტერვენციების შეწყვეტის შემდეგ ლარმა (პირველად), გარკვეულწილად, დაგროვების ფუნქციაც კი შეიძინა, რაც ადრე სრულიად წარმოუდგენელი იყო.
        ხოლო ლარის კურსის დაწევა ერთმნიშვნელოვნად უარყოფილი მოვლენა არ არის. ვალუტის დევალვაცია აძვირებს იმპორტს და ხელს უწყობს შიდა ბაზრის დაცვას.
        ანუ ესეც თქვენი «პროტექციონიზმი» - «ჰა ბურთი და მოედანი». მაგრამ ჩვენს ბიზნესმენებს უცნაური მენტალიტეტი აქვთ: როდესაც 1998 წლის შემოდგომაზე, ლარის დევალვაციის შედეგად იმპორტული საქონელი შესამჩნევად გაძვირდა, მათ, ნაცვლად იმისა, ბაზარი დაეპყროთ (დღენიადაგ ხომ ეს გვესმის, სამამულო ბაზარს არავინ იცავს იაფი იმპორტისგანო), თვითონაც გააძვირეს პროდუქცია, ფასთა წონასწორობა აღდგა ახალ დონეზე, მიიღეს სწრაფი მოგება და სამუდამოდ დაკარგეს ბაზარი.
        ახლა კი პრეტენზიითა და გონორით გვიკითხავენ ლექციებს ტელეეკრანიდან «სწორი ეკონომიკური კურსის» შესახებ.
       

დილის გაზეთი, 27 თებერვალი, 2001 წ.